ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი პარლამენტში არ შედგა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულ ოცნებას“ ხმები არ ეყო სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ის კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. თქვენ იმ პროცესის დასაწყისშივე ამბობდით, რომ იმპიჩმენტი სოციალური და სხვა თემების გადასაფარავად შემოგდებული თემა იყო და მას „ქართული ოცნება“ ბოლომდე ვერ მიიყვანდა?
– კი, ბატონო, ეგრე იყო ნამდვილად, თავიდანვე მაგას ვამბობდი. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი ახალი ლიდერის ჩამოსაყალიბებლად. ივანიშვილმა „ნაცმოძრაობა“ დაშალა და ოპოზიციაში ახალი მოთამაშე სჭირდება, რომელიც „ოცნებას“ დაამარცხებს. „ნაცმოძრაობის“ სახით ბუა აღარ სჭირდება. ბიძინას ახლა სჭირდება ევროპა, ჩვენ ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, სრულად მიიწეროს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, თუ მოგვცეს. ზურაბიშვილმა „გაუპრავა“ ეს პარლამენტი ივანიშვილს, შარლ მიშელთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ და ოპოზიცია შელალა პარლამენტში. „თი–ბი–სი“ ბანკის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმეც გახსოვთ და მაგ საქმეში, ორივენი გაამართლა სასამართლომ. ეს ნიშნავს, რომ დამფინანსებლებიც მოუძებნა სალომეს ივანიშვილმა. ხელის გულზე დევს ყველაფერი, ნათლად ჩანს ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია. იქვე არიან ის ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ და ბიძინა ივანიშვილზე წლებია ერთი ძვირი არ დასცდენიათ, მხოლოდ კობახიძესთან და მის გუნდთან არიან დაპირისპირებულნი. ეს ხალხიც სალომეს გვერდით დგას. მე ვფიქრობ, ივანიშვილი ამ ახალი ოპოზიციური ფლანგის ჩამოყალიბებას შეეცდება, კონტურები უკვე ჩანს, ვინ იქნებიან სალომესთან ერთად. მათი მთავარი მესიჯი 2024 წლის არჩევნებზე იქნება ის, რომ ჩვენ მოვუტანეთ ქვეყანას ევროკანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ეს არ უნდოდაო. მოკლედ, ბიძინა შეეცდება, ეს სურათი დაიდოს და მერე გადაწყვეტს, ვის შეაქმნევინოს პარლამენტში უმრავლესობა. „ნაცმოძრობაც“ და მისი სატელიტი პარტიებიც ბიძინასია, მოდით პირდაპირ ვთქვათ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის ფლანგზე უფრო მეტი პარტია მოიყრის თავს. ცდილობს, რომ ეს სურათი შეგვაჩეჩოს. თუმცა, ეს არის თეორიული ვარიანტი, რომელიც ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს და ჩვენი მოვალეობაა, ხალხს დავანახოთ, რომ ეს არის ჩიხი და ამის გაკეთება იმ პერსპექტივასაც მოუსპობს ქვეყანას, რაც ჯერ კიდევ დარჩა. არა მარტო განვითარების, არსებობის პერსპექტივასაც. ვინც დღეს ამ სპექტაკლში მონაწილეობს, ისინი ერთად ძირავენ ამ ქვეყანას. ერთი ნაღდია, “ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა, ასე მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილიც, ამ გუნდით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს 2024 წლის არჩევნებზე. როგორ მოიქცევა, კონკრეტტულად როგორ გამოიყენებს სალომე ზურაბიშვილს და მის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას, ეს მალე გამოჩნდება. მეტი კონკრეტიკა ამ ეტაპზე ჰაერზე ლაპარაკი იქნება, რაც არ მჩვევია.
– ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ შეგნებულად, გააზრებულად იყვნენ ჩართულნი წინასწარ წაგებულ იმპიჩმენტის პროცესში? წინასწარ იცოდნენ, რომ იმპიჩმენტი არ იქნებოდა?
– ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს შეხმატკბილებულ პოლიტიკურ ძალებს. მაგათ ეტყოდა, რომ სალომე მოღალატეა, მტერია, მიუსია მთელი „ქართული ოცნება“ და კი ლანძღავდნენ გულიანად. ბიძინა თავის გეგმებს ყველას არ უმხელს. ზოგს ჰგონია, ირაკლი კობახიძე ყოველ დილა საღამოს ივანიშვილთან ზის და მისგან დირექტივებს იღებს. მე მგონი, უკვე თვეებია, კობახიძეს ივანიშვილი არ უნახავს. ესენი მართლა ებრძოდნენ სალომეს და მართლა სურდათ მისი გადაყენება, რადგან ეგონათ, რომ ეს ივანიშვილის სურვილი იყო. ივანიშვილისთვის ეს ხალხი არის პაიკები, მათით თამაშობს. მის საჭდრაკო დაფაზე ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ეს ფუნქცია დროებითია. ვის როდის გაუვა ყავლი, როდის მოისვრის, ეს მხოლოდ ივანიშვილმა იცის.
–სალომე ზურაბიშვილს დავუბრუნდეთ. მისი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობა მარტო ბიძინა ივანიშვილის გეგმაა თუ დასავლეთთან შეთანხმებულია?
–დასავლეთთან შეთანხმებული პროექტია, ასე ვფიქრობ და ეს ოპოზიცია როცა შეიკვრება, ამის მერე მოგვცემენ სტატუსს. კობახიძეს და მაგის გუნდს მტერმა უყურა ყოველდღე, ივანიშვილი მაგათ ჩარეცხავს, როგორც ბალასტს. კობახიძემ თავისი საქმე შეასრულა, ყველას დაუპირისპირდა, ყველა ლანძღვა და სალაპარაკო აღარავისთან აქვს, ყველასთან მისასვლელი გზა მოიჭრა. შინაურებს თავი დავანებოთ, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის ელჩები არ დარჩა გაულანძღავი. ის დასავლეთთან ურთიერთობისთვის აღარ გამოდგება, ამოწურა თავი. აქედან გამომდინარე, მისგან ივანიშვილისთვის აღარანაირი ხიფათი არ მოდის, ის, რომ დავუშვათ, კობახიძე ოპოზიციაში წავიდეს. ეგეთი ხიფათი შეიძლებოდა ყოფილიყო გიორგი კვირიკაშვილი, ის კომუნიკაბელური, გაწონასწორებული პიროვნებაა და პოლიტიკაში დამოუკიდებლად რომ გადაედგა ნაბიჯი, მხარდაჭერა ექნებოდა. აგერ გამოჩნდა, რომ გახარიაც გარკვეულწილად საფრთხედ ექცა ივანიშვილს. კობახიძემ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში რომ დაიწყოს, შექმნას პარტია, ოჯახის წევრებმაც შეიძლება არ მისცენ ხმა.
კობახიძე იძახის, სალომე ზურაბიშვილი ჩემი პრეზიდენტი არ არისო და ამ აზრზეა მთელი „ქართული ოცნება“ პარლამენტში მისი მხარდამჭერი ფრაქციების წევრები. გამოდის, საკუთარ თავს რიყავენ, ემიჯნებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა პრეზიდენტიც სალომე ზურაბიშვილია. ბევრი არც ამ გაყალბებული არჩევნებით მოსულ პარლამენტს სცნობს კანონიერად და მეც მათ შორის და რა ვქნათ ახლა, ამ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები არ არის კანონი და მათი იგნორირება მოვახდინოთ? ვისაც უკანონოდ მიგვაჩნია ეს პარლამენტი, საკუთარი კანონები მივიღოთ და იმით ვიცხოვროთ? გამოვა ეგრე? არა, არ გამოვა. სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, გაყალბების გარეშე მოიგო მაინც, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. ახლა იძახიან ჩვენ დავეხმარეთ, 1% ჰქონდა რეიტინგი, მეტი არაო. მაშინ რატომ ატყუებდნენ ხალხს, რომ მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ამის დამადასტურებელი კვლევების შედეგებს გვიდებდნენ წინ? ვინ იძახდა, რომ ზურაბიშვილი მაგარი პრეზიდენტი იქნებოდა? კობახიძე, მდინარაძე, ყველა, ვინც დღეს მის საწინააღმდეგო კამპანიაშია ჩართული. დღეს გვიმტკიცებენ, არ გარგაო. ამ ხალხში მორალს ტყუილად დავუწყებთ ძებნას, რადგან არ გააჩნიათ. ესენი ერთ კაცზე ჩამოკიდებულები არიან, არაფერს წარმოადგენენ. ეგრე იფართხალებენ, ვიდრე ის კაცი პოლიტიკურ მოუსავლეთში არ გაუშვებს. ეს დრო კი კარს არის მომდგარი.
