საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება და ამ თემაზე დღეს საღამოს დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ. კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა, წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
თუმცა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.
„არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება“, – განმარტა გამყრელიძემ.
“ალია” შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძე უკვე მესამე დღეა გვეუბნება, რომ იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება, თუმცა, ვერ გვეტყვის, კონკრეტულად რა, ისიც გვითხრა რამდენიმე დღის წინ, რომ ეპიდემიოლოგებს ახალი იდეები აქვთ შეზღუდვებთა დაკავშირებით, რომელიც ერთ დღეში უნდა გამხდარიყო ცნობილი – თუმცა, მეორე დღეს, ახალი არც არაფერი უთქვამთ. რა დამატებით შეზღუდვებზე და ველოსიპედის გამოგონებაზეა საუბარი, როცა რაიონებიდან უამრავი პედაგოგი გვირეკავს კითხვით, ასეთი ეპიდაფეთქების პირობებში, რატომ არ გადაჰყავთ რაიონის სკოლები ონლაინ სწავლებაზე, რას ელოდებიან? მაგალითად მოჰყავთ ის ფაქტიც, რომ სამტრედიაში ერთ სკოლაში ორი პედაგოგი იმსხვერპლა ვირუსმა.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს, მეორე ტურის დასრულებამდე, შეზღუდვები არ გაამკაცროს, ამირან გამყრელიძემ ორი დღის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ არა არჩევნები და პოლიტიკური მოვლენები, ბევრად მკაცრ ზომებს მიიღებდა – ესე იგი, არჩევნები უშლის ხელს შეზღუდვების შემოღებას? და პირიქით, არჩევნები უწყობს ხელს პანდემიის გავრცელებას და ადამიანების დაღუპვას? – ამ კითხვას პირდაპირ არავინ პასუხობს…
“ალია” აქვე გეტყვით იმასაც, რომ მართალია, ამირან გამყრელიძე, ეკატერინე ტიკარაძე მოგვიწოდებს დისტანციურად ვიმუშაოთ, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში სსიპ-ების ნაწილი ამ დრომდე ვერ გადაიყვანეს მუშაობის დისტანციურ მეთოდზე.
ხვალ მაიკ პომპეო ჩამოდის და ოპოზიცია დიდი აქციას მართავს ისევ, მოიფიქრებს თუ არა ამ საღამოს რამე ახალ შეზღუდვას ხელისუფლება – ეს ხვალ დილით გამოჩნდება, თუმცა, ერთი რამ ცხადია, რა შეზღუდვაც უნდა მოიფიქროს, პომპეო, თავის დელეგაციასთან ერთად არც ვიზიტს გააუქმებს და არც კარანტინში გადავა.
კომენტარები