“ევროვიზია 2022”-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა. “კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.
კონკურსანტებს შორის ფავორიტს ჟიური და მაყურებელი ცალ-ცალკე ირჩევდა.
საქართველოდან, ქართველი ხალხისგან უმაღლესი, 12 ქულა სწორედ უკრაინას გადაეცა, თუმცა ქართველი ჟიურისგან, როგორც პირდაირ ეთერში ყველამ იხილა, უკრაინელმა კონკურსანტმა მხოლოდ 6 ქულა მიიღო.
აღნიშნულს სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების ნაწილმა ქართველი ჟიური, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, მწვავედ გააკრიტიკა, რასაც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადებით უპასუხა.
საზმაუში აცხადებენ, რომ რეალურად, საქართველოდან ჟიურიმაც ყველაზე მაღალი შეფასება, 12 ქულა, უკრაინას მისცა და ამის დამადასტურებლად ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტიც არსებობს:
“ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს”, – ნათქვამია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები