ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ მასზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ის საგამოძიებო უწყებებს პროაქტიულად გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, რომ ყველა კამერის ჩანაწერი ამოიღონ, სადაც მასზე თავდასხმა ჩანს.
მისი თქმით, გამოკვეთნენ საეჭვო პირები და რომ შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
“ახლა ვიწყებთ მუშაობას რომ დავასრულოთ დაზარალებულის პოზიცია, ასეთი დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნით გამოძიებას და რომლითაც მოვითხოვთ გამოძიებამ ჩვენი ხედვის, ჩვენი ვერსიის გამოძიება ჩაატაროს და ამოიღოს ყველა მტკიცებულება, რომელიც ჩვენი ვერსიის გასაქარწყლებლად ან გასამყარებლად უნდა იქნეს გამოყენებული. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არცერთი კამერის ჩანაწერი არ დაიკარგოს. გუშინდელ გადაცემაში გამოიკვეთნენ საეჭვო პირები, გამოიკვეთა რომ შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში და გუშინ ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი აფთიაქის ორი ჩანაწერი, ძალიან ბევრი კამერაა იქ გარშემო და მე მოვუწოდებ გამოძიებას აღარ დაელოდონ დაზარალებულის პოზიციის ოფიციალურად მიწოდებას და ახლავე პროაქტიულად დაიწყონ თუკი სადმე რამე კამერაა გარშემო ნებისმიერი ჩანაწერია ამოღება”, – თქვა მიშა მშვილდაძემ.
გარდა ამისა, მშვილდაძემ თავდასხმის ადგილას არსებულ ობიექტებს მიმართა და დახმარება სთხოვა.
“მინდა მივმართო ყველას, ვისი კამერებიც განლაგებულია, მეგობრებო, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის, რომ მიაწოდოთ კამერის ჩანაწერები ნებისმიერ ვინმეს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მედიას რომ მიაწოდოთ თქვენი კამერის ჩანაწერები, შესაბამისი ფორმით დაცული, სადაც ჩვენ მერე შევძლებთ გავბლაროთ თითოეული ადამიანი, რომელიც არაფერ შუაშია და მხოლოდ ისინი დავტოვოთ, ვის მიმართაც ობიექტური ინტერესი არსებობს, მათი გადაადგილების მარშრუტით გამომდინარე და ყველას მინდა ვთხოვო, არაფრის შეგეშინდეთ, თუ ვინმეზე ზეწოლა იქნება მოგვმართეთ აუცილებლად, ითანამშრომლეთ ჩვენთან, მოგვეცით კამერების ჩანაწერები ჩვენც, გამოძიებასაც… მოქალაქეებმა ყველაფერი გავაკეთოთ შეთანხმებულად, რომ ამ საქმის ჩაფარცხვის, სიმართლის დამალვის და დამნაშავეების დაუსჯელად დატოვების შესაძლებლობა არავის მივცეთ”, – თქვა მიშა მშვილდაძემ.
ცნობისთვისმ 27 ივნისს უცნობი პირი მიშა მშვილდაძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი ტელეწამყვანს უკნიდან მიეპარა, წააქცია და სახეში მუშტი დაარტყა. მშვილდაძემ თქვა, რომ კიბეზე დაეცა და ვეღარ დაინახა ერთი პირი ურტყამდა, თუ რამდენიმე.
პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს
კომენტარები