საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირების კონტექსტში, სი ძინპინის მიერ “თუკიდიდეს მახის” ხსენება შემთხვევითი არ არის და საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტს ატარებს. ძველი წელთაღრიცხვით 431 წელს ათენსა და სპარტას შორის ურთიერთობა ორივესათვის დამანგრეველ ომამდე დეგრადირდა. თუკიდიდეს აღწერით, ამის მიზეზი სპარტას, როგორც არსებული დომინანტი ძალის მხრიდან ათენის გაძლიერების შიში გახდა და პრევენციული დარტყმა განახორციელა მის წინააღმდე, სანამ გვიანი არ იყო.
სი ძინპინის მიერ ამ ისტორიული პრეცედენტის მოხმობა ორ განსხვავებულ ქვეტექსტს შეიცავს. პირველი არის ოფიციალური ნარატივი, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი არ უპირისპირდება აშშ-ს და მხარეებს, მჭიდრო თანამშრომლობით, შეუძლიათ დაპირისპირების თავიდან არიდება.
მეორე და რეალური გზავნილი კი ისაა, რომ ჩინეთი უკვე იმდენად ძლიერია, აშშ-ს მხრიდან ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯი დაგვიანებულია. პეკინი მიანიშნებს, რომ აღმოსავლეთ აზიაში ძალთა ბალანსი უკვე მიღწეულია და პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი ვერცერთი მხარის გამარჯვებით ვერ დასრულდება და რომ გაიმეორებს პელოპონესის ომის შედეგს, რომელიც ფორმალურად კი სპარტას გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ გრძელვადიანად, ორივეს დასუსტებით და მაკედონიის გაძლიერებით დასრულდა.
ბუნებრივია, ეს რიტორიკა პირდაპირ უკავშირდება ტაივანის საკითხს, ისევე როგორც ფართო პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაპირისპირებას. რეალურად, ჩინეთი სერიოზულად ემზადება ტაივანის პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად და ცდილობს, აშშ-ს პოტენციური ჩარევის რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს, ან საერთოდ განეიტრალოს. ამასთან, ოფიციალური პეკინი მოქმედებისთვის იდეალურ დროს ეძებს. აშშ-ს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება, შესაძლოა, ჩინეთისთვის დამატებითი მოტივაციაც კი გახდეს.
თუმცა, მთავარი კითხვა ის კი არ არის, დაესხმება თუ არა პეკინი ტაივანს, არამედ ის – ჩაერევა თუ არა ამ კონფლიქტში აშშ. თუკი ვაშინგტონის პირდაპირი ჩარევა გამოირიცხება, ჩინეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ომის საჭიროება შესაძლოა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას. ყოველ შემთხვევაში, პეკინის მთავარი სტრატეგიული გათვლა სწორედ ეს არის. ხოლო თუკი აშშ მაინც დარჩა ტაივანის პოტენციურ დამცველად, მაშინ ჩინეთმა თავდასხმა შეიძლება ვერც კი გაბედოს.
ზოგადად, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ტაივანური და ჩინური საზოგადოებები ერთმანეთს იმდენად დაშორდნენ, რთული სათქმელია, რამდენად დანებდება ტაიპეი პეკინს უბრძოლველად. ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაში არსებობენ სერიოზული მოთამაშეები, რომელთათვისაც ტაივანის დაცვა ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია. ყველაფერს ემატება ტაივანის მიკროჩიპების ეკონომიკაც, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, “თუკიდიდეს მახის” ღიად ხსენება რიგითი დიპლომატიური ფრაზა არ არის – ეს ჩინეთის მხრიდან გაკეთებული უაღრესად სერიოზული და მკაფიო განცხადებაა.














კომენტარები