ბრიტანული ტელეკომპანია BBC საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. „დაიცავი შენი ხმა“ – ამ ლოზუნგით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომლებიც საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ულტიმატუმი წაუყენეს და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ დაიძრნენ. – წერს BBC.
„ჩვენ ცესკოს შენობასთან უნდა დავდგეთ და მას კომენდანტის საათი დავუწესოთ. იქ ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება“ – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
ცესკოს შენობასთან პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. „საპროტესტო აქციის დროს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობდა, მისმა მონაწილეებმა შენობაში შეჭრა სცადეს. ამაში მათ პოლიციამ ხელი შეუშალა. მომიტინგეებმა ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს და პოლიციის მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ამიტომ მათ წინააღმდეგ შსს-მ პროპორციული ძალა გამოიყენა“ – განაცხადეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
BBC-ის ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალურ ფალსიფიკაციაზე საუბრობს. არჩევნებზე მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო.
13 ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვეს. 17 ოლქში კი, მათ შორის თბილისის 8 ოლქში, 21 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება.
შესაბამისად, „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას იღებს. „ეს უპრეცედენტო შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან აქამდე არც ერთ პოლიტიკური ძალა საქართველოში მესამე ვადით ხელისუფლებაში არ მოსულა” – წერს BBC.
ამასთანავე, არჩევნების შედეგებს არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს, აქციები თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში იმართება.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართა. 120 დეპუტატის არჩევა 77-ის ნაცვლად პარტიული სიებით მოხდა, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 73 -დან 30-მდე შემცირდა. საარჩევნო ბარიერი კი 5-დან 1 %-მდე შემცირდა, რამაც მცირე პარტიებს შანსი მისცა – წერს BBC.
საერთო ჯამში პარლამენტში 9 პარტია ხვდება. ოპოზიციიდან ყველაზე მეტი, 27% „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ მიიღო. დანარჩენმა პარტიებმა 4%-ზე ნაკლები მიიღეს, მათ შორის „გირჩმა“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობდა.
არჩევნების შედეგები სხვა პარტიებთან ერთად „პატრიოტთა ალიანსმაც“ არ აღიარა, რომელიც პრორუსულ პარტიად ითვლება და როგორც დღევანდელ, ასევე ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამასთანავე „პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს არ შეუერთდა, ვინაიდან განაცხადეს, რომ მათ წინააღმდეგ პროვოკაციები მზადდებოდა.
ორგანიზაციამ “Transparency International – Georgia”, რომელსაც არჩევნებზე 600-მდე დამკვირვებელი ჰყავდა, ამ არჩევნებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა. 26-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე არადემოკრატიული და არათავისუფალი უწოდა.
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კონკურენტული იყო, დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, თუმცა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებმა საზოგადოების მხრიდან არჩევნების პროცესის მიმართ უნდობლობა გაზარდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მასშტაბურ ფალსიფიკაციაზე საუბრობენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ასეთი რამ 2003 წელსაც კი არ მომხდარა, რასაც მაშინ „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა. „ფალსიფიცირებულია 200 ათასამდე ხმა. ეს დაახლოებით 10%-ია. ეს ხმების წარმოუდგენელი ქურდობაა, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა“ – განაცხადა ჩიხლაძემ.
მსგავს განცხადებებს სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც აკეთებენ, თუმცა საარჩევნო კომისიები საჩივრების უმეტესობას არ განიხილავენ. ცესკოს განცხადებით, საერთო ჯამში ხმების გადათვლა 19 უბანზე მოხდა და გადათვლის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საოლქო კომისიების სხდომები წარმოუდგენელი ზეწოლის პარალელურად მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის სხდომებზე შეჭრას ცდილობდნენ, რასაც მათ და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
6 ოქტომბერს საქართველოს უშიშროების სამსახურში განაცხადეს, რომ ის ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე გამოძიებას აწარმოებს. ამ უწყების ინფორმაციით, კონკრეტული პირები მობილურ ჯგუფებს ქმნიდნენ ყოფილი პოლიციელებისგან და სამხედროებისგან და კანონიერი ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ.
უშიშროების უწყებაში 5 ნოემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოიკითხა. კობახიძე აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტროშიკერებით და ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები ჰყავთ მობილიზებულები და პროვოკაციებისთვის ემზადებიან.
BBC-ის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ბრალდებებს სასაცილოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციური ძალები დღეს ისეთი ერთიანები არიან, როგორც არასოდეს. ამის შედეგად მმართველი პარტია იზოლაციაში მოექცა.
მაშინ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას დასჯას მოითხოვენ, არჩევნების ტოტალური ფალსიფიკაციისთვის, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ხოლო ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევიდეს, არის კაპიტულაცია მეორე ტურში მოსალოდნელი დამარცხების გამო.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელახალი, თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება. როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, ოპოზიციის ტაქტიკას, შესაძლოა, კონსენსუსი მოჰყვეს. მისი თქმით, არჩევნებზე მომხდარმა დარღვევებმა, შესაძლოა, პროცენტულად სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვალა, მაგრამ რამდენიმე პროცენტიანმა სხვაობამ შეიძლება ხელისუფლების შეცვლის ან დარჩენის ბედი გადაწყვიტოს.
„ჩემია აზრით, ოპოზიციას არ უნდა ეღიარებინა არჩევნების შედეგები, მაგრამ უნდა შესულიყო პარლამენტში, სადაც არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების შემსწავლელი კომისია შეექმნა. შემდეგ უკვე დასაბუთებულად დაემტკიცებინა, რომ არჩევნებზე ფალსიფიკაცია მოხდა და დანიშნულიყო ხელახალი არჩევნები. ასეთი გზა უფრო ცივილიზებულად მეჩვენება“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთანავე ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს ოპოციციამ, ამას ყველა შემთხვევაში რიგგარეშე აჩევნები მოჰყვება. „ხელისუფლებამ დაიწყო ხალხის დაშინება, არსებულ პრობლემებს ოპოზიციას აბრალდებენ, შეთქმულების თეორიებით გადატრიალებებზე საუბრობენ. მათ ეს გზა აირჩიეს. მათ შეიძლება ახლა სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეცვალონ და ოპოზიცია დაქსაქსონ, მაგრამ სისტემურად ეს არაფერს შეცვლის. კრიზისი გარდაუვალია“ – ამბობს ექსპერტი.
BBC-ის ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით, თუ პარლამენტში მხოლოდ „ოცნების“ დეპუტატები შევლენ, ისინი მთავრობის დაკომპლექტებას და ბიუჯეტის მიღებას მაინც შეძლებენ. თუმცა კონსტიტუციის შეცვლას და სხვა გადაწყვეტილებების მიღებას, რისთვისაც ხმების 2/3 არის საჭირო, ეს მონოპარტიული პარლამენტი ვერ შეძლებს.
კომენტარები