• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩერნობილის კატასტროფა-საბედისწერო დღე, როდესაც ქალაქი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა

ალია ავტორი - ალია
17:51 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

600 ათასზე მეტი ადამიანი  სამყაროს გადარჩენას 1986 წლის 26 აპრილის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ცდილობდა. და „სამყაროს გადარჩენა“-ს არც გადამეტებული ნათქვამია და არც ფილმის ანოტაცია. 35 წლის წინ, ერთ წუთში ადამიანები ჯოჯოხეთში აღმოჩნდნენ, მაგრამ მათთვის ამის დამალვა სცადეს. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ჩერნობილის ატომურ სადგურზე, წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად, მეოთხე ენერგობლოკის რეაქტორში, 01 საათსა და 24 წუთზე მომხდარმა აფეთქებამ, 140 ტონაზე მეტი რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევა გამოიწვია. აფეთქების შედეგად ენერგობლოკის შენობაში ხანძარი დაიწყო, 01 საათსა და 33 წუთზე კი კატასტროფის ადგილზე პირველი სახანძრო დანაყოფი გამოჩნდა. მომხდარიდან პირველ დღეებში, არავინ უთხრა ადამიანებს  თუ რამხელა რისკის ქვეშ აგრძელებდნენ ცხოვრებას და მუშაობას.  საბჭოთა ლიდერებს არც დანარჩენი მსოფლიოსთვის სურდათ ინფორმაციის გაზიარება, თუმცა როდესაც რადიაციის ტალღამ სხვა ქვეყნებს მიაღწია, სხვა გზა აღარ დარჩათ. მაგრამ,  კატასტროფის ლიკვიდაციისთვის მომუშავე განწირული ადამიანების ინდივიდუალური გმირობა, თავგანწირვა და სიმამაცე მუდამ დაიმსახურებს კაცობრიობის მხრიდან უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას. მათ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე შეუძლებელი შეძლეს და არა მარტო თავიდან, არამედ შემდეგი 4 წელიც ებრძოდნენ გამანადგურებელ რადიაციას. ლიკვიდატორების უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. ვინც დღემდე ცოცხალია, ორგანიზმში „უხილავ ტყვიას“ ატარებს. იმ ათიათასობით ადამიანს, რომლებიც რადიაციის ზონაში მოხვდნენ, ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ. საბჭოთა სისტემამ ისინი დაზარალებულებად და გმირებად შერაცხა, შემდეგ კი უბრალოდ დაივიწყა…

იმას, რასაც ჩერნობილის ატომური სადგურის ერთ-ერთი ცვლის უფროსი იური ანდრეევი, დღეს „ბიბისი“-ს უყვება, ზუსტად ასახავს საბჭოთა წყობის არსს. როდესაც სახლში წინა ღამით ცვლიდან დაბრუნებული ანდრეევი მიხვდა, სინამდვილეში რაც მოხდა, ის ერთ-ერთი პირველი დაბრუნდა ატომურ სადგურზე და ლიკვიდატორებს შეუერთდა, რადგან თავის თავს უმოქმედობას არ აპატიებდა. თუმცა, ისიც ახსოვს, როგორ მალავდა ხელისუფლება ჩერნობილის კატასტროფის მასშტაბს: „ჩემი ქალიშვილი 2 წლის იყო და დღემდე ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი იმას, რომ მასთან ერთად იმ დღეს სასეირნოდ გავედი. ქუჩებში უკვე იდგნენ დოზიმეტრიული დაზვერვის ჯავშანმანქანები, მაგრამ ოფიცრები დოზიმეტრების შკალებს ხელს აფარებდნენ, რომ რეალური სურათი არ გვენახა. უკვე დადიოდნენ მილიციის პატრულები ავტომატებით. პანიკა არ ყოფილა, ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ადამიანები პლიაჟზე ირუჯებოდნენ.“

 „ჩერნობილი არ დაივიწყეს, ის უბრალოდ ვერ გაიგეს“– ამბობდა ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი წლების შემდეგ. და ეს შეფასება შეიძლება მიესადაგოს არა მხოლოდ იმ საბჭოთა ხელმძღვანელებს, ჩინოვნიკებს, რომელთა ბრალეულობითაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა და შემდეგ იყო მიჩქმალვის მცდელობაც, არამედ სრულიად იმ სისტემურ აღქმას, რომელიც ადამიანური ტრაგედიების მიმართ არსებობდა. საბჭოეთისთვის ხომ ერთი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მომავალი არაფერს ნიშნავდა, მაშინ როცა სახელმწიფო ინტერესებზე იყო საუბარი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს აღქმა ჯერ კიდევ ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული, ადამიანები ხომ აგრძელებდნენ ცხოვრებას, მერე რა რომ მოიწამლნენ, მერე რა რომ ქალაქების დატოვება მოუწიათ, მერე რა რომ მათ შვილები ონკოპაციენტები გახდნენ და იღუპებოდნენ.  ეს მიდგომა სწორედ რომ იმ მენტალობის გადმონაშთია, რომელსაც საბჭოთა მონსტრი 70 წელი ქმნიდა და მისი მემკვიდრე რუსეთი დღემდე ამ აღქმით სულდგმულობს.

