„მითების დეტექტორის“ ცნობით, სახელისუფლებო მედიები ციტირებენ სავარაუდოდ, “არქეოლოგ“ ტროლს, რომელმაც 3 გვარი გამოიცვალა.
“მითების დეტექტორის“ ცნობით, სავარაუდო ტროლი, რომელსაც სახელისუფლებო მედია აშუქებს ჯერ ქეთი თოლორაია (Katie Toloraya) იყო, შემდეგ პოსტებს ქეთევან ტურიაშვილის სახელით ავრცელებდა და ახლა ქეთევან მიქიაშვილია.
მითების დეტექტორის მიერ ადრე გამოვლენილ ანგარიშს, რომელიც პატიმრობაში მყოფი აქტივისტის მათე დევიძისა და BBC-ის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული, სახელისუფლებო მედია ბოლო დროს ორი სხვადასხვა სახელით კოორდინირებულად ციტირებს. ციტატები, რომლებიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება, თანხვედრაშია ხელისუფლების რიტორიკასთან და ძირითადად დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციის და აქტივისტების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.
მითების დეტექტორის ცნობით, 18 იანვარს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე საინფორმაციო სააგენტოებმა (მედიაჰოლდინგი “კვირა”, რეზონანსდეილი, Prime Time, რეპორტიორი, InfoPostalioni.com, Ongo.ge) ერთ–ერთი კომპანიის საწარმოს გახსნის შესახებ ფეისბუკ მომხმარებლის, ქეთევან მიქიაშვილის პოსტი თითქმის იდენტური ტექსტით გაავრცელეს. მასალა ასევე გავრცელდა საინფორმაციო სააგენტო newshub.ge-ის ვებ-გვერდზეც. პოსტის ავტორი კომპანიას აკრიტიკებს, წერს, რომ კომპანიამ ახალი საწარმოს გახსნისას ძვირადღირებული ღონისძიება მოაწყო, სადაც პოლიტიკურად აქტიური ფიგურები იყვნენ მიწვეულები. მიქიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის ასოცირებული კომპანია, რომელიც „ხალხს ჯიბიდან ფულს აცლის” და ოპოზიციურად განწყობილებს „უკუჭავს“
აღსანიშნავია, რომ პრაიმ თაიმის გვერდზე ქეთევანი როგორც მიქიაშვილის, ასევე ტურიაშვილის სახელით გვხვდება. თემები, რომელზეც მას ციტირებენ, ბიძინა ივანიშვილის დაცვისკენ, ან ხელისუფლების პოზიციების მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ამავე დროს მის პოსტებს ძირითადად ჟურნალისტების, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობლის, ოპოზიციისა და აქტივისტების წინააღმდეგ ციტირებენ.
ამ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ მასალებში აღნიშნულია, რომ ქეთევან მიქიაშვილი არქეოლოგია. ქეთევან მიქიაშვილის ფეისბუკ პროფილზე მხოლოდ ერთი ფოტო გვხვდება, რომელიც სავარაუდოდ, პოსტის ავტორს უნდა ასახავდეს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამავე პირს, ოღონდ უკვე სხვა სახელით (ქეთევან ტურიაშვილი) პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიები (POSTV, TV imedi, Rustavi2) 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის იანვარში აქტიურად ციტირებდნენ. მაგალითად, POSTV-ის ფეისბუკ გვერდზე POSTV News ტურიაშვილის ჯამში ცხრა პოსტი, დეკემბერში ოთხი (1,2,3,4) და იანვარში ხუთი პოსტი (1,2,3,4,5) არის ციტირებული.
ტურიაშვილის მიმართვებს ასევე სისტემატიურად ტირაჟირებდნენ პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის სხვა საინფორმაციო სააგენტოებიც (რეპეორტიორი, Neshub.ge, ongo.ge, mpn.ge, Kvira.ge, Digest.ge, Lideri.ge).
“,- ვკითხულობთ „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.














კომენტარები