საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
დღეს კონსტანტინოპოლის დაცემის დღეა. ეს დღე მძიმეა საქართველოს ისტორიისთვისაც, რადგან ის, რაც ამ ამბავს მოჰყვა, პირდაპირ შეეხო ჩვენს ბედსაც. ბევრი საინტერესო პოლიტიკური თემა და მითია ამ საკითხის ირგვლივ და აუცილებლად უნდა განვიხილოთ. დავიწყოთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალით – იმ იმპერიას, რომელსაც დღეს “ბიზანტიას” ვუწოდებთ, ეს სახელი არასოდეს უხსენებია საკუთარი თავისთვის. ის თავს რომის იმპერიად მოიხსენიებდა – Βασιλεία Ῥωμαίων, Imperium Romanum. “ბიზანტია” გვიანდელი ისტორიკოსების ტერმინია.
დავიწყოთ საინტერესო ფაქტებით: კონსტანტინოპოლს მოსახლეობის ის რაოდენობა არ იცავდა, რისი შესაძლებლობაც არსებობდა. პერმანენტულმა სამოქალაქო ომებმა და რელიგიურ-იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ მოსახლეობა გამოფიტა, მაგრამ პროპაგანდამაც იმუშავა – ამაზე ქვემოთ – თუმცა ის ბერძენი რომაელები, რომლებიც ქალაქს იცავდნენ ყველაზე მოტივირებული და თავდადებული სამხედროები იყვნენ. მათთან ერთად, კონსტანტინოპოლის დაცემის ღამეს წინა ხაზზე იტალიელები იბრძოდნენ. ქალაქის თავდაცვას სათავეში ედგა გენუელი არისტოკრატი ჯოვანი ჯიუსტინიანე ლონგო, რომელმაც შვიდასამდე მებრძოლი ჩამოიყვანა და სამხედრო ხელმძღვანელობა იკისრა. სწორედ მისმა სასიკვდილოდ დაჭრამ გამოიწვია თავდაცვის ხაზის ჩამოშლა – როცა ჯიუსტინიანე გალავნიდან გაიყვანეს, პანიკა დაიწყო.
დამცველთა შორის იყვნენ ვენეციელები, კატალონიელი ესპანელები პერე ხულიას მეთაურობით, ტოსკანიელი რაინდები, სიცილიელებიც კი, რომელთაც მანამდე არაერთი დაპირისპირება ჰქონდათ იმპერიასთან განვლილი. რომის პაპის მიერ მივლენილი კარდინალი ისიდორე – კიევისა ყოფილი მიტროპოლიტი – პირადად იცავდა ქალაქის ერთ-ერთ უბანს. ვენეციელები ოქროს რქის დაცემის შემდეგ უბან-უბან იბრძოდნენ ქალაქის შესანარჩუნებლად. მეზღვაურები ხმელეთის დაცვაზე გადავიდნენ. იგივე ბედი გაიზიარა სიცილიელმა არისტოკრატმა გაბრიელ ორსინიმ, რომელიც კედელ-კედელ გადაადგილდებოდა თავისი ასეულით.
ბოლო იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი ქალაქში დარჩა და უარყო გაქცევის შესაძლებლობა. გადმოცემით, იმპერატორის ამოსაცნობი ნიშნები მოიხსნა და უბრალო ჯარისკაცებთან ერთად გმირულად დაიღუპა ბრძოლაში.
ახლა ერთ-ერთ მთავარ მითს დავუბრუნდეთ – “დასავლეთი არ მიეშველა”. ეს უბრალოდ ტყუილია.
კონსტანტინოპოლის გადასარჩენად მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში უნგრეთის სამეფო განმეორებით ომებს აწარმოებდა ოსმალეთთან. 1444 წელს უნგრეთის მეფე ვლადისლავი და სამხედრო გენიოსი იანოშ ჰუნიადი ვარნასთან ჯვაროსნული ლაშქრობით გავიდნენ ოსმალების წინააღმდეგ – ეს ლაშქრობა სწორედ კონსტანტინოპოლის გადასარჩენ მცდელობათა ნაწილი იყო. ლაშქრობა კატასტროფით დასრულდა, მეფე ვლადისლავი დაიღუპა, რაც კონსტანტინოპოლისათვის გმირულად დაღუპვის ერთ-ერთი სიმბოლოდ იქცა.1439 წელს ფლორენციის საეკლესიო კრებაზე იმპერატორი იოანე VIII პალეოლოგოსი – ბოლოსწინა იმპერატორი – პირადად ჩავიდა იტალიაში და ეკლესიათა გაერთიანებას მოაწერა ხელი. ანუ კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ურთიერთობა გამოსწორებული იყო. ქალაქისა და სახელმწიფოს გადარჩენა ყველაზე პრიორიტეტული იყო და უთანხმოებები გვერდზე გადაწეული. 1453 წლის აპრილში გენუელთა სამმა და იმპერატორის ერთმა გემმა ოსმალთა ბლოკადა გაარღვია და ალყაში მოქცეულ ქალაქში შევიდა. თან იყვნენ რომიდან წარგზავნილი სამხედრო ნაწილებიც.
ქალაქს შვიდიდან რვა ათასამდე დამცველი ჰყავდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლელი იყო. ოსმალურ და ანტიდასავლურ პროპაგანდას კონსტანტინოპოლში პოლიტიკური და რელიგიური არისტოკრატიის რიგი ფრთა უჭერდა მხარს. მათთვის “სერბული მოდელი” მისაღები იყო: იარსებე სულთნის ქვეშ და არა დასავლეთთან ერთად – მერე რა თუ ოსმალეთი შენს შვილებს, დებსა და დედებს ჰარემში უკრავს თავს.
სერბეთის სამეფო, რომელსაც მოსკოვი ისე ხშირად ასახელებს მართლმადიდებლური ერთიანობის სიმბოლოდ, კონსტანტინოპოლის დაცემისას ოსმალეთის მოკავშირე იყო – პრაქტიკულად ერთადერთი მოკავშირე. სერბი დესპოტი გიორგი ბრანკოვიჩი ოსმალთა ვასალი გახლდათ და კონსტანტინოპოლის ალყაში სერბული რაზმები სულთნის მხარეს იბრძოდნენ. რატომღაც “სერბული მოდელის” მოყვარე პრო-ოსმალურ ბიზანტიურ არისტოკრატიას არ ეგონა რომ ქალაქის მოსახლეობას მონებად გაყიდვა ელოდა. მოღალატეთა დიდი ნაწილიც არ დაინდეს ოსმალებმა, მათ შორის არც ლუკას ნოტარესი. მაგრამ ბიზანტიის ამ არისტოკრატიას მალევე დაემართა ის, რაც სერბეთს დაემართა ერთი საუკუნით ადრე: სერბეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ელიტა კოსოვოს ბრძოლაში განადგურდა, დარჩენილები კი ოსმალების რიგებში ჩაეწერნენ და ოსმალებისათვის იხოცებოდნენ სხვადასხვა ომებში.
ბიზანტიის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ბერძენი მკვლევარი ანტონი კალდელისი თავის ნაშრომებში მუდმივად აღნიშნავს, რომ იმპერიის დაცემის ფუნდამენტური მიზეზი განმეორებადი სამოქალაქო ომები იყო. საშუალოდ ყოველ 9-13 წელიწადში ერთი დაპირისპირება იმართებოდა. წარმოიდგინეთ, ყოველ ერთ ათწლეულში ერთი სამოქალაქო ომი ქვეყანაში. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შიდა ომში ქართველთა მონაწილეობას ეძღვნება აკაკი წერეთლის “თორნიკე ერისთავი”. მუდმივმა შიდა ომებმა იმპერია იმდენად გამოფიტა, რომ ის უპერსპექტივო ძალად აქცია.
მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ბიზანტიელებმა შემოიყვანეს ოსმალები ევროპაში. 1340-იანი წლების სამოქალაქო ომში იოანე VI კანტაკუზენოსმა ოსმალები დაიქირავა საკუთარი ქრისტიანი მეტოქეების წინააღმდეგ და, რაც მთავარია, ცოლად მისცა საკუთარი ქალიშვილი თეოდორა ოსმალთა ბელადს ორჰანს. ამ მოკავშირეობის შედეგად ოსმალებმა 1354 წელს გალიპოლი დაიკავეს – მათი პირველი ფეხის ნაბიჯი ევროპის მიწაზე. ანუ ოსმალები ბალკანეთში არც დასავლეთმა და არც ბედმა შემოიყვანა.
გალიპოლის ისტორია უფრო საინტერესოა: 1354 წლის მარტში თრაკიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც გალიპოლისა და სხვა მიმდებარე ციხესიმაგრეების კედლები დაანგრია. მოსახლეობის ნაწილი პანიკით გაიქცა, ხოლო ორჰანის ვაჟის, სულეიმან ფაშას სარდლობით მოქმედმა ოსმალებმა, რომლებიც ბიზანტიელებისვე მოწვევით უკვე იმყოფებოდნენ რეგიონში, მყისიერად დაიკავეს მიტოვებული და დანგრეული ციხეები. ამ პერიოდს პროპაგანდაც დაემთხვა: აპოკალიფსი ახლოვდება, მაინც არაფერს აღარ აქვს აზრი და მიწისძვრები ამის სიმბოლოა, ხოლო ქალაქი კონსტანტინოპოლი რომ დაეცემა აპოკალიფსიც დადგებაო. ეს ამბავი დაიმახსოვრეთ, კიდევ შევეხებით.
