• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალიას” ერთი ჟურნალისტი უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ქვეყნის მთელი სამხედრო დაზვერვაო”

ალია ავტორი - ალია
00:42 05-31-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
269

ჟურნალისტის მოგონებები

2004 წელს, ცხინვალის რეგიონში ვითარება ნელ–ნელა იძაბებოდა. „ვარდების რევოლუციით“ მოსულ ახალ ხელისუფლებას ამბიცია ჰქონდა, რომ სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლი დაემყარებინა და ჩემი აზრით, ეს სრულიად  ლეგიტიმური და სამართლიანი განზრახვა იყო. შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები, ეს უკვე სხვა საქმეა. ქართული მხარის ამ განზრახვას, კონტროლის დამყარების მცდელობას, გარკვეული მოქმედებებიც მოჰყვა ამ რეგიონის მიმართულებით. შესაბამისად, სეპარატისტული ცხინვალის ხელისუფლების პატრონი, რუსეთის ხელისუფლებაც გააქტიურდა. ამ დროს „ალიაში“ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე მე ვწერდი. ცხადია, მათ შორის დახურულ წყაროებზე დაყდნობით.

„ალიას“ ყოველკვირეული გამოცემის, „კვირის ქრონიკის“ მაშინდელმა რედაქტორმა, მაია ფურცელაძემ დამაკავშირა ოსების მიერ ალყაში მოქცეული, დიდი ლიახვის სოფლების მაცხოვრებლებთან. მისი დამსახურებით გავიჩინე სანდო, პატრიოტი ადამიანები ამ სოფლებში, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციებს მაწვდიდნენ. თავის დროზე, 90–იანი წლების კონფლიქტის დაწყებამდე და მას შემდეგაც, მაიას ცხინვალის რეგიონის მგონი ყველა სოფელი ფეხით ჰქონდა მოვლილი და ქართველ ჟურნალისტთაგან თუ ვინმეს აფასებდნენ და ენდობოდნენ იქაური ქართველები, ერთ–ერთი ის იყო. მერე და მერე, გავცდი ამ 9 სოფელს, წყაროთა არეალი გავაფართოვე და რაოდენობაც, თავისთავად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია უფრო და უფრო ეფექტური გახდა. ჯერ წყაროები გავიჩინე ცხინვალის მომიჯნავე სოფლებში. ბოლოს, იქამდეც მივედი, რომ ინფორმაციებს არა მარტო ქართველები, პროქართულად განწყობილი ოსებიც მაწვდიდნენ არა მარტო ქართველებითა და ოსებით დასახლებული საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი სოფლებიდან, არამედ ცხინვალელი ოსებიც თანამშრომლობდნენ ჩემთან. მათ შორის, ერთი „პრეზიდენტ“ ედუარდ კოკოკითის ახლო გარემოცვის წევრი იყო, მეორე ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების შ.ს. სამინისტროს ოფიცერი, მაღალჩინოსანი და მესამე, უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნის მეუღლე. ასევე, ცხინვალელი ოსები, როგორც რიგითი მოქალაქეები, მათ შორის, ყოფილი ძალოვანები და ხელისუფლების სხვა და სხვა სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები. ამ ხალხს საქართველოსგან ცხინვალის რეგიონის გამოყოფა არ სურდა, წინააღმდეგნი იყვნენ ყოველგვარი ომისა და ძალადობისა. ცხადია, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მით უფრო, რუსეთთან შეერთება სურდათ. ნაირგვარი ინფორმაცია მქონდა და „ალიასა“ „კვირის ქრონიკაში“, ლამის ყველა ნომერში თითო სტატიას ვაქვეყნებდი ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე, კოკოითის გარემოცვაში მომხდარ, ჩვენთვის საინტერესო ამბებზე. როგორც ჩანს, ბევრი ისეთი ინფორმაცია გავასაჯაროვე, რომ კოკოითის პრეს–ცენტრის უფროსმა, ირინა გაგლოევამ, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ვაჟა ხაჭაპურიძის პირით შემომითვალა, შენი ბოლო ან ცხინვალის ციხეშია, ან რომელიმე ჩვენიანი გაგიხვრეტს შუბლსო. ვაჟა ხაჭაპურიძე იმ დროს კოკოითის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. სხვათა შორის, მასზეც ჰქონდათ ეჭვი, რომ ჩემი წყარო ის იყო და ამის გამო, გარკვეული პრობლემები შეექმნა. ჩანს, სერიოზულ პრობლემებს ვუქმნიდი სეპარატისტებს, მათ ფარულ ზრახვებს ვააშკარავებდი და ჩემი საქმე ზუსტად ეგ იყო.
2004 წლის წლის ივნისში, თავდაცვის მინისტრად გიორგი ბარამიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე გელა ბეჟუაშვილი შეცვალა. ბეჟუაშვილი დროებითი მინისტრი იყო, ეს ყველამ იცოდა. შესაბამისად, მას სამინისტროში სერიოზული საკადრო ცვლილებები არ განუხორციელებია. ბარამიძემ კი რამდენიმე მაღალჩინოსანი გაუშვა სამინისტროდან და სხვები მოიყვანა. სწორედ მისი მინისტრობის შემდეგ გააქტიურდა ცხინვალის მიმართულებით მუშაობა. მოგვიანებით, მისმა შემცვლელმა, ირაკლი ოქუაშვილმა კინაღამ ომი დაიწყო სეპარატისტულ რეჟიმთან, ბარამიძე ასე შორს არ წასულა, მაგრამ რეგიონში გააქტიურა სამხედრო დაზვერვის მუშაობა, დაიწყო კონტაქტების დამყარება ადგილობრივ მოსახლეობასთან, ცდილობდა, დე ფაქტო ხელისუფლების ძალოვან უწყებებსა და კოკოითის ადმინისტრაციაში შეეგზავნა აგენტურა.

