გამოცემა “პუბლიკას” ინფორმაციით, აპოლონ ქუთათელაძის ფერწერული ტილოები, რომელსაც თეა წულუკიანმა 22 სექტემბერს საპარლამენტო გამოსვლისას „გამქრალი“ უწოდა, ხელოვნების მუზეუმიდან 90-იან წლებში მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ გაიტანა. ფერწერული ტილოები, 1999 წელს, აპოლონ ქუთათელაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენისთვის გაიტანეს.
22 სექტემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მუზეუმებში ინვენტარიზაცია ჩაატარეს და „გამქრალი“ ფერწერული ტილოების ჩამონათვალი წაიკითხა. ფერწერული ტილოების სიაში აპოლონ ქუთათელაძის ტილოებიც ახსენა – „შემოდგომა გურიაში” და „შესვენება. ბალერინა”.
მინისტრის სკანდალური გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ ყარამან ქუთათელაძე ” პუბლიკასთან” ამბობს რომ ნახატები მას აქვს და არ დაკარგულა:
„გამოფენაზე იყო წაღებული და მოსატანია, მეტი არაფერი. ოჯახშია და მუზეუმში წაიღებენ.
აღარ მახსოვს, როდის იყო ეს გამოკითხვა. ეტყობა ინფორმაცია ვერ მიაწოდეს კარგად“ .
ყარამან ქუთათელაძე 2022 წლის 18 ნოემბერს სამხატვრო აკადემიის რექტორად აირჩიეს.
წულუკიანის უწყებამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ექსპონატების „გაქრობაში“ წულუკიანი მუზეუმის ყოფილ თანამშრომლებს ადანაშაულებს. საჯარო გამოსვლებში ამბობს, რომ ისინი მუზეუმიდან გათავისუფლდნენ, რადგან „ვინც ვერ იცავს ექსპონატებს, ის ვერ მუშაობს მუზეუმში“.
კომენტარები