ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მინსკში ჩავიდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთის ლიდერი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
თავად ლუკაშენკო სოხუმს 2022 წლის სექტემბერში ეწვია, რის შემდეგაც, ის ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. მაშინ აფხაზეთში გაჩნდა მოლოდინი, რომ ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის წინაპირობებს ამზადებდა, თუმცა, ეს არ მოხდა.
ბჟანიას მინსკში ჩასვლიდან რამდენიმე საათში, აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ.
ამასთან, ბელარუსში აფხაზური დელეგაციის ვიზიტის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას თანამშრომლობის გეგმების შესახებ, რომელზეც სოხუმი და მინსკი შეთანხმდნენ.
არძინბას “უწყების” ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბელარუსსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდება, კერძოდ, ბელარუსში შეიტანენ გასაყიდად აფხაზურ პროდუქციას, აფხაზეთში კი – ბელარუსის.
გარდა ამისა, აფხაზური მხარის ცნობითვე, მიღწეულია შეთანხმება, რომ აფხაზი IT სფეროს სპეციალისტები ბელარუსში გადამზადდებიან.
გამოცემა “ამბების” ცნობით, აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი, წერს:
“ჯერ ერთი, მსოფლიოში ცნობილია, რომ ლუკაშენკო დიქტატორია, ის ადამიანის უფლებებს არაფრად დაგიდევთ, არ ცნობს დემოკრატიას, არჩევნების შედეგებს, ციხეში ჰყავს ათასობით ოპოზიციონერი და აქტივისტი და მასზე ვაკეთებთ სწორებას, რატომ, რა “სიკეთეებისთვის”? პუტინის ფავორიტია, უკრაინის ომის შემდეგ, მას ლუკაშენკოს გარდა არავინ ელაპარაკება. კარგად დავფიქრდეთ, საით ვიღებთ გეზს”
კომენტარები