2004 წლის აგვისტოა, „ალია ჰოლდინგი“ იმ დროს დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარეობდა. რედაქციაში მივდიოდი ავტობუსით, როდესაც თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამსახურის უფროსმა, გვანცა ჩიქოვანმა დამირეკა. მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ–ერთ მაღალჩინოსანს სურდა ჩემთან შეხვედრა. ვუთხარი, რომ მივიდოდი სამინისტროში და შევხვდებოდი. არა, მას არ სურს შენი სამინისტროში მოსვლა და იმის დაფიქსირება, რომ სამინისტროში მოხვედი და მას შეხვდი. თავად მოვა რედაქციაში და ვიდრე მოვა, დაგირეკავ და შეგატყობინებ საათსო. მივედი რედაქციაში და ვუთხარი ეს ამბავი მაია ფურცელაძეს. ცოტა გაუკვირდა, რომ გვანცა ჩიქოვანმა მომავალი სტუმრის ვინაობა არ გამიმხილა და ეს სტუმარი, ცოტა კონფიდენციალურადაც აპირებდა ჩვენთან სტუმრობას. ცხადია, ორივენი მივხვდით, რომ საქმე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ეხებოდა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, იმას ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით. ამ დროს, „ალია ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, გიორგი ბრეგვაძე რაჭაში ისვენებდა, შევებულებაში იყო. მაიამ დაურეკა და ჩააყენა საქმის კურსში. გიორგიმ უთხრა, ჩემი კაბინეტის გასაღები გამოართვით დაცვას, იქ მიიღეთ სტუმარი, რა ვიცი, მთლად მინისტრი არ გვესტუმროსო. 

7 საათზე დამირეკა გვანცა ჩიქოვანმა და მითხრა, რომ სტუმარი თავდაცვის სამინისტროდან 9 საათზე მოვიდოდა. ამ დროს ახალი დაბნელებულია აგვისტოში. ამან უფრო ინტრიგაში ჩამაგდო. აშკარა იყო, რომ ვიღაც მაღალჩინოსანს თავდაცვის სამინისტროდან, დღე არ სურდა რედაქციაში მოსვლა, არ სურდა, ვინმეს დაენახა. ჩიქოვანს ვუთხარი, რომ ჩვენს საუბარს მაია ფურცელაძეც დაესწრებოდა. ამის შესახებ, ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა, კი, ბატონო, დაესწროსო. გახდა 9 საათი და დაცვის თანამშრომელმა დამიძახა, გკითხულობენო. გავედი და შევეგებე სტუმარს. 40–45 წლის, საშუალოზე მაღალი, სპორტული აღნაგობის, მოკლედ თმაშეჭრილი კაცი დამხვდა. ვკითხე, თქვენ ხართ ეს კაცი, ვის შესახებაც გვანცა ჩიქოვანმა დამირეკა–მეთქი. კი, მე ვარო და ხელი გამომიწოდა. ჩამოვართვი ხელი, შემოვუძეხი რედაქციაში, დავუძახე მაია ფურცელაძეს და შევედით გიორგი ბრეგვაძის კაბინეტში. სტუმარი გრძელი მაგიდის ერთ მხარეს დავსვით და ჩვენ, ორივენი საპირისპირო მხარეს დავსხედით. ვკითხეთ, რატომ შეწუხდით, აქ რომ მობრძანდით ან ეს საიდუმლო ვიზიტი რას ნიშნავს–თქო? გაეცინა. მე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, ნიკო დოდაშვილი ვარ, მნიშვნელოვან საქმეზე ვარ მოსული და არც მე, არც ჩემს ზემდგომებს, არ სურდათ, რომ ჩვენს გარდა ვინმემ ამ შეხვედრის შესახებ გაიგოსო. ვუთხარით, რომ ამის შესახებ გიორგი ბრეგვაძემ იცოდა, სხვამ არავინ და საიდუმლოს შევინახავდით. დიდი მადლობაო, გვითხრა და საქმეზე გადავიდა.


