დღეს საქართველოში სახალხო დღესასწაულს – ბედობას აღნიშნავენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, იგი სახალხო ტრადიციაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.
რიტუალი ასეთი იყო – ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომელის „ფეხზე“, “კვალზე” იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა.
„მეკვლე მოვიდოდა და თან მოჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.
ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.
საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება. პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ. ბარბალობას მსუქანი მეკვლე უხაროდა ოჯახს, რადგან ითვლებოდა, რომ ის ხვავის და ბარაქის მომტანი იქნებოდა. თუ მეკვლე “გამოეპარებოდა” მასპინძელს ისე, რომ მას მაგიდასთან არ დასვამდა, ოჯახს მთელი წელი იმის შიში უნდა ჰქონოდა, რომ ქათამი არ წიწილებს ვერ გამოჩეკდა იმ წელს.
ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ ოჯახში – სჯეროდათ, რომ ნაბდიანი კაცის სახლში შესვლამ მობუზული წიწილები იცისო. ამ დღეს სხვადასხვა რეგიონში ნიგვზიან ქადებს და ლობიან პურებს აცხობდნენ, რომლებსაც პატარებს ურიგებდნენ.
ანალოგიურად იქცეოდნენ ახალი წლის მეორე დღეს – 2 იანვარს. აქაც არის მეკვლე, თუმცა ბარბალობისგან (ბარბარობა) განსხვავებით ეს დღე არა მარტო მეკვლეზეა დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევა ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი.
მესამე ბედობა იგივეა რაც 2 იანვრის, თუმცა მათთვის ვინც ძველით ახალ წელს აღნიშნავს, ბედობაც ძველი კალენდრით უწევს.
ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია, საქართველოს გარდა შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს “უხვს” უწოდებენ, რამდენადაც მიღებულია მარხვის შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლა. ყოფილ იუგოსლავიაში (სერბია, ჩერნიგორია, მაკედონია) ასევე ზეიმობენ ამ თარიღს. სერბები მას “სერბულ ახალ წელს” უწოდებენ. ჩერნიგორიაში კი ძველით ახალ წელს “ნამდვილ ახალ წელს” უწოდებენ.
კომენტარები