რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ განაცხადა, რომ უსახლკაროებისთვის ფართს იქირავებენ. არ ვიცი, როგორი ფართი სჭირდება და რატომ ვერ მოხერხდა თებერვლის შუა რიცხვებიდან დღემდე უსახლკაროებისთვის ფართის ქირაობა – მაგრამ, ამასობაში მეორე უცნაურობას ვაწყდებით ქალაქში – არ ჩანან უსახლკაროები.
ერთის ფოტო მოაწოდეს „ალიას“ საქართველოს ბანკის ფილიალში როგორ ათევდა ღამეს უსახლკარო და მეორეს ახლა, შემთხვევით წავაწყდი ჯავახიშვილის ქუჩაზე.
ნინო ქვია, 52 წლისაა. ორი ძაღლი დაჰყვება თან.
ბევრი ჩანთა ჰქონდა, ჯერ ორი ჩანთა გადაჰქონდა მცირე მანძილზე, მერე მობრუნდებოდა, შემდეგი ორი გადაჰქონდა და ასე გზის ორ-ორად გავლით დადიოდა.
იმ დროს მივუახლოვდი, როცა მანქანიდან უყვიროდნენ – სად იყავი რომ ვერ მოასწარი, სად დადიხარ? დროზე გაადგი ფეხი და მიუსწრებ… შევხედე, შვილის ტოლა ბიჭი უყვიროდა, ხედავდა რომ ათი ჩანთით იდგა ქუჩაში და დაჰყვიროდა, იცოდა რომ ვერ დააჯარიმებდა უსახლკაროს და ამიტომ ყვირილის მეტი რა ჰქონდა დარჩენილი…
მე გადამხდელუნარიანი მოვეჩვენე, მაგრამ უკვე ყვირილის დიაპოზონზე იყო გადასული და მეც დამყვირა, ვთხოვე ჯერ მომსალმებოდა, მიპასუხა, რომ საგანგებო მდგომარეობაა და გამარჯობას კარანტინის დროს, არ ამბობენ… მერე საბუთი მთხოვა, კიდევ ერთხელ ვთხოვე, ზრდილობიანად ესაუბრა, მომსალმებოდა და მანქანიდან გადმოსულიყო, რომ საბუთი მეჩვენებინა…
-მეტი საქმე არა მაქვსო, მომაძახა და გაიქცა….
ადამიანების დასახმარებლად და საკონტროლოდ გამოსული საჯარო მოხელეები გაიქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გამარჯობის თქმა ვთხოვე.
ხო, მანქანას თბილისის მუნიციპალიტეტი ეწერა და მადლობა თბილისი მერიას, ასეთი უზრდელი თანამშრომლების ქუჩაში გამოშვებისთვის.
-ეკლესიაში ვიყავი წასული ავლაბარში… – ჩემს წინ გადმოალაგა სამი ჩანთა…

დახმარების სათხოვნელად?
-არა, ახლა დახმარებას როგორ ვითხოვ, არაფერი იყიდება, ვერავინ ვერაფერს ყიდის, სანთელიც არ იყიდება, ადრე შეიძლებოდა კიდევ, ახლა ვერ ვთხოვ. ლოცვების მოსასმენად წავედი.
–და ეს ამდენი ჩანთები?
-ქუჩაში რამდენჯერაც დავტოვე, მომპარეს, ამიტომ, ასე დავათრევ, სადაც წავალ – განა რამე ბევრი მაქვს? ბალიში, ადიალა, თბილი ქურთუკი და ერთი ხელი თეთრეული, ტანსაცმელი. მართალია, ცემენტზე კარდონს ვაგებ და იმაზე ვიძინებ, მაგრამ, სისუფთავის დაცვა მიყვარს. სწორედ ამიტომ, ახლა ყველაზე მეტად მიჭირს. არც ერთ პარკში წყალი აღარ მოდის. აბანოები დაკეტილია. ყვავილების გამყიდვლებს ვთხოვე ცოტა წყალი და ჯერ უარი მითხრეს და მერე ერთმა მომცა. ქაშუეთის ეკლესიაში შემიძლია კიდევ წყლის ავსება, მაგრამ მარჯანიშვილის ტერიტორიაზე ვათევ ღამეს და ქაშუეთამდე ასვლა ამდენი ჩანთებით – ვერც ვტოვებ, უნდა ვათრიო, მიჭირს ძალიან.
გუშინ ცოტა თბილოდა, წავედი ცოტა მოფარებულ ადგილას, წავიღე წყალი და საპონი და თავი დავიბანე და მერე ცალკე ფეხები, ბოდიში – მე მიბოდიშებს თან…
–ცივი წყლით?
-ხო, რა უჭირს, მე ბევრს დავდივარ და გახურებული ვარ… მეორე პრობლემა საპირფარეშო მაქვს, კაცებს რა უჭირთ, მიბრუნდებიან, მოეფარებიან და ხომ ხვდებით და ორ რესტორანს ვთხოვე ამას წინათ, არც ერთმა არ შემიშვა, ოდესღაც სახლიც მქონდა და კარიც, სუფთად დავტოვებ, შეგიძლიათ შეამოწმოთ-თქო, ვუთხარი, მაინც არ შემიშვეს. მერე პატარა მაღაზია ვნახე და გამყიდველმა მიმასწავლა ერთ ეზოში, თორემ, ალბათ, ქუჩაშივე დავჯდებოდი, ისე ცუდად ვიყავი. არადა, ბევრ წყალს ვსვამ, რა ვქნა, ბევრს რომ დავდივარ, მცხელა და ორგანიზმი მთხოვს. დღის საათებში ქაშუეთში ავდივარ, მანდაც არის საპირფარეშო, მაგრამ ღამე იკეტება.
