ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, გავრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა იმიტომ აიღეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მას იმიტომ აკონტროლებენ, რომ უკრაინელებს იქიდან ატომური ნარჩენების, ტექნოლოგიების გატანა და ატომური ბომბების დამზადება უნდოდათ და რუსეთი ამას არ დაუშვებს. რას იტყვით?
– არა, ეგ ზღაპარია. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, უკრაინის ხელში არ იყო მთელი ეს ბირთვული რაკეტები? ბელარუსზე მეტი უკრაინას ჰქონდა, მაგრამ ბუდაპეშტის მემორანდუმის შემდეგ, სრულად დათმო და გადასცა რუსეთს. მერე, რუსები ახლა აკონტროლებენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, მანამდე უკრაინის ხელში იყო და რის გატანასაც მოინდომებდა უკრაინის ხელისუფლება, გაიტანდა ომის დაწყებამდე. გარდა მაგისა, უკრაინაში მეორე, როვნოს ატომური სადგურია და დღეს ის უკრაინელების ხელშია. თუ ატომური ნარჩენები და ტექნოლოგია უნდათ, როვნოს ატომური სადგურიდან გაიტანენ, რაღა რუსეთის კონტროლირებადი ზაპოროჟიეს სადგურიდან შეეცდებიან ამას? მით უმეტეს, ჯერ უნდა დაიბრუნონ ომით და მერე გაიტანონ, რაც უნდათ. ეს არის რუსული პროპაგანდა. სხვა არაფერი. ვინც ამას ამბობს, მათ ხალხი იმდენად სულელი ჰგონია, რომ ისიც კი აღარ ახსოვთ, რომ რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო და მანამდე, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების გარდა, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა, მათ შორის, ქალაქ ზაპოროჟიესაც თავისი ატომური ელექსტროსადგურით. ისეთი ტყუილი მაინც თქვან, ცოტა ლოგიკური იყოს. ტყუილი მაშინ არის დამაჯერებელი, როდესაც ლოგიკის ელემენტები ახლავს.
– იმასაც ამბობენ, რომ უკრაინას აწყობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გაჟონვაო და ესეც რუსული პროპაგანდაა აშკარად, არა?
– რასაკვირველია, ესეც აბსურდია. თუ გაჟონა, მაშინ ატომური მტვერი უკრაინის დასავლეთით და რუსეთის დასავლეთ ნაწილისკენ წავა. უკრაინა, იმის გამო, რომ რუსეთი დააზარალოს, საკუთარი ქვეყნის ამოწყვეტას აპირებს? გარდა ამისა, დაზრალდებიან უკრაინის მეზობელი ევროპული ქვეყნები, ხალხი დაიხოცება და სხვა ათასგვარი ზარალი იქნება. ევროპა და ამერიკა არიან ამ ომში უკრაინის მხარდამჭერები, იარაღს, ფულს აძლევენ და რას აღარ უკეთებენ და საკუთარი პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობის ამოწყვეტას აპირებს? ეს უკრაინამ რომ გააკეთოს, მიატოვებს ევროპა რუსეთთან პირისპირ და არათუ არ დაეხმარება უკრაინას, ვერც დაეხმარება, გულითაც რომ უნდოდეს, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანას საკუთარი პრობლემები გაუჩნდება და ფულს მათ მოსაგვარებლად დახარჯავს. ვისაც არ ექნება ეს პრობლემა, სადამდეც არ მიაღწევს ბირთვული მტვერი, ის ქვეყნები დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმარებიან. ამერიკაც მათ დაეხმარება და არა უკრაინას. ვიღაც ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლება თვითმკლელობაზე მიდის, საკუთარი ხალხის ნაწილის ამოწყვეტასა და რუსეთთან ომის წაგებაზე მიდის. ეს როგორ უნდა დაიჯეროს ჭკუათმყოფელმა ადამიანმა? მერე, რამდენიმე დღის წინ, ზაპოროჟიეს სადგურის ერთ-ერთი ენერგობლოკიდან 10 მეტრში, რუსეთის არტილერიის მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა და არა უკრაინელების ნასროლი. ეს რუსეთის ინტერესებში უფრო შედის, ვიდრე უკრაინელებისა. აგერ, ლვოვში შეხვდნენ ერთმანეთს ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და გაერო-ს გენმდივანი, ანონიო გუტიერეში. ამ შეხვედრაზე გადაწყდება, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ბედი. იმედია, მიაღწევენ შეთანხმებას. საუკეთესო შემთხვევაში, რუსეთი ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს და მას „მაგატე“ – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააკონტროლებს. აქვე დავძენ, რომ ორმოცდაორმა სახელმწიფომ მოითხოვა რუსეთის ჯარების გაყვანა ელექტროსადგურისა დ მისი მიმდებარე ტერიტორიიდან. ვფიქრობ, რუსეთი წავა დათმობაზე და გაიყვანს ჯარს. შესაძლოა,სანაცვლოდ სხვა რამ მოითხოვოს. რუსეთისთვის შანტაჟის საშუალებაა ეს ელექტროსადგური. თუმცა, შესაძლოა, სხვა მიზანიც ჰქონდეს. ამ ელექტროსადგურისგან გამომუშავებული ელექტროენერგიით მოამარაგოს ყირიმის ნახევარკუნძული. ამაზეც არის ლაპარაკი. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზაპაროჟიე რუსეთს დარჩება და უკრაინა ამას შეეგუება, მის დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაციებს შეწყვეტს. თუმცა, მეეჭვება, უკრაინა ომში საბოლოო მარცხის გარეშე, ამაზე წავიდეს.
