თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ფინანსური დოკუმენტი, რაც, მისივე განცხადებით, დაამტკიცებს, რომ მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არ მოუხდენია.
როგორც ყოფილმა მაღალჩნოსანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დოკუმენტის საქმეზე არ დართვა იგივეა, რომ ძირითადი არგუმენტი წაართვა ბრალდებულს.
“ვინაიდან ჩემი ბრალდება არის ლეგალიზაციაზე, დავეთანხმები დაცვის მხარეს, რომ არ შეიძლება მიუღებლად ჩავთვალოთ (დოკუმენტი), რომელიც წარმოადგენს ჩემი ფინანსური მონაცემების დასაბუთებას. ეს იგივეა, ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს, როდესაც ბრალდებამ მინიმუმ ერთი თვე მოანდომა იმას, რომ ეანგარიშა, რას მედავებოდა. ძირითადი ბრალი, რაც მაქვს წარდგენილი და ამის დასაბუთება რომ არ წარმოვადგინო, ყველანაირ სამართალს ცდება”.- განაცხადა ბურჭულაძემ სხდომაზე.
დღევანდელ პროცესზე ბურჭულაძის ადვოკატმა მოწმის სახით ვინმე კაჭკაჭიშვილის გამოკითხვა მოითხოვა. უფლებადამცველის თქმით, სწორედ კაჭკაჭიშვილს შეუძლია მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის დართვასაც ჯუანშერ ბურჭულაძე საქმეზე ითხოვს.
მოსამართლე გელოვანის განცხადებით, აღნიშნული მოწმე დაცვის მხარეს 5 დღით ადრე გამოკითხული არ ჰყავს, ამიტომაც მისი თქმით, კაჭკაჭიშვილის სასამართლოს წინაშე დაკითხვა, პროცედურის დარღვევაა.
მოსამართლის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგადაც შესვენება გამოცხადდა.
ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.














კომენტარები