ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
ერთი სევდიანი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომელსაც, იმედია, კეთილი დასასრული ექნება.
პროლოგის მაგიერ: გასულ წელს საქართველო 114 ათასმა ადამიანმა დატოვა. არც წელს იქნება ეს რიცხვი ნაკლები.წელს, 26 მაისს, უნივერსიტეტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოიყარა ხალხმა თავი. ერთი ადამიანი გამეცნო, დასავლეთ საქართველოდან იყო ჩამოსული. მითხრა, არცერთი აქცია არ გამიცდენია, რაც თბილისში იმართებაო. ალბათ, აწი დიდხანს ვეღარ შევძლებ, რადგან ერთ თვეში ემიგრაციაში მივდივარ, ბილეთი უკვე აღებული მაქვსო. თუ შეიძლება, თქვენთან სამახსოვრო ფოტო გადავიღოო. გადავიღეთ.მერე მეუბნება, მერიდება, რომ გთხოვოთ, სხვებთანაც მინდა გადავიღო სურათებიო. ანი წითლიძეზე მიმითითა, რომელიც იქვე ახლოს იდგა. ანის ვუთხარი და ჩემი ტელეფონით რამდენიმე ფოტო გადავუღე. დროშების ფონზე ვიდეოც გადავუღე და მესინჯერით გადავუგზავნე. ცოტა ხანში კოლონა რუსთაველისკენ დაიძრა და ასე დავშორდით ერთმანეთს.გავიდა ერთი თვე და მესინჯერში ვიღაც მირეკავს. ვუპასუხე. ის კაცი ვარ, აქციაზე რომ გაგეცანითო. ძალიან აღელვებული ჩანდა.ზეგ მივდივარ უცხოეთში (ევროპის ერთი ქვეყანა დამისახელა), ქუჩის ძაღლმა დამკბინა და მთელი გეგმები წყალში მეყრებაო. ძაღლი გაქრა, ექიმი მეუბნება, ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთე და დანარჩენი იქ რომ ჩახვალ, იქ გააგრძელეო. ასე ადვილი ხომ არ არის, ან საერთოდ შესაძლებელია კი? რას მირჩევთ, რაიმე დახმარება ხომ არ შეგიძლიათო?სამწუხაროდ, ვერაფერში დავეხმარე.გადის რამდენიმე თვე და ისევ შემოდის ზარი მესინჯერიდან. ისევ ის კაცია.მეუბნება, ჩავბარდი იმ ქვეყნის ხელისუფლებას აეროპორტშივე, ონკოლოგიური პაციენტი ვარო. საქართველოში რაც შეძლეს, მიმკურნალეს, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო გამიუარესდა. მკურნალობა იმდენად დიდ ხარჯებს მოითხოვდა, რომ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, თუ არა უცხოეთში თავშესაფრის მოთხოვნაო.აქციაზე ფოტოების გადაღება იმიტომ დამჭირდა, რომ იქ ჩაბარებისას მეჩვენებინა, მეც ვიყავი იმ პროცესების მონაწილე, როცა ხალხს უმოწყალოდ არბევდნენო. ღმერთმა იცის, რომ არ ვიტყუები, მეც ვიყავი იმ დღეებში რუსთაველზე. როცა ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, ხომ შეიძლება დღეს ციხეში აღმოვჩენილიყავიო.მინდა გითხრათ, რომ არც პოლიტიკური არგუმენტების მოშველიება დამჭირვებია და არც აქციაზე გადაღებული ფოტოების გამოყენება. არავის არაფერი მოუთხოვია, როგორც ავადმყოფი, ისე მიმიღეს. სპეციალურ საცხოვრებელში ბინა მომცეს, მცირეოდენი შემწეობა დამინიშნეს და მკურნალობაც დავიწყეო.მოკლედ, ბოდიშის მოსახდელად დამირეკა.გასულ თვეშიც შემეხმიანა. მომიყვა იქაურ ამბებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. პრობლემებზეც მელაპარაკა. დიდად არ მოსწონს თავშესაფარი, სადაც სხვა უცხოელებთან ერთად ცხოვრობს. არც ის თანხაა საკმარისი, რომელსაც ხელზე აძლევენ, მაგრამ იქ მიღებული უფასო მკურნალობა ფასდაუდებელია.ჩემი საცხოვრებლიდან სამკურნალო დაწესებულებამდე 30 კილომეტრია. ერთხელ საღამოს დამიბარა ექიმმა. კონსულტაცია რომ დავასრულეთ, უკვე გვიანი იყო და ბოლო ავტობუსიც გასული ყოფილაო. ვუთხარი, ახლა რა ვქნაო. საავადმყოფომ ტაქსი გამომიძახა და ასე მივედი სახლამდეო.რამდენმა ათასმა ჩვენმა მოქალაქემ იმკურნალა სრულიად უფასოდ უვიზო რეჟიმის წყალობით? რამდენი ათასი მძიმე ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინა იმ ევროპამ, რომელსაც ასე ებრძვის „ოცნების“ ანტიჰუმანური რეჟიმი?ევროპასაც აქვს თავისი პრობლემები. მრავალი გადაუჭრელი სოციალური საკითხი დაუგროვდა. ამ პრობლემების გამო ქუჩაში გამართული საპროტესტო გამოსვლებიც არაერთხელ გვინახავს. მიუხედავად ამისა, ეს ქვეყნები გასაჭირში არ ტოვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან და სხვა გაჭირვებული ქვეყნებიდან, უმეტესწილად არალეგალურად, დახმარებას ითხოვენ. ამ ჰუმანიტარულ დახმარებაზე კოლოსალური თანხები იხარჯება. ეს ის ფულია, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც აკლდებათ.ეს არის ჰუმანური ევროპა. სწორედ ამ ევროპისკენ გვიკეტავს გზას „ოცნების“ კორუმპირებული რეჟიმი.სულ უფრო ახლოს ვართ უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან. ამას უამრავი პრობლემა მოჰყვება, ბევრს კი ეს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს.
ჩემს ნაცნობს კი ჯანმრთელობას ვუსურვებ. აქ, ქუჩის საპროტესტო აქციებზე მისი დგომა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა იყო. და სწორედ ის ევროპაა, ახლა მის ჯანმრთელობაზე რომ ზრუნავს.











კომენტარები