– იმპიჩმენტით ვერ გადააყენა პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი და ახლა ირაკლი კობახიძე პროკურატურით ემუქრება. მისმა მიმდევრებმა განავრცეს ეს მუქარა–კონსტიტუცია, კანონი დაარღვია პრეზიდენტმა და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, თუ საჭიროა, ციხეშიც უნდა ჩაჯდესო. ეს რაღაა?
–ნეტავ ისეთ ქვეყანაში მაცხოვრა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ყველამ პასუხი აგოს, გინდა პრეზიდენტი იყოს და გინდა დეპუტატი. „ქართული ოცნება“ ვის კანონდარღვევაზე ლაპარაკობს? ხალხი გაყვლიფეს, ბიუჯეტი ჯიბის ფულად გაიხადეს, ქვეყანა გაყიდეს და მომკითხავი არავინ არის. ყოველდღე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევენ კანონს აღმსრულებელი და საპარლაამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ან რა კონსტიტუციის დარღევაზე ლაპარაკობენ, არ სცხვენიათ?
საქმე იმაშია, მიუხედავად იმისა, რომ დადგმული იყო ეს „იმპჩმენტის თემა“, ირაკლი კობახიძემ იწვნია პირველი საჯარო მარცხი პოლიტიკაში. ამას მიჩვეული არ არის. აქამდე ივანიშვილი სულ კობახიძის მხარეს იჭერდა, ახლა კი ზურაბიშვილის მხარეს დადგა. კობახიძემ ეს კარგად იცის, ხვდება, ეს შეცვლილი სიო საიდანაც უბერავს. კობახიძე დარწმუნებული იყო, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოახერხებდა, მაგრამ ივანიშვილმა ეს საქმე ბოლომდე არ მიაყვანინა, სადაც საჭიროდ მიიჩნია, იქ გააჩერა პროცესი. თუ კონსტიტუციის დარღვევისთვის ვინმეს დაჭერა უნდოდათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა უნდა დაეჭირათ, რადგან ეროვნული ბანკია ქვეყანაში ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი, რაც ფასების სტაბილურობას განსაზღვრავს. ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომია, რაც კონსტიტუციაში სწერია? კონსტიტუციით ეს გარანტირებული აქვთ, მაგრამ ეს მარტო ქაღალდზე სწერია, ხალხი უწამლობითა და უექიმობით იღუპება. არა გვაქვს სოციალური, ხალხზე ორიენტირებული სახელმწიფო. პირიქით, ვიწრო ჯგუფზე, მის კეთილდღეობაზე მორგებული სახელმწიფო გვაქვს. ეგრე თუ მივყევით, კონსტიტუცია ბევრჯერ დაურღვევია ამ ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებსაც ეკუთვნით საამისოდ სასჯელი, მაგრამ ესენი თავიანთ თავს არ დასჯიან. მარტო იმათ იჭერენ, ვინც ამ ელიტას უპირისპირდება, მათ კომფორტს საფრთხეს უქმნის. ის გაიხსენონ, პრეზიდენტის დეკრეტებით ხალხი სახლებში რომ გამოკეტეს, ქვეყანა ჩაკეტეს, ყველაფერი ჩაკლეს, ბიზნესი შავ დღეში ჩააგდეს და მერე გაირკვა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას ოფიციალურად პანდემია არ გამოუცხადებია მაშინ, სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციის ხასიათი ჰქონდა და ამ რეკომენდაციის საფუძველზე ხალხის გადაადგილებისა და სხვა უფლებები დაირღვა. კონსტიტუციაში 78–ე გარდამავალი მუხლის ჩაწერის მომხრე არ ვიყავი, მაგრამ ჩაწერეს. ეს მუხლი, საკონსტიტუციო ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებას ავალებს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საქართველო ნატო–ს და ევროკავშირს დაუახლოვდეს. ამას ასრულებენ? არა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. რატომ არ აგებენ ამაზე პასუხს?
კომენტარები