მართვის მოწმობის აღება თუ უკვე ვერ მოასწარი, მინდა გითხრა, რომ მაგარ შარში ხარ. ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველ ეტაპს აბარებ დახურულ მოედანზე, ჩვეულებრივ, მეორე ეტაპს კი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
რეალურ საგზაო პირობებში რა იგულისხმება ხომ მიხვდი? – კი, ქუჩა.
მე არ ვიცი, როგორ უნდა იარო თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის ქუჩებში ისე, რომ არც წესები დაარღვიო ცოტათი მაინც და თან იმოძრაო. ვინმემ იცის?
ამას წინათ, ტაქსის მძღოლმა შეუხვია „პროწივზე“, მე, როგორც მოწესრიგებულ, კანონმორჩილ გოგოს, მეგონა, შეეშალა, შევწუხდი და ვამცნე, ბატონო, ესა „პროწივია“. – უნდა მიჩივლო? – რაღაცნაირი ღიმილით მკითხა. სად უნდა ვუჩივლო, ვის უნდა ვუჩივლო, არ დაჯარიმდეს, – შემეცოდა. ამოისუნთქა, არაო, აქ კამერები არააო, დამუღამებული გვაქვს, სად არაა კამერები, სად შეგვიძლია დარღვევაო.
ბათუმში ვიყავი წინა კვირას და მინივენის მძღოლი უხსნიდა ერთ მგზავრს, თბილისი ბათუმის მონაკვეთზე, რა ადგილას არ უნდა დაარღვიოს წესები, რადგან „კარგი ხარისხის კამერებია“ და არ გამოეპარება, ანუ, სხვაგან შეიძლებაო. გაგვაჩერა საპატრულო პოლიციამ ამასობაში, „ცოცხალ კამერას“ არ ელოდა და რა დაუწყიათ ეს ბოდიალი ქუჩებშიო. მოვიდა პატრულ ინსპექტორი, მე ვარ რეზიკო შანიძეო. შანიძე ბიძა მყავს, რაღაცნაირად გამიხარდა, გადავყავი თავი და მეც მივესალმე ღიმილით. გადმობრძანდით მანქანიდანო, მძღოლს და წაიყვანა.
ჩავედით მგზავრებიც. წვიმს, ქარია, სადღაც სამტრედიის მიმდებარედ ვართ, სახლი, მაღაზია, შუქი არ ჩანს ირგვლივ. ამ მძღოლს ცოცხალი თავით არ გავატანთ. „ჩვენი ოქრო“ კი არა, სულ რომ „შავი ქვა“ იყოს, ოქრო წაიღოს და მძღოლი დააბრუნოს. აღმოჩნდა, რომ უწყვეტი ღერძულა ხაზი გადაუკვთავს. რომ დაბრუნდა მანქანაში, ბაქიბუქობდა მერე, სულ ასე ვკვეთო. ახლაც მინდა, მაგრამ უკან მოგვყვებიან ჯერ და ვერაო.
რამდენიმე თვის წინ, მივდივართ მანქანით პატარა, წყნარ ქუჩაზე და წინიდან მომავალ მანქანას დავუთმეთ, გავჩერდით, გაჩერებულზე უკნიდან დაგვარტყა მანქანამ. გადავედით და მძღოლმა გვითხრა, გაჩერებული რომ იყავით იმიტომ დაგარტყით, აბა, რომ გემოძრავათ, ხომ არ დაგარტყამდითო? აბა? – ღმერთმანი, როგორ ვერ ვიფიქრეთ ეგ. ვუთხარი, რომ გაჩერებულ მანქანას რომ უკნიდან ურტყამ, ყველა ვარიანტში დამნაშავე ხარ და ისე გაუკვირდა, ისე გაუკვირდა, რომ მოვდიოდით და გავხედე, გაკვირვება აშკარად წყენაში გადასდიოდა.
წერეთელზე ვცხოვრობ და ვიღაცას აზრად მოუვიდა ზუსტად მეტროსთან (ვახუშტი ბაგრატიონზე) პატარა ველობილიკის დახაზვა, ზუსტად შუა ქუჩაზე, ასე, 10 მეტრიანი ველობილიკია. არსაიდან იწყება და არსად მთავრდება. ანუ შუა ქუჩიდან იწყება და შუა ქუჩაზე მთავრდება. სავარაუდოდ, ველოსიპედი უნდა ამოიდო იღლიაში, მიიტანო ველობილიკამდე, შემოაჯდე, გაიარო ეს 10 მეტრი ამაყად, ნელა, ნაზად, იმიტომ რომ სულ 10 მეტრია და ხომ უნდა შეირგო, მერე ჩამოხვიდე, ველოსიპედი ისევ ამოიდო იღლიაში და… უკან დაბრუნდე, წინ ვერ წახვალ, შუა წერეთელზე ხომ ვერ გადააბოტებ, შუა ქუჩაზე არც ზებრაა დახაზული, ცხადია.
