ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
–ბატონო დათო, „ქართული ოცნება“ მის მიერვე ჩაგდებული „აგენტების კანონის“ მიღებას ხელახლა აპირებს. რატომ გადაწყვიტეს ასე, როდესაც შარშან ხალხთან ბრძოლა ამ კანონის გამო მწარედ წააგეს?
–ეს არის წინასაარჩევნო ხრიკი, რომ აჩვენონ მოსახლეობას, რამდენად უსუსურია ოპოზიცია. რეალურად, ოპოზიციას არ შეუძლია ხალხის ინტერესების დაცვა. ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, არჩევნები „გაუპრავა“ „ქართულ ოცნებას“ და ეს დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა იყო. ხელისუფლების ეს და სხვა თავხედობები არის ამის შედეგი. კომუნიკაცია, რომელიც არსებობდა ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას შორის, ყველა ორთაბრძოლა მოიგო ხელისუფლებამ. ბოლოს და ბოლოს, 2012 წლის მერე, „ქართულმა ოცნებამ“ 7 სხვა და სხვა დონის არჩევნები მოუგო ოპოზიციას. ყველა ბრძოლა ოპოზიციის მარცხით და სრული კრახით დასრულდა. ამ მომენტში, ოპოზიციის დამარცხება არაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, 2020 წლის არჩევნების შედეგად ქართველი ამომრჩეველი დამარცხდა. მას წაართვეს იმედი, რომ არჩენებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. უფრო გაიზარდა უნდობლობა ოპოზიციის მიმართ, კატასტროფულად გაიზარდა. იყო თვალთმაქცური საქციელები, ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები… ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციას, საკუთარი ბედ–იღბალი უფრო აინტერესებს, საკუთარი თავის დაბინავება, ვიდრე ხალხის ინტერესები და მათი პარლამენტში შესვლის მიზეზი და მიზანიც ეგ იყო. შედიან გარიგებაში „ოცნებასთან“, მზად არიან ამ ქვეყანას მომავალი და პერსპექტივა წაართვან, ხელისუფლებასთან ერთად ჩიხში შეიყვანონ ქვეყანა და დაანახონ გამოუვალი მდგომარეობა ქართველ ხალხს. სიმართლე თუ გინდათ, ჩიხში უკვე ვართ. ეს დაპირისპირება აისახება ქვეყანაზე, ხალხის ცხოვრებაზე. დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს კატასტროფული, სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, ემიგრაციაში გარბის და გარბის ხალხი. ქართველებისგან დაიცალა ქვეყანა. საქართველო ქართველების გარეშე–ჩვენი ქვეყნის მტრების ამ მრავალსაუკოვანი ოცნების რეალობად ქცევას ხელს უწყობს ოპოზიცია და მათი მოღალატეობრივი წარსული. იცით მაგათი ფესვები, იცით, საიდან მოდიან. როგორც პარტია „ლელოს“ დამფუძნებლებს ქართველი ხალხის გატყავებაში ყველაზე დიდი წვილი მოუძღვით, ასევე, „ნაცმოძრაობასაც“.ვგულისხმობ, „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებსაც, რომლებიც ხან იშლებიან, ხან ერთიანდებიან. ეს ყველაფერი ემსახურება არაქართული, არაპატრიოტული პოლიტიკის გატარებას, რისი ყველაზე დიდი მტრებიც იყვნენ და არიან „ნაციონალები“. ამ დროს, „ქართული ოცნება“ სავსეა „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრებით, „ნაცმოძრაობა“ კი დღემდე ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს. ამ „ქართულ ოცნებას“ საერთო არაფერი აქვს 2012 წლის „ქართულ ოცნებასთან“. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით და აქედან გამოსავალი თუ არ მოიძებნა, ძალიან ცუდად დავამთავრებთ. ამ ორი პოლიტიკური ძალის გარიგება, ფარული თანამშრომლობა ანადგურებს ამ ქვეყანას.
–„ქართულმა ოცნებამ“ რატომ აიხირა ამ „აგენტების კანონის“ მიღება, რატომ მიდიან მეორე წრეზე? ამით არა მარტო უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს უპირისპირდებიან, ხალხსაც უპირისპირდებიან და ეს რაში აწყობთ წინასაარჩევნოდ?
