ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად დემოკრატებმა უმრავლესობა მიიღეს როგორც კონგრესში, ისე სენატში. არჩევნების წინ ტრამპმა მიმართა ამომრჩევლებს და მოუწოდა ხმა ისე მიეცათ, თითქოს ის იყრიდა კენჭს. ამერიკელებმა ტრამპს დაუჯერეს და…. მასობრივად ხმა მისცეს მის წინააღმდეგ. მაგალითად კანზასში სენატის არჩევნები დემოკრატს არ მოუგია1932 წლის შემდეგ, ტეხასში – 1988 წლის შემდეგ, სამხრეთ კაროლინაში – 1998 წლის შემდეგ. ტეხასსა და ჯორჯიაში დემოკრატებს გუბერნატორის არჩევნები ბოლოს 1990 და 1998 წლებში ჰქონდათ მოგებული.
მოკლედ ამერიკელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ეს ქვეყნა რჩება ფუნქციონირებად დემოკრატიად. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების დაბალანსების ტრადიციის შენარჩუნება. ბოლო 10 შუალედური არჩევნებიდან პრეზიდენტის პარტიამ წააგო რვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაყვეტილებების მიღების საშიშროება.
ამ არჩევნებმა აგრეთვე აჩვენა, რომ ფინანსები არჩევნებში ყველაფერს არ წყვეტს, თუნდაც იმიტომ, რომ საერთო ჯამში, რესპუბლიკურმა ბანაკმა დემოკრატებზე ბევრად დიდი თანხა, მინიმუმ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. (ზოგი ექსპერტი 1.5 მილიარდ დოლარამდეც ადის)
რამდენად ძლიერი გახდება ამერიკა ამ არჩევნების შემდეგ? მე პირადად თავს შევიკავებდი ძალიან ოპტიმისტური შეფასებისგან. ამ არჩევნებმა აჩვენა რომ ამერიკის საზოგადოებაში იზრდება პოლარიზაცია. ბოლო წლებში, რესპუბლიკელების და დემოკრატების ბანაკში რადიკალების გავლენა იზრდება. მაგალითად უკიდურესად მემარცხენე „დემოკრატიული სოციალიზმის“ მიმდინარეობის პოლიტიკოსებმა ისტორიული შედეგი აჩვენეს და გაისამმაგეს წარმომადგენლობა. მათ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ნიუ იორკში, საიდანაც სამი რადიკალურად მემარცხენე კონგრესმენი აირჩიეს.
ტრამპის მარცხი აბსოლუტურად გასაგებია, იმ საოცრებების შემდეგ რასაც ის ჩადის, მაგრამ ამავე დროს, ქვეყანას რომელსაც უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტი აქვს, ასე მარცხნივ გადახრა რამდენად მოუტანს სიკეთეს, ეს არავინ იცის.
ჩანს, რომ მემარცხენე ტრენდს საკმაოდ წონადი საფუძველი აქვს აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისს (CBO) და Economic Policy Institute-ს (EPI). მონაცემებით 1979 წლიდან 2023 წლამდე აშშ-ს მოსახლეობის 90%-ის ხელფასების ზრდამ მხოლოდ 43% შეადგინა, 90-99 % მდე მდიდარი ფენის შემოსავლები გაიზარდა 93, 8 %-ით, ხოლო 1 % უმდიდრესი ფენის 181 %-ით. ანუ, უმდიდრესი 1%-ის ხელფასების ზრდა ქვედა 90%-ის ზრდას ოთხჯერ აღემატებოდა.
თუკი ქვეყნის უმდიდრესი ფენა, 1 %, 1978 წელს ფლობდა ეროვნული მშპ-ს 9%-ს, 2023 წელს ამ რიცხვმა 18% შეადგინა, მაშინ როცა მოსახლეობის საშუალო ფენის, 60%-ის წილი მთლიან ეროვნულ პროდუქტში 50%-დან 45 %-მდე შემცირდა. ანუ ქვეყენაში მკვეთრად იზრდება სოციალური უთანასწორობა და 1%-ის გამდიდრების ფონზე მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილდღეობა აღარ იზრდება. ამას მოსახლეობა ტრადიციული მიმდინარეობის პოლიტიკურ ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს აბრალებს, რომლებიც არა ხალხის, არამედ მსხვილი ბიზნეს ჯგუფების ინტერესებს ემსახურებიან. სწორედ ეს ქმნის ბევრი ექსპერტის აზრით რადიკალური მემარცხენე მოძრაობების გაძლიერების ნოყიერ საფუძველს.
ამავე დროს, მიუხედვად ამ არჩევნებში სასტიკი მარცხისა, რადიკალური MAGA რესპუბლიკური პარტიის შიგნით ყველაზე გავლენიან ძალად რჩება და უკვე ისმის ხმები, რომ ამ არჩევნებზე პასუხისმგებლობა ტრამპმა უნდა აიღოს, რომელმაც უღალატა MAGA-ს პრინციპებს, იზოლაციონისტური პოლიტიკის და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გატარების ნაცვლად, ავანტიურისტული საგარეო პოლიტიკა აწარმოა, ირანთან ომი, ტარიფების დაწესება კანადათან და მექსიკასთან, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ამიტომ MAGA თავის რიგებში ეცდება ახალი ლიდერის გამოკვეთას, ალბათ ან ვენსი, ან სენატორი ტედ კრუზი. მათი პოზიციები გაძლიერდება, თუკი კონგრესმა დემოკრატი სოციალისტების გავლენით ძალიან მემარცხენე, გლობალისტური პოლიტიკის გატარება დაიწყო და არ არის გამორიცხული რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველად აშშ-ს ისტორიაში ერთმანეთს დემოკრატების და რეპუბლიკელები ორი რადიკალური, მემარცხენე და მემარჯვენე მიმდინარეობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ.
სხვათა შორის, დემოკრატი სოციალისტების ნაწილი არა MAGA-ს დონეზე, მაგრამ საკმაოდ იზოლაციონისტურად არის განწყობილი, მაგალითად, დემოკრატების ახალი ვარსკვლავი, მიჩიგანელი კონგრესმენი, აბდულ ელ-საიედი. ის უკრაინის დახმარების წინააღმდეგიც არის. სხვათა შორის, დამარცხდა რამდენიმე რესპუბკლიკელი სენატორი, რომლებიც იყვნენ უკრინის აქტიური მხარდამჭერები, იგივე კაროლინელი სენატორი თომ ტილისი. უკრაინისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო სენატის რესპუბლიკელების ყოფილი ლიდერის, მიტჩ მაკკონელის (Mitch McConnell) პოლიტიკიდან წასვლა. ადგილი შეინარჩუნა უკრაინის მომხრე მოქმედმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, 83 წლის ჯო უილსონმა . ამავე დროს, წარმომადგენელთა პალატაში პოზიციები დაკარგეს უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე (რადიკალ MAGA) რესპუბლიკელებმა. რაც შეეხება დემოკრატებს, როგორც კანზასში, ტეხასსა თუ სხვა შტატებში ახლად არჩეული წევრები, ისე ძველი ისტებლიშმენტი, მკაფიოდ უჭერენ მხარს კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაზრდას.
მოკლედ, აშშ-ში ახლა შიდაპოლიტიკური დაპირისპირების პერიოდია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება კარგად არ იმოქმედოს საერთაშორისო ვითარებაზე, რადგანაც სწორედ ამის გამოყენებაას ეცდებიან ირანი, რუსეთი და დემოკრატიის სხვა მტრები.











კომენტარები