რამდენს გქონიათ შემთხვევა, გაჩერებული ხართ შუქნიშანთან, წითელი ანთია და ელოდებით მწვანეს და უკნიდან გისიგნალებს ვიღაც. ანუ, ვიღაც, ადამიანი, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ზის საჭესთან, გისიგნალებს, შუქნიშანთან, წითელზე რომ ხარ გაჩერებული. რა უნდა გააკეთო, პულტი გაქვს და არ გადართე მწვანეზე? უნდა გადააფრინდე? მიწისქვეშ ჩახვიდე და შუქნიშნის მეორე მხარეს ამოხვიდე? ამ დროს, გინდა ჩახვიდე, მიხვიდე, საჭე მოუძრო მანქანიდან და წამოხვიდე, მაგრამ ამასობაში მწვანეც ინთება.
ან დგახარ წითელზე, გახედავ, წინ კიდევ სამი შუქნიშანი ჩანს, ხედავ რომ ოთხივე შუქნიშანზე ერთად ანთია წითელი, ანუ ოთხივე შუქნიშანზე გაჩერებულია ერთი და იგივე მანქანები, მერე ოთხივე შუქნიშანზე ერთად ინთება მწვანე და ისევ იგივე მანქანებით ერთად მიდიხართ. რანაირად უნდა განიტვირთოს საცობი, თუ ერთად ჩერდებით და ერთად მიდიხართ, ვერ იგებ, მაგრამ იქნებ, ვერც უნდა გაიგო?
ერთი კვირის წინ, ბათუმში რომ ვიყავი, ვდგავართ საცობში, დაწვა „კალოტკები“ ვიღაცამ ჩვენს უკან და თან გვერდით, რაღაცნაირად ირწეოდა, მოძრაობას ვერ დაარქმევდი, ისე ირწეოდა, რომ თან უკან იყო და თან გვერდით და როგორც იქნა, ასე რწევა–რწევით გამოეტია და 3 მეტრით წინ გაიჭედა, 3 მეტრის გამო „კალოტკები“ დაწვა და ცხვირი აგვიწვა, მაგრამ 3 მეტრის გადალახვით მიღწეული სიამაყის ფასი არ ვიცი, ალბათ.
და თუ გაწვიმდა? – როგორც წესი, ყველას ხომ ეჩქარება სადღაც, სულ ერთია, დილის 9 საათია, საღამოს 7 საათი, თუ შუადღის 3 საათი, ყოველთვის ყველას ხომ ეჩქარება და ხომ ვერასოდეს ამოვხსენი, ამდენი ხალხი სად მიდის დღის 3 საათზე და თან ასე როგორ ეჩქარება, ამდენი უმუშევარი ხალხი თუ გვყავს, მანქანები ვინ უყიდათ და საწვავს ვინ უსხამთ? ხოდა, თუ გაწვიმდა, ისევ ისე ეჩქარება ყველას, ოღონდ, – ნელა. ნელი სიჩქარე ყოფილა სწრაფ სიჩქარეზე საშინელი რამ, წარმოუდგენლად რთული რამ. საცობი და სიგნალი წვიმაში უნდა ნახო.
რაც მთავარია, ყველა გაბრაზებულია, ვინც არღვევს და ვინც უფრო მეტად არღვევს და ყველა ამტკიცებს, რომ ამ ქალაქში არავინ იცის ტარება მის გარდა. ავთო ამბობს, რომ ამ ქალაქში არავინ იცის ტარება მის გარდა, ნინოც ეგრე ამბობს, გიაც, ეკაც და უცნაურია, მაგრამ გიჩნდება განცდა, რომ კი, ყველაც მართალია, ავთოც, ნინოც, გიაც, ეკაც და ისინიც, ვინც ახლა გაგახსენდა ამის კითხვისას.
ცალკე ამბავია მოტოს და ავტომობილის მძღოლების რინგი, ერთი მეორეს აგინებს და მეორე პირველს, ერთი მეორეს აბრალებს საცობს და მეორე – პირველს.
ნელა მიდიხარ, – გაგინებენ – რას დაღოღავს, ტარება არ იცისო, კინაღამ ამლეწაო, ჩქარა მიდიხარ, მაინც გაგინებენ, რომელი შუმახერი ესაა, სად ეჩქარება ისე, რომ ცოცხალს არ უნდა მისვლაო და ნორმალურად ვინც დადის, იმას რას ეუბნებიან კი არ ვიცი, იმიტომ რომ ნორმალურად მოსიარულე ჯერ ვერავინ ვნახე. ცუდად ვეძებ, სავარაუდოდ.
რამდენიმე კვირის წინ, ტაქსის მძღოლმა მთხოვა, რამდენიმე წუთი უნდა გავჩერდე, მაკანკალებსო. სანამ მოვდიოდი, გზად ერთ ქუჩაზე შევუხვიე, კიდევ კარგი ძალიან ნელა მივდიოდი, მოვუხვიე თუ არა, შუა ქუჩაზე ერთი ბიჭი აჯიმანიებს აკეთებს, ორი თავზე ადგას და უთვლის, ალბათ, ნაძლევი იყო, მეც წამიგია ახალგაზრდობაში ჯოკერში წყლის თასიდან პირით ხურდა ფულის ამოღება, მაგრამ შუა ქუჩაზე აჯიმანიები? – თავს მაკვლევინებდა და მღუპავდაო. ხვალ შეიძლება ვიღაც სუშს ჭამდეს შუა ქუჩაზე დამჯდარი და ორი იდგეს და უთვლიდეს, ვინ იცის.