პიჯაკის შიდა ჯიბიდან ამოიღო „ალიას“ და კვირის ქრონიკის“ სტატიები, სულ 4 სტატია, სკანერზე გადაღებული ასლები. დამილაგა ოთხივე სტატია წინ და მითხრა, ამ სტატიებში, წყაროებზე დაყრდნობით რაც ინფორმაცია გაქვს გამოქვეყნებული, ჩვენმა დაზვერვამ გადაამოწმა და ყველაფერი დადასტურდაო. მახსოვს, ერთ–ერთ სტატიაში ვწერდი ცხინვალის რეგიონში აფხაზეთიდან გადმოსული „ბოევიკები“ შესახებ, მათი რაოდენობაც მქონდა დასახელებული, 100 კაცი და ჯავის რაიონში მათი ზუსტი დისლოკაციის ადგილიც, ჯავის კონკრეტული სოფელი მქონდა მითითებული. მეორე სტატიაში მეწერა, რომ რუსეთიდან 50 სამხედრო ინსტრუქტორი იყო ჩამოსული ცხინვალში, რომლებიც ოსი სამხედროების გაწვრთნას აპირებდნენ. სად უნდა მოწყობილიყო სასწავლო პოლიგონი, ის ადგილიც მეწერა და ეს 50 ოფიცერი რუსეთის რა სახის, რომელი სამხედრო ნაწილებიდან გამოაგზავნეს, ისიც. დანარჩენ ორ პუბლიკაციაში რა მეწერა, აღარ მახსოვს, მაგრამ ბატონმა ნიკომ რაც მერე მითხრა, იმან კინაღამ შოკში ჩამაგდო.


– კიდევ შემეძლო დაახლოებით 20 სტატიის წამოღება, რომლებიც თქვენ დაწერეთ წყაროებზე დაყრდნობით და ჩვენმა დაზვერვამ გადაამოწმა და ყველა ინფორმაცია დადასტურდა. მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ფაქტია, თქვენ უფრო ადრე იგებთ ცხინვალში, მთელ რეგიონში მომხდარ ამბებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს უშუალო ინტერესებში შედის, ვიდრე სამხედრო დაზვერვა. ჩვენი სამსახური ინფორმაციის დიდ ნაწილს, „ალიადან“ და „კვირის ქრონიკიდან“ იგებს, უკვე მომხდარის შესახებ ვიგებთ პოსტ–ფაქტუმ. აი, აფხაზეთიდან რომ შემოვიდა ცხინვალში 100 კაცი, თან იმხელა შეიარაღებით და ეს „ალიაში“ წავიკითხე, ამის გამო, ორ თანამშრომელს საყვედური გამოვუცხადე. ეს მართლა არ უნდა გამოპარვოდათ და ამას გაზეთიდან არ უნდა ვგებულობდე, ამას ჩემი თანამშრომლების პატაკებიდან უნდა ვიგებდე. ეს მარტო ჩემი, მარტო ჩემი სამსახურისა და შეიარაღებული ძალების კი არა, მთელი ქვეყნის სირცხვილია. თან, როდესაც თქვენ გამოაქვეყნეთ ეს ინფორმაცია, აფხაზეთიდან მოხალისე „ბოევიკების“ შემოსვლიდან 3 დღე იყო გასული და ჩვენმა იქაურმა წყაროებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. – გვითხრა ნიკო დოდაშვილმა.
მე ხელში ბატონ ნიკოს მოტანილი სტატიების ასლებს ვატრიალებ, გაოცებული ვარ. ვფიქრობ, მეკაიფება ახლა თუ მართალს ამბობს? ზუსტად ერთი წლის მისული ვარ „ალია ჰოლდინგში“ და მანამდე ერთი წყაროც კი არ მყოლია ცხინვალის რეგიონში. და ამ ერთ წელიწადში იმდენი მოვახერხე, რომ ახლა სამხედრო დაზვერვის შეფი მიზის წინ და ხოტბას მასხამს?

გაოცებული, დაბნეული კი ვარ, მაგრამ გულში მიხარია, უფრო მეტიც, მაგრამ მთელი იმ ემოციის გადმოცემას, რაც იმ დროს დამეუფლა, არ ვაპირებ. მაია ფურცელაძეს შევხედე, ისიც გაოცებული უყურებს სამხედრო კონტრდაზვერვის შეფს, მერე გადმომხედა და გაეცინა. შემდეგ ნიკო დოდაშვილს ჰკითხა:


– ბატონო ნიკო, ახლა თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ერთი ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე ქვეყნის მთელი სამხედრო დაზვერვა?