როდესაც ვამბობთ, რომ თავქუდმოგლეჯილი უნდა მოვშორდეთ საბჭოთა მემკვიდრეობას და დავიბრუნოთ ის ჩვენი ადგილი ევროპულ საზოგადოებაში, რომელიც ოკუპაციამ წაგვართვა, უნდა დავაკვირდეთ იმ ნამდვილ ღირებულებებს და მოყვასისადმი დამოკიდებულებას, რომელიც ასე ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც შევეჩვიეთ. ავიღოთ მაგალითისთვის, ევროპელების დამოკიდებულება იმ დაზარალებულებისადმი, რომლებმაც ჩერნობილის კატასტროფა გადაიტანეს. გასულია 35 წელი და გერმანული ორგანიზაციები, რიგითი მოხალისეები დღემდე ეხმარებიან ბელარუსის და უკრაინის ათასობით ოჯახს. „DW“-ს ინფორმაციით, გერმანიაში 400-ზე მეტი ინიციატივა არსებობს, რომელიც ამ საქმეშია ჩართული. იმ უამრავ ბავშვს, ვისაც რადიაციის ზემოქმედების შედეგად ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა, მუდმივ სამედიცინო მეურვეობას უწევენ წამყვანი გერმანული კლინიკები, აფინანსებენ რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის ექიმების გადამზადებას და სამეცნიერო კვლევებს. 1990 წლიდან ბელარუსში იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება, ეწყობა გამაჯანსაღებელი ტურები გერმანიაში იმ ბავშვებისთვის, რომლებიც რადიაციისგან დაზარალდნენ. ასეთი დახმარების სპექტრი განუზომელია და დაუსრულებელი. გერმანელები და სხვა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები აგროვებენ საჭირო ნივთებს, აღჭურვილობას, უგზავნიან საავადმყოფოებს, კვების ცენტრებს, ბავშვთა სახლებს, სკოლებს. „მეურვეობის“ პროექტში 160-ზე მეტი გერმანული ოჯახი მონაწილეობს, ისინი ბავშვებს, რომლებსაც დღემდე დახმარება სჭირდებათ, თავისთან ასვენებენ.   ამ ევროპულ ინიციატივებში ჩართულები არიან ოჯახებით, სკოლებით, სათემო დონეზე, რაიონულ დონეზე. ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად 50 ბელარუსი ბავშვი თვალწარმტაც გერმანულ რეგიონ შვარცვალდში 4 კვირას ატარებს. „ისინი გერმანულ ოჯახებში ცხოვრობენ, ისვენებენ, ჯანსაღ კვებას იღებენ. ბავშვებს თერაპევტები სინჯავენ. ასევე კბილი ექიმთან დაგვყავს. ბავშვები დადებითი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან. ისინი სხვა ცხოვრებას ხედავენ, უჩნდებათ მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფონ.“-ყვება ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი „DW”-სთან. ასევე ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში, რაიონული ცენტრის ჟიტკოვიჩის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 100 ათასი ევრო ჩაიდო-ფული ადგილობრივი კლინიკის ბავშვთა განყოფილებისთვის, აღჭურვილობისთვის და სამედიცინო ტექნიკისთვის დაიხარჯა. „როდესაც ბავშვები საავადმყოფოში ხვდებიან, ისედაც ცოდოები არიან. აქ კი რუხი ატმოსფეროა, საპირფარეშო მოუწესრიგებელია, არ არის აბაზანა. ვეცადეთ ყველაფერი ისე მოგვეწყო, რომ ბავშვები უფრო ხალისიანები გამხდარიყვნენ.“ -ასე ამბობენ გერმანელები დღეს და სულაც არ ფიქრობენ, რომ 35 წელია გასული, ბელარუსი და უკრაინა მათთვის შორეული ქვეყნებია და მათ ეს ტრაგედია საერთოდ არც კი ეხებათ.

ასეთი დამოკიდებულება, ჰუმანურობა და მხარდაჭერა იმ ღირებულებების და ფასეულობების არსებობის შედეგია, რომლებიც დემოკრატიულ სახელმწიფოებს გააჩნიათ.  საბჭოთა სისტემამ, რომელიც ადამიანში ინდივიდუალიზმის, თავისუფალი ნების დათრგუნვას ცდილობდა, ზრდიდა საკუთარ მშობლების დამბეზღებელ ადამიანებს, მიუღებელი ლექსის დაწერისთვის კი ხვრეტდა, 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფა  მხოლოდ ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელ მოვლენად აღიქვა. და ამ მხრივაც მართალია სვეტლანა ალექსიევიჩი- „ჩერნობილი არ დაივიწყეს, ის უბრალოდ ვერ გაიგეს“.

ლელა აბრამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved