„ვირუსის კი არ გვეშინია, გვეშინია აი, ამ მოვლენის! თორემ ვირუსი ალბათ მეც შემხვდება და თქვენც“
„ალიას“ ესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი:
– ბოლო ინფორმაციებით, არ ველოდებით ზაფხულსა და დაცხომას და ველოდებით თვითიზოლაციით ამ ვირუსის გაქრობას. ასეა?
– აი, ეს არის მთავარი, 6-10 კვირა, ევროპისგან განსხვავებით, სინგაპურის, ჩინეთის, იაპონიის და კორეის მაგალითი ამას გვანახებს, სინგაპურში დაახლოებით საქართველოსხელა მოსახლეობაა და რეალურად ამ სწორი სტრატეგიით, ჩაკეტვით და იზოლაციით, დისტანცირებით და ასეთი შეზღუდვებით, ისინი კლების დინამიკაში ჩამოვიდნენ.
ჩვენც ჯერჯერობით გავრცელების დინამიკა გვაქვს ისეთი, როგორც აქვს ყოველი ახალი შემთხვევები ტაივანს, სინგაპურს და ა.შ. პროგნოზი ძალიან რთული გასაკეთებელია, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვართ იმ ქვეყნების გვერდით, სადაც ეს დაავადება ნელა-ნელა ვრცელდება.
– ინგლისი, ბელგია, ჰოლანდია – ეს არის ქვეყნები, რომლებმაც თქვეს, რომ გადაცემის ჯაჭვი ჩავტეხოთ ჯანმრთელი ადამიანების კონტროლირებადი დაავადებით და დაავადების გადატანის შემდგომი იმუნიტეტით.
– კი ინგლისმა ეს გეგმა წარმოადგინა, როცა თქვა, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა გადაიტანოს ვირუსი, მოდით შევუწყოთ ხელი ქრონიკული ადამიანების და ხანდაზმულები იზოლაციას და ყველაფერი დალაგდება ჩვეულ რეჟიმში. მაგრამ ახლა უკვე დაიკეტა ყველა სპორტული დაწესებულება, ყველა კაფე–ბარი, მაღაზიებიც, მშენებლობებიც ცარიელია, ლონდონის ქუჩები, ნახავდით ფოტოებს. ერთადერთ ქვეყანად ევროპაში, რომელიც ღიაა, რჩება შვედეთი და სიფრთხილით უყურებს ჯერჯერობით, მაგრამ არ ხურავენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს – სკოლებს და ა.შ. დანარჩენ ყველა ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილია, არაფერი არ ფუნქციონირებს ამ ეტაპზე.
– ხანდაზმულებზე უნდა გკითხოთ, ბევრმა ქვეყანამ, მაგალითად გერმანიამ თქვა, რომ აქცენტს გააკეთებს ჯანმრთელ ადამიანზე, თუ დადგა არჩევანის გაკეთების წინაშე. რამდენად სწორია, სტრატეგიულად?
– ეს გადაწყვეტილებები მაშინ ხდება, როცა ფორს–მაჟორშია ჯანდაცვის სისტემა, არ მინდა ეს ჩვენ ქვეყანას დაემართოს და არჩევანის წინაშე დადგეს ვინმე, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ახლოსაც ვერ მივა იმ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემასთან, მაგალითად, იტალიაში ვერ აუდიან პაციენტების მიღებას, ამას არცერთ ქვეყანას არ ვუსურვებ, მით უმეტეს, არ ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. მაქსიმალურად ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ ჩვენი შესაძლებლობები იქნება საკმარისი, ნელა-ნელა, მორჩება ახალი იქნება, მორჩება – ახალი იქნება. საბედნიეროდ ისეთი პროფესიონალები დგანან ჩვენს ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და კიდევ ისინი რომლებიც არ ჩანან, მაგრამ დიდ საქმეს აკეთებენ, აი, ამ ხალხის იმედად ვართ ჩვენ.
– ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ ნაკლებ სიფრთხილეზე, არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ გასულ წელს იტალიაში სეზონური გრიპით გარდაიცვალა 21 ათასი ადამიანი. შეგვიძლია ადამიანებს ავუხსნათ, რით განსხვავდება ეს ორი სტატისტიკა და რატომ არის კორონავირუსი უფრო სახიფათო, ვიდრე სეზონური გრიპი?
– სახიფათო არის ის, რომ თუ გრიპით მთელი წლის განმავლობაში 500-600 ათასი ადამიანი ინფიცირდება, ერთ და ორ თვეში კი არა, ეს ადამიანები, მთელი წლის განმავლობაში იღუპებიან და მთელ მსოფლიოშია გადანაწილებული. აქ იმას კი არ ვამბობთ, რომ რაიმე საოცრებას ახდენს ეს ვირუსი! კორონავირუსი რისკს ქმნის ერთდროულად, რადგანაც ბევრ ადამიანს ერთდროულად აინფიცირებს, თუ დაინფიცირებისას ერთდროულად გახდნენ ადამიანები ავად, ეს იმას ნიშნავს, რომ ადეკვატური ძალებით დახმარება ვერ ექნებათ და შეიძლება ამან გამოიწვიოს ადამიანების სიკვდილიანობა, ფიზიკურად ექიმები ვერ გაწვდებიან ამ რაოდენობას, თორემ რაიმე საოცრება კი არ არის, სიმსივნით ერთდროულად ამდენი ადამიანი ხომ არ იღუპება, ან გრიპის დროს, ბუნებრივია კი არის ამხელა დანაკლისი, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ეს ხდება დროში გაწელილი, ნელა-ნელა.