– მაგის თქმა კი არ მინდა, ეგ უკვე ვთქვი. ფაქტია, ბატონი ლევანი, ჩვენზე არათუ უფრო ეფექტურად მუშაობს, მინიმუმ, ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს ჩვენს აგენტურას და მოხალისე აგენტებზე კი არ ვლაპარაკობ, იმ ხალხზე მოგახსენებთ, ვისაც ამ ინფორმაციების მოპოვებაში ხელფასს ვუხდით, ვისაც სამხედრო სამხედრო და უშიშროების სასწავლებლები აქვთ დამთავრებული და ზოგს უცხოეთშიც, სპეციალური მომზადებაც აქვთ გავლილი და მუშაობის რამდენიმე წლიანი სტაჟიც გააჩნია. მათგან ზოგიერთებს კი, ამერიკელი და ნატო–ს წევრი სხვა ქვეყნების ინსტრუქტორები სწვრთნიდნენო, – დასძინა ბატონმა ნიკომ.


მოკლედ, გააფარჩაკა თავისი აგენტები სამხედროს დაზვერვის შეფმა ჩვენს თვალწინ. ბოლოს მთავარი სათქმელი მითხრა ბატონმა ნიკომ. იქნებ შენი წყაროები დაარწმუნო, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ, სანაცვლოდ მნიშვნელოვან რაღაცებს მიიღებენ, მაგის შესახებ, შემდგომში, დეტალურად მათვე ავუხსენი, თუ მოლაპარაკებაზე წამოვლენო. მერე იქვე დასძინა, თუ საჭირო გახდა თქვენი გადაყვანა დიდი ლიახვის სოფლებში წყაროებთან შეხვედრის მიზნით, ამას ჩვენ ვუზრუნველჰყოფთო. დიდი მადლობა გადავუხადე, როდესაც მჭირდება, გადავდივარ და გადმოვდივარ, ბოლოს ერთი კვირის წინ ვიყავი–მეთქი. ცხინვალის გავლით, დიდი ლიახვის სოფლებში, მანქანის საბარგულით გადავყავდი სხვა და სხვა ადამიანებს, იქაურებს, ვისაც სპეც–საშვები ჰქონდათ და მათ ავტომობილებს არ აჩერებედნენ არც ერთ პოსტზე – ოსების, ქართველებისა და „სამშვიდობოების“, რუსების. რა ვიცი, ერთი ოცჯერ მაინც ვარ გადასული საბარგულით იმ სოფლებში. ეს ვუთხარი ნიკო დოდაშვილს და ამაზე გაეცინა, შენგან აღარაფერი მიკვირსო. სტუმარი გავაცილეთ მე და მაიამ. მაიამ გიორგი ბრეგვაძეს დაურეკა და მოუყვა ყველაფერი დეტალურად. გიორგის ჩემთან არ დაურეკავს, მესიჯი გამომოგზავნა, სადაც ერთი სიტყვა ეწერა – „ყოჩაღ“!


ნიკო დოდაშვილს შევპირდი, რომ აუცილებლად დავუკავშირდებოდი ჩემს წყაროებს და მის წინადადებას შევთავაზებდი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ყველამ უარი თქვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. ერთნი ამბობდნენ, რომ ჩვენ უკვე ვითანამშრომლეთ შევარდნაძის ხელისუფლებასთან და ეს თანამშრომლობა იმით „დაგვიფასდა“, რამდენიმე ჩვენგანი ციხეში ჩასვეს შეთითხნილი ბრალდებით, რამდენიმე კინაღამ გაქციეს აქედან, რადგან ოსებთან შეკრული ჩვენი პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები დევნიდნენო. დანარჩენებმა მითხრეს, ესენი ჯერ ახალი მოსულები არიან, დაგვიმტკიცონ საქმით, რომ ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, რეგიონზე კონტროლის დამყარება მართლა უნდათ, გადადგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და როდესაც ამას დავინახავთ, მერე ვიფიქრებთ მათთან თანამშრომლობაზეო. მოკლედ, ყველამ იუარა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და მათი უარი, როგორც ნიკო დოდაშვილს შევუთანხმდი, გვანცა ჩიქოვანის პირით გადავეცი. მას შემდეგ ეს კაცი აღარ დამკავშირებია.


ეს იყო პიკი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისა, ჩემი ევერესტი. იმ დროს 14 წელი იყო გასული, რაც ჟურნალისტიკაში ვსაქმიანობდი. მას შემდეგ 16 წელი გავიდა, მაგრამ იმ სიმაღლეზე ვეღარ ავედი.
ეს სტატია ორჯერ უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვისაც „ალიას“ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაციებისა არ სჯერა ან ჩვენს წყაროებზე ქილიკობენ.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №18

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved