პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:
“ამ წინასაახალწლოდ ასე ოცდაშვიდი წლის წინ მინდა გადავიხედო და გავიხსენო 1994 წლის 31 დეკემბერი.
მაშინ საქართველო იყო აფხაზეთის ომში დამარცხებული ქვეყანა, ასეულათასობით ლტოლვილით.
ეკონომიკა – გაპარტახებული. ექსპორტის ოთხმოცი პროცენტი – ჯართი. ტრამვაი-ტროლეიბუსის სადენები არ დარჩა არსად, ყველაფერი თურქეთში გაზიდეს გასაყიდად.
ქვეყანას არ ჰქონდა საკუთარი ეროვნული ვალუტა. ვალუტის სუროგატი კუპონი ყოველდღიურად უფასურდებოდა. ანგარიშსწორება ძირითადად მიდიოდა რუსული რუბლებით და ცოტა ნაკლებად ამერიკული დოლარებით.
პრაქტიკულად არ გაიცემოდა პენსიები და სოციალური დახმარებები. რაც გაიცემოდა იმდენად მცირე იყო, გინდა ყოფილიყო გინდა არა,
პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა პოლიცია და მთელი ქვეყანა შეიარაღებული ბანდებისა და საძმოების ასპარეზად იყო გადაქცეული.
გალაღებული კრიმინალის და ბანდფორმირებების გამო პრაქტიკულად ასევე არ ფუნქციონირებდნენ რესტორნები, კაფეები და სხვა საკვები ობიექტები.
რამდენადაც ტრასაზე ძარცვა-გლეჯა და მანქანის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო, არ მოძრაობდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, არც ავტობუსები და არც მარშუტკები. ერთადერთი მატარებელი დადიოდა და ისიც ბოლომდე გადაჭედილი. ცხვრები, ქათმები და გოჭებიც კი გადაჰყავდათ ხოლმე სამგზავრო ვაგონებით.
ქვეყანაში არ იყო დენი, არ იყო გაზი, თბილისს გარეთ წყალიც არ იყო (პრინციპში ახლაც არ არის, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო არ იყო).
სახელმწიფო უწყებებში მხოლოდ სიმბოლური ხელფასები იყო და რანაირად ახერხებდნენ ეს უწყებები საქმიანობის მაგვარს, დღემდე აუხსნელ ამოცანად რჩება.
გარდა ამისა:
უშიშროების მინისტრი გვყავდა რუსეთიდან დანიშნული კაგებეშნიკი.
შინაგან საქმეთა მინისტრად გვყავდა რუსეთიდან დანიშნული ემვედეშნიკი.
თავდაცვის მინისტრად საერთოდ რუსი გენერალი გვყავდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის ნათლია. ქართულად ვერც ლაპარაკობდა.
აჭარის უფროსად იჯდა რუსი გენერალი ასლან აბაშიძე (ოფიციალურად ჰქონდა გენერლის წოდება რუსეთის ხელისუფლების მიერ მინიჭებული). ეს იყო უსასტიკესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის ტერიტორიაზე ფაქტობრივად არ მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობა და ავტონომიის საზღვარის გადაკვეთისას პასპორტს გთხოვდნენ და დოკუმენტებს გიმოწმებდნენ.
ვიყავით რუსეთის პატრონაჟით შექმნილი გაერთიანება დსთ-ს წევრები.
არ ვიყავით ევროსაბჭოს წევრები.
არ ვიყავით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები.
არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა ნატოსთან და არანაირი სამხედრო თანამშრომლობა არ გვქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან,.
სამაგიეროდ გვქონდა რუსეთის სამხედრო ბაზები ვაზიანში, ახალქალაქში და გონიოში. ხოლო ზაკავკაზსკი ვაენნი ოკრუგის შტაბი თბილისში გახლდათ განთავსებული.
აი, ასეთ მდგომარეობაში ვხვდებოდით 1995 წლის 1 იანვარს, მაგრამ არ დავიქეცით, არ მოვისპეთ და არ გადავშენდით. პირიქით, ისტორიის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მას შემდეგ სერიოზულად ვართ წინ წასულები.
რატომ წავედით ამ მოცემულობაში წინ და რატომ არ დავეშვით მთლად ფსკერზე, მართალი გითხრათ არ ვიცი. ყველა ლოგიკით მომსპარ-განადგურებული უნდა ვიყოთ, მაგრამ ფაქტია, არ ვართ. ყოველ შემთხვევაში ზემოთ აღწერილ რეალობასთან შედარებით ახლა ვართ სადღაც სინგაპურსა და ახალ ზელანდიას შორის, თან ევროპაში.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ რა ცუდადაც არ უნდა იყოს ახლა საქმე, იმაზე ცუდად მაინც ვერანაირად ვერ იქნება, როგორც უკვე იყო და რომელიც ასე თუ ისე დავძლიეთ.
ასე, რომ ახლაც დავძლევთ.
We shall overcome!”
კომენტარები