მოკლედ, მეორე ეტაპი პირდაპირ „ჯუნგლებში“, „მხეცებში“ ტარდება, იქ, სადაც ბრძოლა კი არადა და ტარება ლამის წესების გარეშეა, იქ, სადაც წითელზე დგომის გამო გისიგნალებენ და ზებრაზე რომ ფეხით გადადიხარ – გული უწუხთ, მანქანას აღმუვლებენ, ემანდ რატომ სირბილით არ გადადიხარ. რა „ვარსკვლავური ომები“ და რომელი „შიმშილის თამაშები“ – იქ რაღაც წესები მაინც იყო, ჩვენს ქუჩებში მთავარი წესია, როგორ დაარღვიო წესი ისე, რომ არ დაჯარიმდე. ამიტომ, შარია უკვე მართვის მოწმობის პრაქტიკის გამოცდა.
კარგი ამბავი ისაა, რომ დახურულ მოედანზე რომ ჩააბარებ პირველ ეტაპს, მთელი ერთი წელი, 365 დღე გაქვს. 365 დღეში უნდა ჩააბარო ქუჩაში გამოცდა. მეორეს მხრივ, მორალურად რომ მოემზადო, კი გჭირდება, ალბათ, 365 დღე. თუ 365 დღეში ვერ ჩააბარებ, მაშინ, გამოცდის პირველი ეტაპი ძალადაკარგულია და თავიდან უნდა ჩააბარო.
შეიძლებოდა რომელიმე შედარებით წყნარი ქალაქი შეგერჩია, მაგალითად, წავიდოდი მე ჩოხატაურში და იქ ჩავაბარებდი, მაგრამ მხოლოდ რუსთავსა და ქუთაისშიო.
არადა, დღევანდელ ბლოგში უნდა ყოფილიყო 7 ხრიკი, როგორ დაისწავლო მარტივად თეორია მართვის მოწმობის გამოცდისთვის, 7 ხრიკი როგორ ჩააბარო თეორიული გამოცდა მარტივად, მაგრამ ახლა თეორიის მარტივად ჩაბარებას ვინღა ამბობს, მთავარი ამბავია, იპოვო პროფესიონალი, რომელიც გასწავლის მანქანის ქალაქში ტარებას ისე, რომ დაარღვიო და არ დაჯარიმდე, ანუ, ისე დაარღვიო, გამომცდელიც ვერ მიხვდეს. ცხადია, ვხუმრობ ამ უკანასკნელს,
მოკლედ, მართვის მოწმობისთვის მომზადებამ „ფასი“ დაიდო ისე, როგორც არასოდეს ბოლო წლებში, ოღონდ, თანხის მხრივ ფასი არ შეცვლილა, მაგაზე არ იდარდოთ.
ვისაც გქონდათ აქამდე ჩაბარების შანსი და არ ჩააბარეთ, კი ხართ ღირსები, რამდენიმე კვირა ეძებდეთ პედაგოგებს და გაწვალდეთ, მაგრამ ბოროტი ხომ არა ვარ, თან, ამ „ჯუნგლებში“, ბოდიში მომითხოვია და ამ „მხეცებთან“, ჩემი ჩათვლით, ბატონო, მოუმზადებლად გასვლას როგორ გისურვებთ. გიტოვებთ კატალოგს მართვის მოწმობის გამოცდისთვის მოსამზადებელი ცენტრებისა, თუ კერძო პირების. სახლიდან, ოფისიდან, ქუჩიდან, ავტობუსიდან, ავტობუსის გაჩერებიდან, სკვერიდან შეგიძლია პედაგოგი შეარჩიო, სწრაფად, მარტივად და პრინციპში, ხარისხიანადაც. ეცადე ისეთი პროფესიონალი შეარჩიო, რომელთანაც კომუნიკაცია გაგიადვილდება და გირჩევ, დაკტბი პრაქტიკის გაკვეთილებით, რადგან სავარაუდოდ, მხოლოდ ამ გაკვეთილებზე შეგიძლია მანქანა ატარო ისე, რომ არავინ გაგინოს და არავის აგინო.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეს, შენც ამ „ჯუნგლების“ ნაწილი ხარ, შენც ამ „ჯუნგლებში“ დადიხარ ფეხით, თუ მგზავრის სავარძელზე, შენც ამ „ჯუნგლებში“ უნდა ატარო შემდეგ შენი „ლურჯა“, ამიტომ ძალიანაც ნუ დაიძაბები, პროფესიონალთან მოემზადე, კონცენტრირდი და აუცილებლად ჩააბარებ. ეგეთი „შარები“ გადაგვიტანია? წითელზე გვისიგნალებენ და მაინც მწვანეს ველოდებით…
(R)
კომენტარები