ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მთავრობის მეთაურს კორუფციასთან ბრძოლის რესურსი არ ჰქონდა, თუმცა გასული ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრა – ამის შესახებ კობახიძემ პრესკონფერენციაზე ბიემჯის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, იმდენი თავსატეხი მქონდა, რაც დაკავშირებული იყო გარე ზეწოლებთან, შანტაჟთან, რევოლუციებთან და ა.შ… განა არ მეცალა, რთული იყო ერთდროულად ამდენ პრობლემასთან გამკლავება. დღეს გარედან ამხელა მცდელობაა ომში ჩაგითრიონ, შანტაჟი განახორციელონ, ზეწოლა განახორციელონ, თან მეორე თავსატეხი გაქვს ქვეყნის შიგნით რაღაცებს ბოლომდე მიჰყვე, განა არ მეცალა, მაგრამ ამის რესურსი არ იყო.
მაგრამ დღეს პასუხისმგებელი ვარ, რომ შარშანდელი ივნისიდან პერიოდში, როცა საქართველოს მთავრობაში არსებითად დასრულდა საკადრო ცვლილებები, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, კორუფციის ერთი ფაქტი თუ იქნება დაკავშირებული ზედა ეშელონის პოლიტიკოსებთან, როგორებიც არიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები – ერთ ფაქტს თუ ამოიღებთ კორუფციის, გპირდებით, რომ მყისიერად გვექნება უკომპრომისო რეაქცია ყველაფერზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2023 წელს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რამაც შედეგი გამოიღო.
“როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ რესურსზე, 2023 წლის დეკემბერში ჩვენ გვქონდა მმართველი პარტიის ყრილობა, [მას] ჰქონდა მიმართვა პარტიის წევრების და საზოგადოების წინაშე, სადაც პირდაპირი მინიშნება გააკეთა კორუფციასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ რეალურად დაიწყო პროცესები, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე.
ამ პროცესების შედეგია ის, რომ თამამად შემიძლია კონკრეტული განცხადება გავაკეთო: აიღეთ შარშანდელი ივნისიდან პერიოდი, რაზეც სრულად შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა, და თუ ერთ ფაქტს მოიტანს კორუფციასთან დაკავშირებით, პირადად ვარ პასუხისმგებელი”, – ამბობს კობახიძე
















კომენტარები