მანამდე უარესი შეცდომები აქვთ ბიზანტიელებს დაშვებული: 1182 წლის აპრილში იმპერატორმა ანდრონიკემ კონსტანტინოპოლის ევროპული მოსახლეობა – დაახლოებით 60 ათასი ადამიანი – ამოხოცა. ეს იყო ბიზანტიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რამაც ბიზანტიელებსა და დანარჩენ ევროპას შორის ხიდი ჩაშალა და ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ დაცემას შეუწყო ხელი. სწორედ ეს იყო 1204 წელს ჯვაროსნების მიერ ქალაქის დაკავების ერთ-ერთი ფესვი. მაგრამ ამას დაემატა თავად შიდა სამოქალაქო ომი იმპერიის შიგნით: იმპერატორმა ალექსი IV-მ ჯვაროსნები ლეგიტიმური ტახტის დასაბრუნებლად მოიხმო და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ტახტის შენარჩუნება ვერ შეძლო და მაინც ანტი-დასავლურმა ფრთამ გაიმარჯვა, რასაც ჯვაროსანთა მხრიდან უშუალოდ ქალაქის გაძარცვა მოჰყვა. ცხადია ეს უდიდესი, კატასტროფული შეცდომა იყო, მაგრამ ამას წინაპირობა ჰქონდა და ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა.
ისე კი ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს ბიზანტიასთან: 1204 წლებში ქართულმა არმიამ ბიზანტიის უმნიშვნელოვანესი პროვინცია – ტრაპიზონი და მისი შემოგარენი – აიღო. შემდეგ ქართული ჯარით ზურგგამაგრებული ტრაპიზონელები სინოპში შევიდნენ, ნიკეაში ბიზანტიის ნარჩენებს დაესხნენ თავს და ბოლოს ბიზანტიური ყირიმის სანაპიროც დაიკავეს. ანუ რა გამოდის? საქართველო, რომელიც 1204 წელს ძლიერების ზენიტში იყო, ბიზანტიის დაცემაში წილი აქვს შეტანილი?
სულაც არა, რადგან ჩვენ ჩვენი გვქონდა გასასწორებელი: ბიზანტია ის იმპერია იყო, რომელიც ათწლეულების ნაცვლად ქრისტიანულ სახელმწიფოებთან კავშირისა, სისხლში ახშობდა მათ. იმპერია საუკუნეების მანძილზე ქართული შიდა არეულობების წყაროდაც მოგვევლინა – ხან პეტრასა (ციხისძირი) და აფსაროსის (გონიო) ციხეებში უნდოდათ გარნიზონის ჩაყენება, ხან სებასტოპოლისსა (ასე ერქვა სოხუმს ბიზანტიაში) და ანაკოფიაში. ბაღვაშების სახით ბიზანტიური ინტრიგა საქართველოშივე ქაოსს თესავდა, ტაო-კლარჯეთი დაწიოკებული ჰქონდათ.1204 წელს კი საქართველოში იმედი იყო, რომ ბიზანტიის ნაცვლად აღმოცენებულ ტრაპიზონის იმპერიაში პროქართული კომნენოსები ჩვენზე იმუშავებდნენ და სულაც ჩვენ გავაერთიანებდით ახალ იმპერიას. მუშაობდნენ კიდეც ჩვენზე, და თუკი ჩამოშორებას ცდილობდნენ, შიდა გადატრიალებებსაც არ ვერიდებოდით. ასე მუშაობდა მაშინ ძლიერი, რეგიონში წამყვანი საქართველო. მაგრამ ნამეტანი დიდი დროა 250 წელიწადი რომ ბრალეულობა ჯვაროსნებსა და ქართველებზე გადაიტანო, მით უფრო რომ, ვიმეორებ, ეს დაპირისპირებები ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა და ჩვენ ჩვენი, უკეთესი ვერსია გვსურდა ჩამოგვეყალიბებინა.
ისიც გასახსენებელია, რომ 1095 წელს პაპმა ურბან II-მ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა სწორედ კონსტანტინოპოლის გადასარჩენად გამოაცხადა. მაშინ ამ საქმემ არამარტო კონსტანტინოპოლი იხსნა, არამედ დავით აღმაშენებელს საშუალება მისცა სელჩუკებისთვის ხარკი გაეწყვიტა და ომისთვის მომზადებულიყო.