–ერთი რამ ჩვენ მკაფიოდ უნდა გავიგოთ. დღეს „ქართული ოცნება“ დაშორებულია იმ რეალობას, რაც ქვეყანაში არსებობს. მათ კარგად იციან საკუთარი კვლვების შედეგები, იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა, პრაქტიკულად,განულებული აქვთ. ოპოზიციას ხალხის მხარდჭერა რომ არ გააჩნია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ ხალხი „ოცნებას“უჭერს მხარს, ხალხს, მათ არც ერთი უნდათ, ორივენი პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან. „ქართული ოცნება“ყველანაირად ცდილობს გააკონტროლოს უცხოეთიდან შემოსული თანხები, რადგან ფულზე დიდად არის დამოკიდებული არჩევნების შედეგები. შესაძლოა, გამოჩნდეს ფინანსური წყარო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას არჩევნებზე. ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ამ კანონით შეზღუდონ ქვეყანაში იმ ფულის შემოსვლა, რომელსაც თავად ვერ გააკონტროლებენ. ეს არის და ეს. ფულის იმ ადამიანებს ეშინია, ვისაც უნდა ხალხის ყიდვა, ვისაც ხალხის მხარდაჭერა აქვს, იმას ფულის არ ეშინია. ქართველი ხალხი არასოდეს არ იყიდება. თვითონ ფულზერომ არიან გაყიდულები, მათ ჰგონიათ, რომ ქართველი ერიც იყიდება ფულზე. არავითარი ბმა და კავშირი მათ ქართულთან არ გააჩნიათ. ვერ ჩაჯდნენ ქართულ რეალობაში. ამიტომაც არის მათი ყველა რეფორმა, ინიციატივები საქართველოს, ქართველი ხალხის განადგურებისკენ მიმართული. მათ არაფერი ქართული არ გამოსდით.
–თქვენ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევები ახსენეთ, რომლის მიხედვითაც ამ პარტიას კატასტროფული რეიტინგი აქვს. ვფიქობ, ამ კვლევების შედეგია, რომ მაჟორიტარებზე ხელს ვერ იღებენ, ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატებს „სახალხო დელეგატი“ უნდა დაარქვან და მიაბან კონკრეტულ რეგიონებს. მაინც ცდილობენ, რომ მაჟორიტარების მანდატები მანიპულაციებით ჩაიგდონ ხელში.
– კონსტიტუციაში სწერია, რომ სრულიად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს 2024 წლის საპარლამენტო და ყველა მომდევნო არჩევნები. ახლა ესენი რაღაცას მაიმუნობენ, მაგრამ თუ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, ვერაფერს იზამენ. ვხედავთ, რომ მიდის ვაჭრობა ოპოზიციასთან ყველანაირ თემებზე. ეს არის იმის გამოძახილი, იმის გაგრძელება, რომ ოპოზიციამ „გაუპრავა“ არჩევნები და თითქმის ყველაფერი ხელისუფლებას. ეს ოპოზიცია აკეთებს ანტიქართულ და ანტიხალხურ საქმეს. სამწუხაროდ, ერთად ყველაფერი მოახერხეს, რომ ამ ქვეყანაში ქართული არჩევანი არ დატოვეს.
–პირდაპირ ვთქვათ, ხელისუფლება და ეს ოპოზიცია ერთად სძოვენ. ხელისუფლება მეტს სჭამს, ოპოზიცია ცოტა ნაკლებს, მაგრამ ორივე კმაყოფილია.
–ეგეც არ ვიცით, რომელი სჭამს მეტს. ზოგიერთი ოპოზიციონერი შეიძლება უფრო მეტს თქვლეფს, ვიდრე ხელისუფლების არც თუ მაღალი რანგის წარმომადგენელი. „ნაცმოძრაობაში“ რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. მაგისთვის „გაპრავდა“ ეს პარლამენტი. დააკნინეს ქვეყანა იმის გამო, რომ ორივენი კარგად იყვნენ. ამხელა გეოპოლიტიკური ძვრები მიდის და ჩვენ არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური კუთხით არსად ვმონაწილეობთ. ქვეყნის გაერთიანებაზე აღარ არის საერთოდ ლაპარაკი, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებაზე ხმას აღარ იღებენ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ გააქრეს. არ სჭირდებათ და იმიტომ. ეს თემა მიაბეს პრორუსულ თემას. ვინც ქვეყნის გაერთიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე ლაპარაკობს, თურმე პრორუსია. წარმოიდგინეთ, რამხელა ბოროტებაა ჩადებული ამაში. აი, ამას მიაღწია ამ ორმა გარეწარმა ძალამ ერთობლივად.
–ეკონომიკის მინისტრი პარლამენტიდან გვიმტკიცებდა, ორჯერ გაიზარდა ეკონომიკა დ 2023 წელს 51 000 ადამიანი დასაქმდაო. თუ ასეა, ხალხი რატომ გარბის ამ ქვეყნიდან?
