“ბრძოლა მთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა ვიმარჯვებთ” – ამის შესახებ მზია ამაღლობელი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ სახაროვის პრემია გადაეცა.
დაკავებული ჟრნალისტის თქმით, თუ ეს ჯილდო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის იმის იმედი იქნება, რომ “მათი ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება, მაშინ, რასაკვირველია, ამ ყველაფერს აქვს აზრი”. წერილს გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
მზია ამაღლობელი მოქალაქეებს სთხოვს ბრძოლის ხმა ქვეყნის გარეთ გაიტანონ ისე, როგორც შეუძლიათ.
ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია – ჩემი მამაცი კოლეგები, სინდისის პატიმრები, თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც თავისუფლების ფასადაც კი აპროტესტებს უსამართლობას, ამ პრიზს თავისად მიიჩნევს.
ვფიქრობ, ახლა განწყობების დრო არ არის და ბრძოლა მთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიმარჯვებთ.
ამ ბრძოლაში მტრები შიგნით არ უნდა ვეძებოთ, რადგან ერთადერთი მტერი რუსეთია და ისინი, ვინც მას ემსახურებიან.
მახსოვს, როგორ შევქმენი „ბათუმელები“ ეთერთან ერთად, მხოლოდ ენთუზიაზმითა და იდეალებით, მაშინ, როდესაც აჭარაში რუსული ტანკი იდგა და დედაქალაქში ჩამოსასვლელად მათი საზღვარი უნდა გამევლო.
ის დავძლიეთ და ეს მაიმედებს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.
თუ ეს ჯილდო ადამიანებისთვის გახდება იმის ნიშანი, რომ ბოლოს მაინც ღირებულებები იმარჯვებს, ბოლოს მაინც ფასდება ის მსხვერპლი, რასაც თითოეული ადამიანი იღებს, მაშინ ამ ყველაფერს აქვს აზრი.
თუ ის პატარა გოგონები, მათ შორის ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ყოველდღე რომ დაარბენინებს პოლიცია განყოფილებებში, შემდეგ სასამართლოში და შემდეგ ციხე-ციხე, ხან მცირეწლოვან ბავშვს რომ დაუტოვებენ ქუჩაში ან სახლში დაატოვებინებენ მარტოს, ვინაიდან უკვე 12 წლისაა, ჩათვლიან, რომ ეს პრიზი მათია, მაშინ ყველაფერს ჰქონია აზრი.
თუ ეს ჯილდო მათთვის იქნება იმედი იმისი, რომ მათი ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება, მაშინ, რასაკვირველია, ამ ყველაფერს აქვს აზრი.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლის ხმა მივიტანოთ ყველგან.
სტუდენტებმა, ლექტორებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც უცხოეთში სწავლობს, ყველამ უნდა მიაწვდინოს ხმა თავის ლექტორებს, მეგობრებს, ნაცნობებს, კოლეგებს, თუ როგორ იბრძვიან აქ რუსთაველზე ყოველ დღეს.
ქვეყნის გარეთ ყველგან, ყველა უნივერსიტეტში, აუდიტორიაში, კონფერენციაზე უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა – ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი გარანტია.
და რაც მთავარია – ის, რომ დღეს ამ ბრძოლის ხმა ისმის, მხოლოდ ჩემი კოლეგების შეუპოვარი ბრძოლის დამსახურებაა და ამიტომაც ეკუთვნით მათ ეს პრიზი.
გთხოვთ, გაიტანეთ ამ ბრძოლის ხმა ქვეყნის გარეთ ისე, ვისაც როგორ შეგიძლიათ,” – წერია მზია ამაღლობელის წერილში.














კომენტარები