–თავს რით ირჩენთ? სადაც ღამეს ათევთ, ახლომახლო მოსახლეები გეხმარებიან?
-არავის არ ვაწუხებ, გვიან მივდივარ და ადრე გამოვდივარ, რომ არ შევაწუხო და არც არავის არაფერს ვთხოვ. ახლა მიჭირს, თორემ, რაღაცეებს ვყიდდი…
–რას?
-ლიმონს, ვაშლს, რაც შემიძლოა…
–უსახლკაროებს ვეღარ ვხედავთ ქალაქში და ხომ არ იცით, სად არიან?
-სხვათა შორის, ვერც მე ვხედავ, ვისაც ვიცნობდი, მათგან მხოლოდ ორი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და ჩიხში გადავიდნენ, პოლიციამ რომ არ გააჩეროს და უყვიროს, თორემ, დაჯარიმებით როგორ დამაჯარიმებენ? მაჯარიმონ რამდენიც უნდათ… უსახლკარო ხარ, ჩაწერილი არ ხარ და უფასო სასადილოში საჭმელს ვერ შეჭამო, რამდენჯერ ვთხოვე სასადილოებს და გამგეობებს და ყველამ უარი მითხრა… ამ ზამთარს ისე გავცივდი, სიცხიანი დავდიოდი, სამი ქურთუკი და 5 შარვალი მეცვა, ყველას ვეხვეწებოდი, ერთი სამი დღე სადმე გამაჩერეთ, გამოვკეთდები-თქო, რომელი საავადმყოფო მიგიღებს, უსახლკარო ხარო, ხოდა, ჯარიმას როგორღა დამიწერენ? წერონ და იკითხონ. მეც ვკითხულობ სად არიან, სხვებს ჯერ ვერ ვპოულობ, ალბათ, სადმე იმალებიან.
-სახლები რომ არის უსახლკაროებისთვის?
-აეროპორტის იქეთ? აგერ რომ დავდივარ ქალაქში, აქაც მეშინია და იქ დაკარგულში, სად ვიარო, უკაცრიელი და თან ერთ ოთახში 7-8 კაცი ვცხოვრობთო. ზოგი სვამს, ზოგს ცუდი ხასიათი აქვს, ერთ ოთახში 7 ადამიანთან ერთად ვერ ვიცხოვრებ – კარგი პირობები რომ იყოს იქ, წამდაუწუმ არ გამოიქცევიან იქედან ადამიანები.
–ეს ძაღლები თქვენია?
-ესენიც უსახლკაროებია, ერთხელ ერთს ვაჭამე საჭმელი, მერე მეორე მოიყვანა და მას მერე არ მშორდებიან… ყველაზე მეტად იმას ვნერვიულობ ახლა, რომ მაგათთვის ვერ მოვასწარი პურის ყიდვა, დაკეტილი დამხვა მაღაზიები.
–შვილი გყავთ?
-არ გავთხოვილვარ.
დახმარება შევთავაზე, უარი მითხრა, ფული შევაძლიე, რაც შემეძლო, ხვეწნა დამჭირდა რომ გამოერთმია, გამომართვა და უკან მომსდევდა კარგა ხანს – მერე შენ? ახლა აღდგომა მოდის, შენ მართლა არ დაგჭირდება?
ალბათ, თავის ჩანთებს დატოვებდა და ასე გამომყვებოდა სახლამდე, მაგრამ უკან მიიხედა და გაიქცა:
– ბოდიში, კატა მივიდა ჩანთებთან და ჩემი ძაღლები რომ მობრუნდნენ – დაგლეჯენ…
სანამ ვსაუბრობდით, კიდევ ერთმა მანქანამ გააჩერა, საპატრულოს მანქანა არ იყო, მაგრამ როგორც ჩანს ძალოვნები იყვნენ – გამარჯობა გვითხრეს და არც უყვირიათ, არ ყოფილა ზრდილობა აკრძალული საგანგებო მდგომარეობის დროს, მკითხეს ვინ ვიყავი და მქონდა თუ არა საბუთი. მერე ნინოს ჰკითხეს:
-მე უსახლკარო ვარ…
-ააა… და ფანჯრის მინის აწევა დაიწყეს…
–რაკი უსახლკაროა და ვერ დააჯარიმებთ, არა უშავს, ხო, იყოს?
-რა ვუყოთ?
–მე მეკითხებით? არ ვიცი.

მანქანა რამდენიმე მეტრით წაწიეს წინ, გაჩერდნენ 2-3 წუთი, მანქანიდან არ გადმოსულან. მერე წავიდნენ…
ალბათ, ზემოთ გადარეკეს და უთხრეს, ასე და ასე, „ალიას“ ჟურნალისტი შეგვხვდა ქუჩაში, ეს ვკითხეთ, ეს გვიპასუხა და მერე გვკითხა, ამ ქალს თუ არ ვაჯარიმებთ, იყოს ქუჩაში, ტოვებთო?
-ვინ ქალსო? – გაუკვირდებოდათ ზემოთ…
-აი, ერთი უსახლკაროა…
აააა – ეტყოდნენ იგივე ტონალობაში ზემოდან და მორჩებოდა ამით დიალოგი.
ხოო…
თამო კეშელავა, “ალია”
კომენტარები