ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კანდიდატის პრესმდივანმა, ანა კრასულინამ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.
„სვეტლანა ტიხანოვსკაია მონაწილეობას არ მიიღებს საპროტესტო აქციებში, რათა თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების პროვოკაციები მისი დაკავების მიზნით. ჩვენ იგი თავისუფლებაზე გვჭირდება“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესმდივანმა.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.
კომენტარები