გამოცემა “ბათუმელების” ცნობით, სამშენებლო კომპანია, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მწვანე კონცხზე კორპუსის მშენებლობა თითქმის დაასრულა, ამ კორპუსისთვის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად მერიას ნებართვას სთხოვს. იმავე კორპუსში კომპანია „პრემიუმ კლასის“ ბინებს ყიდის.
აქ ერთი კვ.მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება და იზრდება ხედისა და სიმაღლის მიხედვით.
კომპანია განმარტავს, რომ გამწმენდი ნაგებობა ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში სამეურნეო-ფეკალური წყლების სწორი მართვისთვის სჭირდება.
მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებას საკანალიზაციო სისტემა ჯერ კიდევ არ აქვს. ეს გარემოება სამშენებლო კომპანიებს არ აფერხებს ზღვისა და მთის ხედებით „პრემიუმ კლასის“ ბინები ძვირად გაყიდონ.
ეს მნიშვნელოვანი გარემოება არც მერიას უშლის ხელს ამ დასახლებაში მრავალბინიანი კორპუსების პროექტებზე სამშენებლო ნებართვები გასცენ, ზოგჯერ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის, ზოგ შემთხვევაში კი კარგად გამწვანებული სივრცეების ათვისების ხარჯზე.
მსგავსმა გადაწყვეტილებებმა ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ ქალაქი ისეთი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომლის გადაჭრა ვერც ამ კორპუსებში მცხოვრებლებმა მოახერხეს და ვერც მერიამ შეძლო.
ზაფხულობით, ტურისტული სეზონის დროს, ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიიდან პერიოდულად არასასიამოვნო სუნი ვრცელდება – აქ მცხოვრებლები კანალიზაციის სუნს უწოდებენ, მერიის წარმომადგენლები კი ამას ხან არასტანდარტულ ნაგავსაყარს, ხან ადლიაში მდებარე სტანდარტულ გამწმენდ ნაგებობას უკავშირებენ. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ არანაკლებ საგანგაშოა კორპუსების სარდაფებიდან, ასევე გაუწმენდავი შამბოებიდან მომავალი სუნი.
საქმე ისაა, რომ მშენებელმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ე.წ. შამბოების ისე მოწყობა და მართვა, რომ მისით გამოწვეულმა სუნმა პრობლემები არ შექმნას ქალაქში.
მოსახლეობის ეს წუხილი მერიაში ისევე არ ესმით, როგორც მაშინ, როცა აფრთხილებდნენ, რომ კორპუსები ეზოებისა და პარკირების გარეშე „ქალაქს გაჭედავდა“, – წერს მედია.














კომენტარები