ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, “ამბებთან” ამბობს:
“პოლიტიკაში ნაკლებად ჩახედული მკითხველი შესაძლოა თვლიდეს, რომ მართლაც, რა უნდა კიევიდან ჩამოსვლას, დააჯდება მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავს და დაახლოებით ორ საათში თბილისში იქნება. თუმცა სააკაშვილისთვის რეალობა არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. დღეს სულ სხვა საქართველოა, რომელშიც ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს და მიუხედავად სხვადასხვა სფეროში არსებული სირთულეებისა, ქვეყანაში არავითარი რევოლუციური განწყობა არ არსებობს. ასეთ დროს კი ნებისმიერი N პიროვნების პროცესებში ჩართვა ძალთა ბალანსს ვერ შეცვლის.
რაც შეეხება უფრო დეტალურ სურათს, შეგვიძლია განვიხილოთ რა შეიძლება მოხდეს მისი ჩამოფრენის შემთხვევაში:
არჩევნების დღეს, გვიან საღამოს, სააკაშვილის ჩამოსვლა “ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული თავსატეხი გახდება, რადგან პარტიას რეალურად ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, პირველი ფრონტია საარჩევნო დღეს აქტიურობა და მეორე – სააკაშვილისთვის აეროპორტთან ხალხის დიდი ნაკადის მობილიზება, რაც დამეთანხმებით, ალბათ, ძალიან რთულია.
ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე მისი მომხრეები შეღწევას ვერ შეძლებენ და სამართალდამცავებს სააკაშვილის დაკავების და აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანა ნამდვილად არ გაუჭირდებათ. რა შეიძლება მოხდეს მისი დაკავების შემდეგ დღეებში? სავარაუდოდ, დაანონსდება აქციები, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ოპოზიციაში რეალური ძალის მქონე არცერთი პარტია მხარს არ დაუჭერს და არც არავინ ეცდება სააკაშვილის რუსთავის ციხიდან დახსნას.
დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს “ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც ბევრად აღემატება “ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს და, ბუნებრივია, არც ისინი შეხვდებიან სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, გულზე ხელდაკრეფილები“.
კომენტარები