ესაა საფრთხე, თორემ, კორონავირუსი მეც შემხვდება და თქვენც შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს წლების განმავლობაში, ამ იმუნიტეტს ჩვენ ყველა გამოვიმუშავებთ, 80-90 პროცენტს ადამიანებისას შეხვდება, ალბათ, უახლოესი 5 წლის მანძილზე და არა ერთდროულად. ჩვენ ინფიცირების კი არ გვეშინია, შეგვხვდება და გადავიტანთ – ჩვენ გვეშინია ერთდროული დაინფიცირების, შეიძლება ვირუსი იყოს მსუბუქი ფორმის და შეიძლება იყოს რთული, მაგრამ – რომ არ იყოს საკმარისი ექიმი, სანიტარი, მართლა მოკვდება ადამიანი, ვირუსისგან კი არა, არასწორი დახმარების გამო და უპატრონობისგან მოკვდება.
– ჩემი აზრით ახლა იტალიას ზუსტად ეს სჭირს – პაციენტი მეტია, ვიდრე ექიმი.
– კი, რეანიმაციაში მყოფ პაციენტს 6 ადამიანი სჭირდება, რომ გადააბრუნოს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია გადაბრუნება – ვენტილაციის პროცესისთვის, იქ ნაწოლები რომ არ გაჩნდეს, მეორადი ინფექცია რომ არ გაჩნდეს და იტალიელი რეანიმატოლოგები ამბობენ, რომ ამას ვერ ახერხებენ, თურმე, საკმარისი ხელი არ ჰყავთ უკვე, იმდენი პაციენტია – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ჩვენ არ უნდა მოგვივიდეს, ბევრი ადამიანი ერთდროულად არ უნდა დაინფიცირდეს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვირუსის კი არ გვეშინია, გვეშინია აი, ამ მოვლენის, თორემ ვირუსის მე საერთოდ არ მეშინია, თვითონ ვირუსი არ არის საშიში, საშიშია არის ერთდროულად ბევრი ადამიანის ავად გახდომა. თუ ყველა ერთად ავად გავხდებით, ვერცერთი სამედიცინო სისტემა ამას ვერ უძლებს და მერე მეტი შანსია, რომ ადამიანები ჯანდაცვის სწორი სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპონ და არა ვირუსისგან.
იტალიის სტატისტიკა კიდევ ერთ რამეს აჩვენებს, რომ გარდაცვალების შემთხვევა მეტად იზრდება მაშინ, როდესაც პაციენტს არა მარტო ერთი ქრონიკული დაავადება აქვს, არამედ რამდენიმე და რაც მეტი ქრონიკული დაავადება აქვს ერთდროულად, მეტი არის გარდაცვალების რიცხვი ასეთ ხალხში. თუ ერთი დაავადება აქვს, დაბალია სიკვდილიანობის რისკი. თუ ორი აქვს და მეტი, მაგალითად, დიაბეტი და წნევა ერთად – მაღალია რისკი. რაც უფრო მეტია, მეტია სიკვდილიანობის რისკიც.
ბავშვებში საბედნიეროდ სულ სხვა მექანიზმია. ბოლომდე არ არის დადგენილი, მაგრამ რეცეპტორზეა საუბარი. მაგალითად გრიპი სხვა რეცეპტორს იყენებს, კორონავირუსი სხვა რეცეპტორს, ანუ შემავალი ჭიშკარი ორგანიზმისთვის სხვადასხვაა და ამ ვირუსმა აირჩია სხვა შემავალი ჭიშკარი. რეცეპტორი, რომელიც აირჩია ამ ვირუსმა ბავშვებს აქვთ ძალიან სუსტად განვითარებული და ამ ვირუსს არა აქვს შემავალი ჭიშკარი. შესაბამისად ბავშვები ამიტომ ავადობენ ძალიან მცირე პროცენტით. მეცნიერულად, ალბათ ეს შემდგომ დადასტურდება და ძალიან დიდი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იქნება. ემართებათ ბავშვებს, მაგრამ ძალიან მცირეს და გართულებული რისკის გარეშე მიმდინარეობს..
– რა შეიძლება დატოვოს ორგანიზმში, თუ არის გამოკვლეული, გარდა ფილტვის პრობლემისა, როგორც ამბობენ. იმუნუპრობლემებს თუ ტოვებს?
– ეს ჯერ არავინ იცის, ამიტომ ამაზე არა მაქვს პასუხი. მსუბუქი ფორმა არ ტოვებს გართულებას. კრიტიკული ფორმის დროს რა თქმა უნდა არის ფილტვის ფიბროზული ნაწილის დაზიანების მომენტი. ამჯერად, კრიტიკული მდგომარეობიდან გამოძვრომა უფრო მნიშვნელოვანია, შემდეგ რას დატოვებს და რა იქნება, ჯერჯერობით ამაზე მსოფლიო ჩამოყალიბებული არ არის, კრიტიკული ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია, იქიდან გამოჯანმრთელდა 50 პროცენტი, მათზე გაგრძელდება დაკვირვება და დრო გვაჩვენებს.
– თუ დაფიქსირებულა კორონავირუსიით გარდაცვლილისგან გადადების შემთხვევა?
– ესეთი მონაცემები არ არის, ჯერჯერობით ამაზე არ ყოფილა ლაპარაკი. როგორც ზემოთ ვთქვი, ვირუსს სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი, კომპიუტერიდან ფლეშკას თუ გათიშავთ, ხომ ვერ წაიკითხავთ? ამიტომ ადამიანი თუ აღარ სუნთქავს, აღარ ცოცხლობს – ვირუსიც კვდება. გარდაიცვალოს ვირუსით დაავადებული და მერე ადამიანს გადაედოს, ეს ვერ მოხდება, ეს გამორიცხულია.
„ალია“, თამო კეშელავა
კომენტარები