• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, პარასკევი, 6 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აგერ ჩვენი კანონპროექტი – ვიმსჯელოთ და გავიტანოთ! გვჭირდება დახმარება!” – ლადო სადღობელაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:27 01-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

სამოქალაქო აქტივისტი, “ა/ო “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი”-ის დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი:

“აგერ ჩვენი კანონპროექტი! ვიმსჯელოთ დავამუშავოთ და გავიტანოთ!

გვჭირდება დახმარება!

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„უსახლკაროდ დარჩენილ პირთა შესახებ“

I თავი. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია უსახლკარობასთან ბრძოლა. ამ მიზნის მისაღწევად პრევენციული ღონისძიებებისა და ზოგადი პრინციპების განსაზღვრა.

2. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივ მდგომარეობას, საცხოვრისის მიღებასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთათვის საცხოვრისის მინიჭების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს უსახლკაროთა კატეგორიებსა და მათთვის საცხოვრისის მინიჭების ძირითად პრინციპებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საცხოვრისი – ფიზიკური, სამართლებრივი და/ან სოციალური თვალსაზრისით გარანტირებული საცხოვრებელი ფართი;

ბ) არასათანადო საცხოვრისი – ისეთი ტიპის საცხოვრისი, რომელიც არ აკმაყოფილებს საცხოვრისისთვის დამახასიათებელ თუნდაც ერთ-ერთ აუცილებელ შემადგენელ – ფიზიკურ, სამართლებრივ და/ან სოციალურ ნიშანს;

გ) უსახლკარო პირი – საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, სოციალურად დაუცველის სტატუსის (ნებისმიერი სარეიტინგო ქულის) მქონე და/ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებული, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საჭიროებს საცხოვრისით უზრუნველყოფას;

დ) უსახლკარო პირის ოჯახი – უსახლკარო პირის მშობლები, მეუღლე და შვილი/შვილები, რომლებიც შეიძლება არ წარმოადგენდნენ საქართველოს მოქალაქეებს;

ე) ფიზიკური უსახლკარობა – ღია ცის ქვეშ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ფიზიკურად არ გააჩნია საცხოვრისი. აგრეთვე საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც ცხოვრება უწევს ავტომობილში, საცხოვრისის ფუნქციის არმქონე სხვადასხვა კონსტრუქციაში ან თავს აფარებს არამყარ ნაგებობასა და საცხოვრისად გამოუსადეგარ კონსტრუქციას;

ვ) სამართლებრივი უსახლკარობა – ისეთ შენობაში შესახლებული/მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია იმ საცხოვრისში სამართლებრივად ცხოვრების საფუძველი. კერძოდ, როდესაც იგი არ წარმოადგენს იმ კონკრეტული საცხოვრებელი ფართის არც მესაკუთრეს, არც დამქირავებელს, არც მოგირავნეს, არც უზურფრუქტუარს და არც მოიჯარეს;

ზ) სოციალური უსახლკარობა – ისეთ საცხოვრისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომლის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი არ შეესაბამება ცხოვრებისათვის საჭირო აუცილებელ ისეთ კომპონენტებს როგორებიცაა: უსაფრთხოება, ჯანმრთელობისთვის საჭირო გარემო, ადეკვატური პირადი სივრცე, განათება, ვენტილაცია და საბაზისო ინფრასტრუქტურა (ელექტროენერგია, წყალი, გაზი და სანიტარია);

თ) ადეკვატური პირადი სივრცე – საცხოვრისში ერთ სულ მოსახლეზე გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 7 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, გარდა იმ ფართებისა, რომელიც გათვალისწინებულია შემოსასვლელის, სამზარეულოსა და სანიტარული მიზნებისთვის;

ი) ბენეფიციარი – საცხოვრისის, დროებითი თავშესაფრის მიმღები უსახლკარო პირი;

კ) საცხოვრისის ერთიანი სახელმწიფო ფონდი – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა იმ შენობა-ნაგებობების ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია უსახლკარობასთან ბრძოლისათვის;

ლ) უსახლკარობის საფრთხის წინაშე მდგარი პირი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ოჯახური ძალადობის ან მისი სიცოცხლისათვის სხვა ტიპის საფრთხეების, სოციალური გარიყულობის ან ასეთი საფრთხის ქვეშ;

მ) დროებითი თავშესაფარი – გადაუდებელი აუცილებლობისთვის განკუთვნილი ღამის გასათევი თავშესაფარი, რომელიც უზრუნველყოფილია საწოლითა და საუზმით;

ნ) უსახლკაროთა ერთიანი რეესტრი – საცხოვრისით უზრუნველყოფის საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეთა/მათი ოჯახის წევრთა პირადი მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზა;

ო) უსახლკაროთა ერთიანი რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი ორგანო – საქართველოს ოპუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში „სააგენტო“).

