არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში მეუფე შიოს მიმართავს:
“პროპაგანდისტებმა გამოაქვეყნეს მეუფე შიოს ძველი ქადაგებებიდან და საუბრებიდან მონაკვეთები, სადაც იმპერატორების დროინდელ რუსეთს ამხელს. პირველი, ის ჰყვება ისტორიებს, თუ ჩვენი დიდი მღვდელმთავრები რას ამბობდნენ რუსეთის ეკლესიაზე. მეუფე შიო ამხელს მივიწყებულ იმპერატორებს და არაფერს ამბობს რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტზე, მოძალადე პუტინზე – იმაზე, თუ რა აგრესია მოუწყო მან 2008-ში საქართველოს, როგორ დაგვიხოცა გმირი ბიჭები – ანწუხელიძე, შინდისის გმირები და სხვები, როგორ გაუპატიურეს ქართველი ქალები, როგორ გამოყარეს ქართველი მოსახლეობა.
თუ ეს ყველაფერი არ ახსოვს, მე ვურჩევ, მივიდეს წეროვანში დევნილებთან – ისინი უფრო მძიმე ისტორიებს მოუყვებიან. ასევე გამოვიდეს მეუფე შიო და თქვას რუსეთის ეკლესიაზე – ამხილოს, დაგმოს რუსეთის პატრიარქ კირილეს სიტყვა, რომელმაც 2008 წელს რუსული ჯარი აკურთხა და უთხრა: „დავიცვათ ჩვენი ოსი ძმები ქართველების აგრესიისგან.“ამხილოს ასევე, რომ აფხაზეთში და ოსეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულია ჩვენი ეკლესია. რუსეთის პატრიარქ კირილეს კი ჰკითხოს, რატომ არ იხსენიებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, როცა ჩვენს უწმინდესს მსოფლიო პატრიარქი სრული ტიტულით მოიხსენიებს.მე ვეკითხები მეუფე შიოს დღევანდელ მოვლენებზე – ხელისუფლების მიერ, რუსთაველზე დასისხლიანებულ ხალხზე, რატომ აჰყავს მოძალადე ხელისუფლება სვეტიცხოვლის ამბიონზე, და ასე მიმართვას: „მაღალღირსო“, „პატივცემულო“.მეუფე შიოს მინდა შევახსენო, თუ როგორ მოქმედებდნენ ჩვენი წმინდა მღვდელმთავრები: ისინი ერეკლე მეფის დროინდელ რუსეთს კი არ ამხელდნენ, როგორც ამას თქვენ აკეთებთ, არამედ თავიანთ თანამედროვე – აწმყო დროის რუსეთის ხელისუფალსა და რუსეთის ეკლესიის სისასტიკეს ამხელდნენ.გაიხსენეთ და მიბაძეთ მიტროპოლიტ ექვთიმეს, რომელიც, როცა რუსეთის იმპერატორის წინაშე იდგა, მას „ახალი დროის ნერონი“ უწოდა.მეუფე შიო, გამოდით სიტყვით და თქვით, ვინ არის თქვენთვის პუტინი – რას უკეთებს ის უკრაინას და საქართველოს. თუ თქვენ გამოხვალთ და საჯაროდ ამხელთ არა იმპერატორის დროინდელ, არამედ დღევანდელ რუსეთს – მაშინ დავიჯერებ, რომ თქვენ არ ხართ რუსეთის მომხრე.რაც თქვენ რუსეთის წარსულზე გითქვამთ და ამხელთ იმპერატორის დროინდელ რუსეთს – ეს იგივეა, რომ მე დღეს რუსთაველზე გამოვიდე და დავწვა ლენინის პორტრეტი. შეგახსენებთ, მამა გაბრიელმა მაშინ დაწვა ლენინის პორტრეტი, როცა ლენინი მთელი საბჭოთა კავშირის საამაყო კერპი იყო.
მეუფე შიო, ადვილია დღეს რუსეთის იმპერატორების პორტრეტების დაწვა – მაგრამ გაბედეთ, სიტყვით ამხილეთ და დაწვით პუტინის პორტრეტი. გელოდებით”














კომენტარები