– ლვოვის შეხვედრაზე, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინას შორის დროებითი ზავის დადების საკითხიც განიხილონ. თქვენ რას ელით ამ შეხვედრიდან?
– ხაზგასასმელია, რომ ეს შეხვედრა შედგა ლვოვში და არა კიევში. რუსეთს ერიდებიან. რუსეთი დღესაც აცხადებს, რომ კიევია „დედა რუსეთის“ დედაქალაქი, ძველი რუსეთისა. ლვოვი ევროპული ქალაქია, არც რუსულია და არც უკრაინული. საუკუნეები პოლონეთის მფლობელობაში იყო და ბოლოს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის მერე, ლვოვი სტალინმა გამოგლიჯა ინგლისელებს. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ერდოღანიც, გუტიერეშიც და ვინც მათ უკან დგანან, იმ ქვეყნების ლიდერებიც ერიდებიან რუსეთის გაღიზიანებას და ზელენსკის სიამოვნებასა და კაპრიზებზე ნაკლებად ფიქრობენ. ლვოვის მოლაპარაკებაზე ზელენსკიზე იქნება დიდი ზეწოლა, რომ დროებითი ზავი დაიდოს. მეტიც, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეცდება, ზელენსკი და პუტინი შეახვედროს ერთმანეთს. ლვოვში მშვიდობის დასამყარებლად მივდივარო, ესეც თქვა და უსაფუძვლოდ არ იტყოდა ამას. გუტიერეშსაც ამის იმედი აქვს. საინტერესო ის არის, რომ ამერიკა საერთოდ არ ჩაერთო ამ მოლაპარაკებაში.
– არც დიდი ბრიტანეთთი ჩაერთო, იმ დროს, როდესაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ლამის ამერიკას არ ჩამოუვარდებოდა.
– ბრიტანეთში მალე პრემიერ-მინისტრის არჩევნები აქვთ და ეტყობა, ჯერ არ სცალიათ ამ მოლაპარაკების პროცესში ჩართვისთვის. პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატი ლიზ ტრასია, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. სხვებზე მეტი შანსი აქვს. ჯერ პრემიერს აირჩევენ ბრიტანელები და მერე განსაზღვრავენ, ჩემი აზრით, ახლებურ პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ. ისე, თუ ლიზ ტრასმა გაიმარჯვა, ბევრი არაფერი შეიცვლება. ტრასს უფრო მეტად უნდა რუსეთის დასუსტება და მერე მისი დაშლა, ვიდრე ბორის ჯონსონს. ეს ქალი თითქმის რუსოფობია. ამერიკელები კი იმიტომ არ ჩაერთვნენ მოლაპარაკებაში, რომ აქვთ გარანტია, რომ მათ გარეშე ზელენსკი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ერდოღანი და გუტიერეში რაც არ უნდა მიაწვნენ ზელენსკის, ამერიკის წინააღდეგ ვერ წავა. თუ წავიდა და ეტყვიან, წადი შენი პატრონის დედაცო და ყველანაირ დახმარებას შეუწყვეტენ – იარაღსაც და ფულსაც. ახლა ამერიკიდან ელოდება უკრაინა „ჰაიმერსებს“, რომლებიც 300 კილომეტრზე ანადგურებენ სამიზნეს. სხვა შეიარაღებასაც ელოდება და გარდა მაგისა, ზამთარი მოდის და უკრაინის ჯარს ჩაცმა-დახურვა,საზამთრო ეკიპირება სჭირდება. ამას ფული უნდა, რომ იყიდონ. ეს ფული ან ამერიკამ უნდა მისცეს ან მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა. უკრაინას მარტო ფული, თვეში 7-9 მილიარდი დოლარი სჭირდება. კი, ამ ფულის ნაწილით იარაღსაც ყიდულობს, მაგრამ რასაც არ ყიდულობს და ჩუქნიან, ის ცალკე იანგარიშე. 7-9 მილიარდი დოლარი, ცოტა არ არის. ეს ჯო ბაიდენი ალიბაბა ხომ არ არის და ამერიკელი კონგრესმენები ყაჩაღები? ხალხს ძალით ხომ არ ართმევენ იმ მილიარდებს, რასაც უკრაინას აძლევენ? ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიან ამ ფულს. რესპუბლიკელები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ უკრაინა გახდა დიდი ხვრელი, რომელიც ვერა და ვერ ამოავსეს და ვერც მომავალში ამოავსებენ. ომი რომ დამთავრდება, 700-900 მილიარდი დოლარი უნდა უკრაინის აღდეგენას. ეს დღევანდელი მონაცემებით და რუსეთი ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს და თუ მოგვინებით დამთავრდა ომი, ან ზავი გვიან დაიდო, მაშინ ტრილიონი დოლარი და მეტიც დასჭირდება უკრაინას. ლვოვის მოლაპრაკებაზე გამოჩნდება, ზელენსკი რამდენად არის დამოკიდებული ვაშინგტონზე. დღევანდელი მდგომარეობით თუ დაიდო დროებითი ზავი, ეს პუტინის გამარჯვება იქნება. იმაზეც არის ლაპარაკი, ზავი დაიდოს და ომის დაწყებამდე, 24 თებერვლამდე არსებულ საზღვრებში. ეს უკვე რუსეთის დამარცხებაა. გამოვა, რუსეთს ეს 6 თვე ტყუილად უბრძოლია, ტყუილად დახოცილა ამდენი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი და მილიარდებიც წყალში გადაყარა რუსეთმა. თან, პუტინი ხერსონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს, რომ დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადოს. მარიუპოლს დათმობს რუსეთი? გამორიცხულია. ამ მოლაპარაკებიდან დიდ გარღვევას არ ველოდები. აქ ისიც სათქმელია, რომ ზელენსკის რეიტინგი აღარ არის ძველებურად მაღალი, როგორიც იყო მარტში, აპრილში და მაისში, ევროპის ქვეყნების პარლამენტებში რომ „ლაივში“ ერთვებოდა და ამ პარლამენტის წევრები, ხელის გულების გადატყავებამდე ტაშს უკრავდნენ. კი, ევროპას უკრაინელები ეცოდება, საკუთარი სტრატეგიული ინტერესები აქვს რუსეთის მიმართ, მაგრამ რაღაცები იცვლება პოლიტიკაში და ეს ბუნებრივია. ზამთარი მოდის და ევროპის ბევრი ქვეყნის საფიქრალი ის არის,როგორ გადაიტანონ ზამთარი ისე, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე ბოლომდე უარი თქვან და სანქციები არ მოუხსნან რუსეთს. ახლა გერმანიის ხელისუფლება იმაზე მსჯელობს, რომ დღეგამოშვებით მისცენ ხალხს წყალი. ეს თუ მოხდა, გაგიჟდებიან გერმანელები. დილა-საღამოს წყალი რომ არ გადაივლონ, ეს ვერ წარმოუდგენიათ და დღეგამოშვებით რომ მოუწიოთ დაბანვა, გადაირევიან. საქართველო კი არ არის, წყალი მთელი კვირა და მეტ ხანს არ მოდიოდა ზოგან და ხალხი საიდან აღარ ეზიდებოდა. მაშინ დღეგამოშვებით ვინც ბანაობდა, სისუფთავის ეტალონად ითვლებოდა ჩვენთან. ევროპელები კარგ ცხოვრებას არიან შეჩვეულნი და ეს ცხოვრება საჩუქრად არ მიუღიათ, საკუთარი შრომით და წესიერებით მოიპოვეს. ბიუჯეტიდან ან ცოტა ფულს იპარავენ, ან საერთოდ არ იპარავენ და ყველაფერს სახელმწიფოს კეთილდღეობას ახმარენ, სახელმწიფო კი ხალხია. თან, ევროპაში შემოდგომით ტალღაა არჩევნებისა, 7 ქვეყნაში სხვა და სხვა დონის არჩევნებია და ეს ფაქტორიც აიძულებს ამ ქვეყნებს, რომ შიდა საკითხებზე გადაერთონ და ქვეყნები, ბოლო დროს უკრაინას ყურადღებას აკლებენ. შემოდგომით, ეს უფრო შესამჩნევი გახდება.
კომენტარები