პ) უსახლკაროთა მომსახურებისა და უსახლკარობის მართვის დეპარტამენტი – საქართველოს ოპუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოში შექმნილი შესაბამისი სამსახური (შემდგომში „დეპარტამენტი“).

ჟ) მინისტრი – საქართველოს ოპუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

მუხლი 3. უსახლკარობასთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები

1. საყოველთაობა – ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო მიისწრაფვის, რათა უსახლკარობასთან ბრძოლა თანმიმდევრულად და თანაბრად განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

2. სისტემურობა – ეს კანონი აწესებს და განსაზღვრავს უსახლკარობასთან ბრძოლის გრძელვადიან პრინციპეპსა და ნორმებს.

3. რესოციალიზაცია – ეს კანონი მიისწრაფვის, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს უსახლკარო პირთა სრული რესოციალიზაცია და მათი ღირსეული დაბრუნება სამოქალაქო საზოგადოებაში. ამისთვის ეს კანონი ადგენს უსახლკარობასთან ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებს.

4. ჩართულობა – ამ კანონით სახელმწიფო გამოხატავს თავის ნებას, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს ამ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანოებში, რათა მოხდეს ამ სფეროში არსებული თანამედროვე მიღწევების და საფრთხეების ერთობლივი ანალიზი და საერთო სტრატეგიის დასახვა.

5. გამჭვირვალეობა – სახელმწიფო აცხადებს მზადყოფნას, რათა მაქსიმალურად ჩართოს უსახლკარობასთან ბრძოლის პროცესში, ამ სფეროში მომუშავე ყველა სპეციალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია.

6. ტოლერანტობა – დაუშვებელია უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველ პირთა და უსახლკარო პირთა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია მათ მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას, იმ მიზეზით, რომ ისინი არიან საცხოვრისის მაძიებელნი ან/და უსახლკარო პირები, ასევე რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის გამო.

7. პრიორიტეტულობა – ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარეგისტრირებულ პირთა შორის, პრიორიტეტი ენიჭება ფიზიკური უსახლკარობის პრობლემის მართვისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას.

II თავი. ძირითადი ნაწილი

მუხლი 4. უსახლკარო პირის სტატუსი

1. უსახლკარო პირს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს და ამ კანონისა და მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მოითხოვოს უსახლკაროთა ერთიან რეესტრში საკუთარი თავისა და მისი ოჯახის წევრების რეგისტრაცია.

2. უსახლკარო პირთა აღრიცხვა უსახლკაროთა ერთიან რეესტრში ხდება სისტემატურად სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მიერ.

3. უსახლკარო პირთა უსახლკაროთა ერთიან რეესტრში აღრიცხვის, ამ მონაცემების დამუშავების, უსახლკაროთა ერთიან რეესტრში მყოფ პირთა მონიტორინგის წესი და პირობები, აგრეთვე უსახლკარო პირისთვის საცხოვრისის გრძელვადიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 5. უსახლკარო პირთა სახეები

1. ამ კანონის მიზნებისთვის დადგენილია უსახლკარო პირთა სამი სახე:

ა) ფიზიკურად უსახლკარო;

ბ) სამართლებრივად უსახლკარო;

გ) სოციალურად უსახლკარო.

2. უსახლკაროთა ერთიან რეესტრში უსახლკარო პირის რეგისტრაცია, მისი მდგომარეობის წინასწარი შესწავლის შემდეგ, უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა სახის უსახლკარობასთან გვაქვს საქმე კონკრეტულ ბენეფიციართან მიმართებაში.