–დასაქმება იმას ჰქვია, როდესაც ხელფასს აიღებ და იმ ფულით ოჯახს შეინახავ და ღირსეულად იცხოვრებ. ამ ქვეყანაში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, ისე ძვირდება ყველაფერი, რომ აქ მუშაობა აზრს კარგავს. კარგი, დავიჯერე, რომ 2023 წელს 51 000 ადამიანი დასაქმდა, მაგრამ ეს ხალხი იცით, ვის ნაცვლად დასაქმდა? ვინც ინფლაცის და დაბალ ხელფასს გაექცა უცხოეთში, იმ ხალხის ადგილი სხვებმა დაიკავეს. ეს დასაქმება არ არის. ხალხი გარბის, თავისუფლდება სამუშაო ადგილები და იმ ადგილს ვიღაც აუცილებლად დაიკავებს. ძირითადად ახალგაზდები, რომელთათვისააც ეს დაბალანაზღაურებადი და პირველი სამსახური მიმზიდველია, ვიდრე საკუთარი შრომის ფასს გაიგებენ. იმას რატომ არ ამბობენ, რამდენმა ათასმა კაცმა მიატოვა სამსახური 2023 წელს და უცხოეთში წავიდა, რომ ოჯახი იქიდან ერჩინა ღირსეულად? თვეში 400–500 ლარი ხელფასი აქვს ხალხს კერძო სექტორში, ამას ეძახიან სამუშაოს და დასაქმებას? ამ დროს იზრდება ჩინოვნიკების, პოლიტიკოსების, მათი ნათესავების შემოსავლები, იზრდება ბანკირების შემოსავლები, რომელთა სუფთა მოგებაც შარშან 2 მილიარდ ლარზე მეტი იყო ამ გატყავებულ ქვეყანაში. ეს ჯგუფები ყვლეფენ ხალხს, ქვეყანას, ბიუჯეტს. აიტი სექტორში შემოსავლები იზრდება და არა იმიტომ, რომ ქართული აიტი სექტორი განვითარდა. ომის გამო, რომ რუსები და უკრაინელები დისტანციურად მუშაობენ ჩვენთან, იმიტომ განვითარდა. ქართველები კი უცხოეთში გაიქცნენ. ზოგადად, ტექნოლოგიების სფეროში მძიმე მდგომარეობაა. მოკლედ, ყველა ფეხის ნაბიჯზე ტყული და სიტყვების რახარუხია.
თუ ეკონომიკა აყვავდა ქვეყანაში, რასაც გვიმტკიცებენ, მაშინ რატომ მოხსნა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილმა? ქვეყანაში არებულ კორუფციაზეც ილაპარაკა ივანიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის ეს ციფრები, ეკონომიკის აღმავლობაზე ლაპარაკი არ ჯდება ლოგიკაში. ლევან დავითაშვილმა რა მიღწევებზეც ილაპარაკა, როგორც თავად აღნიშნა, ეს ყველაფერი მოხდა ღარიბაშვილის პრემიერობისას. ასეთ წარმატებულ პრემიერებს კიდევ არ ხსნიან– პირიქით, მადლობას ეუბნებიან. მერე, ბიძინა ივანიშვილს დაესიზმრა, კორუფციაა ქვეყანაშიო? ან იმ გადაცემებს, რომელთაც ვუყურებთ, სადაც ფაქტობრივი მტკიცებულებები იდება ამათ კორუფციულ საქმიანობაზე, ტყუილია? თუ ტყუილია და ერთს მაინც ეყოს ნამუსი და უჩივლოს ამ ტელევიზიებს, რომ ბრალს ტყუილად სდებენ, იტყუებიან, კორუფციული გზით ნაშოვნი ფული და ქონება არ გააჩნიათ და მოსთხოვონ ბოდიშის მოხდა. ამასაც არავინ აკეთებს და აბა, რატომ არ უნდა დავიჯერო, რომ კორუფციაში არ არიან გათხვრილნი? მილიონობით ფულის მოპარვასა და სახელმწიფო ქონების უკანონოს მითვისებაზეა ლაპარაკი და სიტყვაზე ვენდო? რატომ, საბავშვო ბაღია? ამ დროს ბევრს ჰგონია, რომ რეალურად რაღაც შოუებს უყურებს, მხატვრულ სერიალებს, რადგან რიგით მოქალაქეებს ვერ წარმოუდგენიათ ქვეყნის ასეთი უმოწყალო და უნამუსო ძარცვა, თან ისეთ თანხებზეა საუბარი, რომ მართლა დაუჯერებლად ეჩვენებათ.
კომენტარები