მესამე მიზეზი ორბანს უკავშირდება – ოღონდ ვიქტორ ორბანს არა. ეს ისტორია ბიზანტიური უაზრობის სიმბოლოდ გამოდგება. ოსმალთა ცნობილი გიგანტური ზარბაზანი, რომელმაც კონსტანტინოპოლის გალავანი დაამსხვრია, აგებული ჰქონდა უნგრელ ოსტატ ორბანს. იგი თავდაპირველად ბიზანტიელებს მივიდა და თავისი ზარბაზანი შესთავაზა. იმპერატორმა ფული არ გაიღო ამ ზარბაზნისათვის. შესაბამისად, ორბანი გადავიდა მაჰმედ II-სთან, რომელმაც მაშინვე გადაუხადა მოთხოვნილი თანხა და ზარბაზანიც დაამზადებინა. ანუ ის იარაღი, რომელმაც ქალაქი დაამხო, ჯერ ბიზანტიელებს ჰქონდათ შეთავაზებული.
და ბოლოს, პროპაგანდისტული ამბავი – “ვირჩევ ჩალმას”: ბიზანტიის სამხედრო ხელმძღვანელობაში ერთიანობა არ იყო. ლუკას ნოტარასმა წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: “კონსტანტინოპოლში პაპის ტიარას სულთნის ჩალმა მირჩევნია”. არსებობს ვერსია, რომ ეს სიტყვები ნოტარასს არ ეკუთვნის, არამედ კონსტანტინოპოლის არისტოკრატიის ანტიდასავლურ ფრთას გამოხატავდა, რომელსაც ნოტარასიც ეკუთვნოდა. როგორც არ უნდა იყოს, მან მიიღო კიდეც ის რასაც ითხოვდა – დაცემის შემდეგ მაჰმედ ფათიჰმა ჯერ ქალაქში წესრიგი აღადგენინა, შემდეგ კი შვილის მონად ქცევა მოსთხოვა ნოტარასს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთა მას. სიმბოლურია, ხომ? ვინც დასავლეთის ნაცვლად სულთანი არჩია, სულთანმავე მოჰკვეთა თავი.
ამის მერე მოხდა ის, რაც ყველამ კარგად ვიცით: ოსმალეთში გადარჩენილი მოღალატე კორუფციონერი ბიზანტიელებისაგან საეკლესიო და პოლიტიკური ელიტა ჩამოაყალიბა ოსმალეთმა, რომლითაც დაპყრობილ ხალხებს მართავდა. სწორედ მათ ებრძოდა ქართველი მღველმთავარი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელი.
გახსოვთ აპოკალიფსის მითი ზემოთ რომ ვისაუბრეთ? პრო-ოსმალურმა ძალებმა ამ მითს შეუწყეს ამბავი: კონსტანტინოპოლი დაცემულია, აპოკალიფსი მალე დადგება და აჯანყებას აზრი აღარ აქვსო. ევროპელები ჯვაროსნულ ლაშქრობას რომ გეგმავდნენ, გადარჩენილი ბიზანტიური არისტოკრატიის ნაწილი უბრალოდ მხარს იჩეჩავდა, რაღა აზრი აქვს, მაინც მალე დამთავრდება სამყაროო.
დაკარგული რომის იდეა ჰაერში გამოეკიდა. მოსკოვს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საკუთარი თავი კონსტანტინოპოლის მემკვიდრედ გამოეცხადებინა. ივანე III-მ ცოლად შეირთო სოფია პალეოლოგინა, კონსტანტინე XI-ის ძმისშვილი, და სწორედ აქედან ამოიზარდა “მესამე რომის” იდეოლოგია: პირველი რომი დაეცა, მეორე რომი (კონსტანტინოპოლი) დაეცა, მესამე რომი კი მოსკოვია და ის არასოდეს დაეცემა (თუმცა ამის შემდეგ მოსკოვი რამდენჯერმე აღმოჩნდა გარე ძალების, მათ შორის პოლონელებისა და ფრანგების ხელში). ეს დღევანდელი რუსული იმპერიალიზმის სულიერი საძირკველია. ამიტომ იყო ათონის მთაზე ჩასული პუტინი ბიზანტიის იმპერატორის სკამზე რომ დადგა. სწორედ ამიტომ სჭირდება კრემლს ნარატივი თითქოს 1453 წელი არა ბიზანტიური გამოფიტვისა და ღალატების ერთიანობის შედეგი კი არა, “კოლექტიური დასავლეთის ღალატის” ბრალი იყო.
როგორც არ უნდა იყოს: კონსტანტინოპოლის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე ბნელი მოვლენაა, რომელსაც საქართველოსათვის და დანარჩენი ევროპისათვის არავითარი კარგი არ მოუტანია. ამიტომ არის ხოლმე ეს რიცხვი მასობრივად გახსენებადი მთელი ევროპის მასშტაბით 573 წლის შემდეგაც კი.














კომენტარები