3. უსახლკარო პირთა სახეების გამოვლენა, ამ კანონში განმარტებული უსახლკარო პირის სახეების შესაბამისი ქვეკრიტერიუმები და განმცხადებელთა შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 6. უსახლკარო პირთათვის საცხოვრისის პრიორიტეტულად გადაცემის წესი

1. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი ენიჭება ფიზიკურად უსახლკარო პირებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის საცხოვრისის გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ფიზიკურად უსახლკარო პირთა პრობლემების შემდეგ, პრიორიტეტი ენიჭება შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) მრავალშვილიან ოჯახებს;

ბ) მხარდაჭერის მიმღებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებს;

გ) მარტოხელა დედებს;

დ) 65 წელს გადაცილებულ პირებს;

ე) ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ;

ვ) ბუნებრივი კატასტროფების და კატაკლიზმების მსხვერპლთ.

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ამტკიცებს უსახლკაროთა საცხოვრისით პრიორიტეტულად დაკმაყოფილების წესს.

მუხლი 7. უსახლკარო პირისათვის უსახლკაროს სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

1. პირს უსახლკაროს სტატუსი შეუწყდება, თუ:

ა) იგი პირადი განცხადებით მიმართავს დეპარტამენტს;

ბ) საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში აღირიცხება ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება ან მის სახელზე აღირიცხება 20 000 ლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალება;

გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

დ) მისი/მისი ოჯახის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი აღემატება 1500 ლარს;

ე) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ) იგი გარდაიცვალა.

2. პირს უსახლკაროს სტატუსი აღუდგება, თუ:

ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ბ) მას უსახლკაროს სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;

გ) მას უსახლკაროს სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა უსახლკაროს სტატუსის მინიჭება;

3. პირს უსახლკაროს სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

4. პირისათვის უსახლკაროს სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს დეპარტამენტი.

5. პირისათვის უსახლკაროს სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე წამოჭრილ დავებს წყვეტს სასამართლო.

6. პირისთვის უსახლკაროს სტატუსის შეწყვეტისა და ჩამორთმევის შემთხვევაში პირი ექვემდებარება დაუყოვნებლივ გამოსახლებას საცხოვრისიდან. გამოსახლების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანებით.

მუხლი 8. სამოქმედო გეგმა

1. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, უსახლკარო პირთა მომსახურებისა და უსახლკარობის მართვის მიზნით, შესაბამისი ცვლილებები შევიდეს:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში და ამ კანონის შესაბამისად განისაზღვროს სააგენტოს დამატებითი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები უსახლკარობასთან ბრძოლის სფეროში.

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 31 დეკემბრის №01/474-ო – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში და განისაზღვროს უსახლკაროთა მომსახურებისა და უსახლკარობის მართვის დეპარტამენტის სტატუსი, სტრუქტურა, აპარატი, ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის სხვა წესები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ბრძანებაში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ 3 თვის ვადაში შეიქმნას უსახლკაროთა ერთიანი ელექტრონული რეესტრი და მოხდეს უსახლაროთა აღრიცხვის ერთიანი მექანიზმის შემშავება.

3. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

ა) უსახლკარობასთან ბრძოლის კონცეფციის შემუშავება;

ბ) უსახლკარობასთან ბრძოლის გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება;

გ) უსახლკარობასთან ბრძოლის სტრატეგიული ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

დ) ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის შექმნა, სტრატეგიული ორწლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რათა განისაზღვროს/დაიგეგმოს ცენტარული და ადგილობრივი ხელისუფლებების ერთობლივი პოლიტიკა და მუშაობის ძირითადი მიმართულებები.

ე) სტრატეგიული გეგმის შესრულების სამონიტორინგო ორგანოს შექმა, მისი მუშაობის და უფლებამოსილების რეგულირება;

4. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მის საფუძველზე, უსახლკარობასთან ბრძოლის მიზნით, საჭიროების მიხედვით, მოხდეს ახალი საბინაო პოლიტიკის (საცხოვრისის ფონდი) ფორმირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

5. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მის საფუძველზე, უსახლკარობასთან ბრძოლის მიზნით, საჭიროების მიხედვით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვროს, მოეწყოს და/ან აშენდეს უსახკლაროთა დროებითი თავშესაფრები;

6. საჭიროების მიხედვით, უსახლკარობასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ მოხდეს ყველა იმ სამინისტროს ქმედითი და ეფექტური ჩართვა, რომელთა ჩართულობა ხელს შეუწყობს უსახლკარობასთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

7. სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომ საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყოველწლიური ანგარიში პარლამეტში წარსადგენად, სადაც ასახული იქნება სტრატეგიული ორწლიანი გეგმის განხორციელების ეტაპები და მიღწეული შედეგები.

