“ჩვენ, ალბათ, ღმერთმა დაგვიფარა, რადგან ლეტალური შედეგი არ დადგა” – ამბობს ქვეყნის ყოფილი პირველი ეპიდემიოლოგი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “კვირის პალიტრა” ამირან გამყრელიძეს ესაუბრა:
– ჩვენ მიერთებული ვართ საერთაშორისო კონვენციას და აქციების დაშლისას მართლაც არა მგონია აკრძალული ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებები გამოეყენებინათ, მაგრამ, ვფიქრობ, გამოიყენეს საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერება, რომელმაც ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება გამოიწვია. ამასთან, ვიწრო ადგილას, სადაც ადამიანების დიდი თავშეყრაა, ამის გამოყენება ასეთი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით არ არის გამართლებული, შესაძლოა დაზიანებულიყო როგორც მომიტინგე, ასევე იქ მცხოვრები ხალხი. ჩვენ, ალბათ, ღმერთმა დაგვიფარა, რომ ლეტალური შედეგი არ დადგა. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მიტინგი მშვიდობიანი იყო, ამიტომ არ იყო საჭირო ასეთი არაპროპორციული ძალის გამოყენება. ასევე, არ ვიცი, რამდენად დაცული იყო პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც გამოიყენება სპეციალური საპოლიციო საშუალებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაშლამდე ხალხი უნდა გაეფრთხილებინათ, განსაკუთრებით ეს ეხება მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომ სწრაფად დაეტოვებინათ ტერიტორია… ამ დროს სასურველი იყო დაერიგებინათ პირბადეებიც, განსაკუთრებით N95 ტიპის.
– ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, პირბადეები აქციებზე საერთოდ აიკრძალა…
– მიკვირს, როგორ არა აქვთ ამაზე პროფესიონალებსა და საზოგადოებას სერიოზული რეაქცია. ზამთარში, როცა რესპირაციული დაავადების სეზონი დგება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება აუცილებელია!
– გამოყენებული ნაერთის უარყოფითი ზეგავლენა შესაძლებელია თუ არა შემდგომში მძიმე დაავადებების მიზეზი გახდეს?
– გააჩნია, რამდენჯერ, რა სიხშირითა და ჯერადობით იყო გამოყენებული, რა ექსპოზიციით ანუ რა სიშორით მოხდა ამ ტოქსიკური ნაერთის შესუნთქვა. საგულისხმოა ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მნიშვნელოვანია ისიც, სისტემატურად ხდებოდა თუ არა იმ ტერიტორიისა და ქუჩების დამუშავება და წყლით მორეცხვა (დეკონტიმინაცია), რადგან ეს ნივთიერებები ილექება ზედაპირებსა და მცენარეებზე, დიდხანს რჩება იქ და ქმნის ტოქსიკურ გარემოს. ასეთი გარემო დამაზიანებელია ადამიანებისთვის, მათ შორის სამართალდამცავებისთვისაც…
9 აპრილის ტრაგედიის დროს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი და ჩართული ვიყავი მოწამლულთა მკურნალობაში. მაშინ ყველაზე მეტი პაციენტი ჩვენ მივიღეთ. ორი სართული დავცალეთ და თითო სართულზე 120 საწოლი გვქონდა, შემდეგ დამატებაც დაგვჭირდა. შვეიცარიელი, გერმანელი და სხვა უცხოელი სპეციალისტებიც გვეხმარებოდნენ. მთავარი პანიკის ჩაცხრობა იყო. ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღე იძლეოდა რეკომენდაციებს…
ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდშიც (1994-2004), მათ შორის მინისტრად (2001-2004), ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა 9 აპრილს დაზიანებულ პაციენტებთან. მაშინ არსებობდა სახელმწიფო სარეაბილიტაციო პროგრამა ამ პირებისთვის და მთელ რიგ სამკურნალო-სარეაბილიტაციო აღდგენით პროცესებს სახელმწიფო აფინანსებდა.
პირველ რიგში, აუცილებელია, პანიკა ჩაცხრეს და ხალხი დამშვიდდეს. შემდეგ კლინიცისტებმა და ტოქსიკოლოგებმა, ასევე ავტორიტეტულმა ექიმებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა გასცენ საჭირო რეკომენდაციები…














კომენტარები