მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭვირვალობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ სწორედ ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებებს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში.
რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას ბუნებრივია, ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა სამი საკითხი, რომელიც გალუზინმა დააყენა, ეს იყო ღვინის ხარისხი და ხარისხთან ერთად, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. მოგეხსენებათ, რომ შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ, უკრაინის სასარგებლოდ რაიმე ომის დაფინანსებაში არიან ჩართულები, ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს. შესაბამისად, სრულიად აბსურდულია ის საბაბი, რომლითაც შვიდი კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში.
ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან მარტივად ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება ორი კომპანია დაემატოს ამ სიას, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება და ბუნებრივია, ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია.
რაც შეეხება ზოგადად შეფასებას და დამოკიდებულებას, ჩვენ მიჩვეული ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული. ე.წ. „დიფსტეიტის“ მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებს, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რაღაც ხდებოდეს. კიდევ ერთი რამ რაც მათ ახასიათებთ, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. ამას მიჩვეულები ვართ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. ამ შემთხვევაში ვხედავთ იმავე ტენდენციას. „დიფსტეიტს“ აქვს დიდი გავლენები. ხელწერა არის იგივე, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე სრულიად აუხსნელია. ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ღვინის 7 კომპანიისთვის სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამის ნაცვლად შეხვედრაზე მიხაილ გალუზინმა უთხრა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ.











კომენტარები