მუხლი 9. უსახლკაროთა მომსახურებისა და უსახლკარობის მართვის დეპარტამენტი

1. უსახლკაროთა მომსახურებისა და უსახლკარობის მართვის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ექვემდებარება საქართველოს ოპუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სოციალური მომსახურების სააგენტოს და წარმოადგენს მის სტრუქტურულ ქვეგანაყოფს.

2. უსახლკაროთა მომსახურებისა და უსახლკარობის მართვის დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე კანონის, მთავრობის შესაბამისი დადგენილებების, მინისტრის შესაბამისი ბრძანებებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 10. უსახლკაროთა მომსახურებისა და უსახკარობის მართვის დეპარტამენტის ფუნქციები

1. უსახლკაროთა მომსახურებისა და უსახლკარობის მართვის დეპარტამენტი არის სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც:

ა) უზრუნველყოს უსახლკაროთა ერთიან რეესტრის შექმნასა და მის წარმოებას;

ბ) უზრუნველყოს უსახლკაროთა უფლებების დაცვას;

გ) ამუშავებს უსახლკაროთა სტატისტიკურ მონაცემებს;

დ) სწავლობს უსახლკარობის გამომწვევ მიზეზებს;

ე) უზრუნველყოს უსახლკაროთა დროებითი თავშესაფრებისა და საცხოვრისის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვას;

ვ) უზრუნველყოფს უსახლკაროთა განთავსებას დროებით თავშესაფრებში და მათთვის საცხოვრისის გრძელვადიან სარგებლობაში გადაცემას.

ზ) შეიმუშავებს უსახლკარობასთან ბრძოლის შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს;

თ) უსახლკაროთა საკითხებისა და პრობლემატიკის შესწავლის საფუძველზე, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს უსახლკაროთა სფეროს რეგულირების თაობაზე;

ი) წარმართავს სამუშაოებს უსახლკარობასთან ბრძოლის დარგში;

კ) უზრუნველყოფს „უსახლკაროებთან მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების ევროპული ფედერაციისა“ („FEANTSA“) და „გაეროს ურბანული მომავლის გაუმჯობესების პროგრამის („UN-HABITAT“) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვას უსახლკარობასთან ბრძოლის სფეროში;

ლ) და სხვა ფუნქციები, რომლებიც მიმართულია უსახლკარობასთან ბრძოლის, მისი მართვისა და აღმოფხვრისკენ.

მუხლი 11. უსახლკარო პირთა დახმარების ორგანიზება

1. უსახლკარო პირთა რეგისტრაციის, განსახლების, სოციალური და სხვა საკითხების გადაწყვეტას ორგანიზებას უწევს დეპარტამენტი სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

2. ამ კანონით დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

მუხლი 12. უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის გარანტია

1. უსახლკარო პირთა უფლებებს იცავენ სამინისტრო, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. თანამდებობის პირის არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან/და სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 13. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია უსახლკაროთა საკითვების რეგულირებაში

1. ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოები მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ უსახლკაროთა მომსახურებისა და უსახლკარობის მართვის დეპარტამენტს მუნიციპალურ დონეზე მოქმედი სერვისების ხელმისაწვდომობისა და საცხოვრისის ადმინისტრირების კუთხით.

მუხლი 14. უსახლკარობასთან ბრძოლის დაფინანსების წყაროები

1. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები;

დ) დონორების მიერ გადახდილი თანხები და სხვა სახის შემოწირულობები;

ე) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.

მუხლი 15. გასაჩივრების ზოგადი პრინციპები

1. ამ კანონით მოწესრიგებული ურთიერთობების პროცესში წარმოშობილი დავა ჯერ უნდა გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში და ამის შემდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით.

III თავი. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 16. კანონის ამოქმედება

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები; ამავე კანონის მე-17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის მე-18 მუხლი; ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №131 დადგენილება.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.”

თეგები: ლადო სადღობელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

15:44 06-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:46 06-05-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა

11:28 06-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved