“ევროპასთან დაახლოების პოლიტიკური ნების გაქრობა საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას გამოაცლის ლეგიტიმაციას, რადგან ევროპულ იდეას ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველა აქტორს ძალიან კარგად ესმის,” – ამ განცხადებას IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტი ავრცელებს.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ევროკავშირის დაარსების ისტორიას იხსენებს და წერს, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროპულ ოჯახთან დაახლოებას.
IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ არის დაარსებული.
9 მაისი ევროპის დღეა!
1950 წლის დღევანდელ დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა წაიკითხა მისი ცნობილი “დეკლარაცია”, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირს.
მოუწოდა რა საფრანგეთსა და გერმანიას ქვანახშირისა და ფოლადის წარმოებების გაერთიანებისკენ, შუმანმა აღნიშნა, რომ ევროპა ვერც ერთ დღეში და ვერც რომელიმე ერთი გეგმით შეიქმნებოდა; არამედ, ევროპული გაერთიანების მშენებლობა უნდა დაწყებულიყო დე ფაქტო სოლიდარობის გამოცხადებითა და ინკრემენტალურად, ამ გზაზე კონკრეტული მიღწევების დაფიქსირებით.
ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნის ხელშეკრულებას ექვსმა ქვეყანამ პარიზში 1951 წლის 18 აპრილს მოაწერა ხელი. ეს მოვლენა გახდა ევროკავშირის ინტეგრაციის დაწყების საფუძველი. ზეიმს რაც შეეხება, გვიან მოხდა, 9 მაისის ყოველწლიურად ევროპის დღედ აღნიშვნა მხოლოდ 1985 წლიდან მოყოლებული დაიწყეს.
1951 წელს დაწყებული ეკონომიკური ინტეგრაციის პროექტი დღევანდელ მსოფლიოში ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის ყველაზე წარმატებული მოდელია. ეს გზა არ ყოფილა მარტივი: თუ ისტორიას გადავხედავთ, გასული ათწლეულები სავსეა კრიზისებით და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ამ გამოწვევების დაძლევის საოცარი მაგალითებით, სადაც იკვეთება კონსენსუსების მიღწევის ძლიერი კულტურა, პრობლემებისადმი წინააღმდეგობის უნარი და შეუპოვრობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესიც არ იყო ია-ვარდით მოფენილი. ამ გზაზე ნებისმიერ მცირე პროგრესს დასჭირდა სამი ათწლეულის განმავლობაში ათასობით პროფესიონალის თავდაუზოგავი შრომა, რასაც ზურგს მუდამ უმაგრებდა ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი და ხელისუფლებათა პოლიტიკური ნება.
ევროპასთან დაახლოების პოლიტიკური ნების გაქრობა საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას გამოაცლის ლეგიტიმაციას, რადგან ევროპულ იდეას ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველა აქტორს ძალიან კარგად ესმის.
თუმცა, როგორც გამოიკვეთა, საქართველოში ზოგიერთისთვის ჯერ ისევ ბუნდოვანია ძირითადი ჭეშმარიტება: ევროკავშირი მხოლოდ მისი სიკეთეებით სარგებლობას არ გულისხმობს, არამედ პირველ რიგში ევროკავშირის არსი მისი ღირებულებების დაცვაში მდგომარეობს. თუ ევროკავშირის ღირებულებების დაცვაში მტკიცე არ ხარ, შეუძლებელია მისი სიკეთეებით სარგებლობამ დიდ ხანს გასტანოს. ვიზა-ლიბერალიზაცია, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებები, ხელგაშლილი სასწავლო გრანტები, ერაზმუსის საოცარი მივლინებები, მცირე საწარმოთა გრანტები, კვლევის დაფინანსება, სოფლის მეურნების დახმარების პროექტები და უამრავი სხვა – უბრალოდ გაქრება და ერთ სევდიან დღეს აღარ იქნება.
1993 წლის კოპენჰაგენის ევროპულ საბჭოზე განსაზღვრული და 1995 წლის მადრიდის ევროპულ საბჭოზე განმტკიცებული გასაწევრიანებელი კრიტერიუმების სია ათი მცნებასავით მოკლეა, მაგრამ მათ შესრულებას და დაცვას სიმამაცე, თაობების თავგანწირვა, პროფესიონალიზმი, სიმტკიცე და მორალური თამასის დაჭერა სჭირდება. ისიც მესმის, რომ ადვილი არაა და ინდივიდის მიერ პირადი რისკის აღებას მოითხოვს კეთისინდისიერებასთან ერთად. ამიტომ ევროპის იდეით გულანთებულ ყველა თაობის თითოეულ ქართველს მინდა ვუსურვო, საკუთარ თავებში ძალა და გამბედაობა ეპოვოთ, რომ ევროპა მისი ღირებულებათა სისტემით უყვარდეთ და არა მხოლოდ ბენეფიტებით. ამგვარად გახდება შესაძლებელი ევროინტეგრაციის, როგორც უწყვეტი პროცესის, ნამდვილი დიდებულების განცდა და ევროპულ ოჯახში დაბრუნების სიხარულის გასაზიარებლად ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვისთვის მზაობის გამოვლენა. დანარჩენი თავისით მოხდება. ასეთი სიყვარულის მაგალითი უკვე მოგვცეს ქართველმა ახალგაზრდებმა, რომლებიც მთელი თვეა ქუჩაში დგანან და მათზე ფიზიკური თავდასხმებისა თუ ორგანიზებული ანგარიშსწორების მიუხედავად საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე დამღუპველი ეფექტის მქონე რუსულ კანონს აპროტესტებენ.
ევროპის დღეს გილოცავთ!
#არარუსულკანონს
პატივისცემით,
ნინო ლაპიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაარსებული IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.
თსუ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი,’ – წერია განცხადებაში.
კომენტარები