ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ ეზოში სასწაულები დღემდე აღესრულება. იქ დედა ანასტასია ცხოვრობდა, რომელიც უამრავ სასწაულს აღასრულებდა. სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა.
რამაზ სალიმიანი ,,სარკეს” უყვება:
ანასტასია ნიკიშევა 1886 წელს დაიბადა თბილისში. მე-19 საუკუნის მიწურულს ნაძალადევის რაიონში რუსები ცხოვრობდნენ, რომლებიც საგანგებოდ ჩამოიყვანეს რკინიგზის მოსაწყობად. ანასტასიას მამა ინჟინრად მუშაობდა.
ანასტასია 3 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ამბობენ, რომ მისი დედა ქართველი იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ანასტასიას მამამ მეორედ იქორწინა და ორი ქალიშვილი შეეძინა – ანა (გიორგი მაყაშვილ-საზანოვის დედა) და ვერა.
ანასტასია ძალიან ლამაზი ყოფილა. შავი თმა, მუქი ფერის თვალები და გრძელი თითები ამშვენებდა. ქალთა სემინარიაში სწავლობდა. კარგი ხმა ჰქონდა და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა.
18-20 წლის ასაკში კავშირგაბმულობის სახლში მუშაობდა. მაშინდელ ვორონცოვის სასახლეში (ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ავტ.) მეჯლისები იმართებოდა და ერთ-ერთ ასეთ მეჯლისზე გაიცნო გვარდიის ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც შეუყვარდა.
მალე წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. ერთ საღამოს ანასტასიას შეყვარებულმა მიაკითხა. იმ დროს გოგონა სახლში არ იყო და კარი დედინაცვალმა გააღო. ოფიცერს უთხრა, ანასტასია გაგიჟდა, გაკოჭეს და საგიჟეთში წაიყვანეს, ამიტომ თქვენი ქორწილი ვერ შედგებაო.
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მიჯნურმა იარაღი ამოიღო და იქვე, ჭიშკართან მოიკლა თავი. ანასტასია ამ დროს თურმე ეკლესიაში ლოცულობდა. სახლში რომ დაბრუნდა და ასეთი შემზარავი ამბავი გაიგო, იქვე დაჯდა და აღარ ამდგარა. 65 წელი ასე იჯდა და ლოცულობდა.
თავიდან შენობაში ძალით შეიყვანეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ იქაურობას ცეცხლი გაუჩნდა, თავად გადარჩა, მაგრამ მთელი ოთახი დაიწვა. ამის შემდეგ იძულებული გახდნენ, ისევ გარეთ გამოეყვანათ. მას შემდეგ მთელი ცხოვრება, 65 წელი, დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ, წვიმასა და ქარში, ყინვასა და ქარბუქში ეზოში იჯდა და ლოცულობდა, თავშესაფარში არ შედიოდა.
სამხედრო ლაბადა მიუტანეს, რომ წვიმისგან დაცული ყოფილიყო, მაგრამ არ გაიკარა. ისე იჯდა, როგორც ქვის ქანდაკება. არასოდეს დაუჩივლია, რამე რომ სტკიოდა, რამე რომ აწუხებდა. კბილებსაც თავად იღებდა. ჯდომისგან ბარძაყის ძვალი წვივს შეეზარდა.
წიგნებს კითხულობდა, რომლებსაც სკივრში ინახავდა. სკივრი კი გვერდით ედგა. თავზე საკუთარი ხელით მოქსოვილი ქუდი ეხურა. მხრებზე მსუბუქი მოსასხამი ჰქონდა მოხურული, ფეხებზე ფეხსაცმელი არ ეცვა, წინდებს კი ძირი არ ჰქონდა. ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის ჯდებოდა ღამის ქოთანზე, რომელიც სკამის მაგივრობასაც უწევდა. ქოთანს კიდეები მომტვრეული ჰქონდა და ხორცში ერჭობოდა. უჩნდებოდა სისხლიანი წყლულები, მაგრამ არ უჩირქდებოდა. ღამის ქოთანი მხოლოდ მის დისშვილს, გიორგის გაჰქონდა, რომელსაც გასამრჯელოდ 5 კაპიკს და ლიმონათს აძლევდა.
გიორგი იხსენებს, რომ ზამთარში, როდესაც მთლიანად დათოვლილი იყო ანასტასია, ხელებზე ოხშივარი ასდიოდა. მასთან ბევრი მოსაკითხი მიჰქონდათ, მაგრამ თავისთვის არაფერს იტოვებდა, სხვებს ურიგებდა. შემოწირულობას ყველასგან არ იღებდა. მსხლის ლიმონათი ძალიან ჰყვარებია.
ანასტასია ძალიან იყო დაახლოებული დებ ევდოკია და რაისა მარჩენიკოებთან. ისინი წელიწადში ერთხელ, 19 იანვარს, ეზოში, ზეწრებით შემოფარგლულ ადგილას, აბანავებდნენ, წყალი კი ეკლესიიდან მოჰქონდათ. შუა ზამთარში, ბანაობის დროს, ანასტასიას ოხშივარი ასდიოდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში თავის დისშვილს, გიორგის, თმას მოკლედ აჭრევინებდა, ფრჩხილებს კი თავად იჭრიდა.

მას წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში ბევრი ადამიანი მიდიოდა მასთან და ომში დაკარგული ახლობლების ბედს ეკითხებოდა. ანასტასია ვისაც მიწას გაუწვდიდა, ესე იგი მისი ახლობელი გარდაცვლილი იყო, ვისაც ხელს მიაწვდიდა – ცოცხალი.
იქ მუდმივად ხალხმრავლობა იყო, ადამიანები პატარა სკამებზე, ე.წ. ტაბურეტებზე, სხდებოდნენ და ლოცულობდნენ. ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ ეს სკამები ხალხმა სახლებში წაიღო, როგორც სიწმინდეები. ერთი ასეთი სკამი მამა რაფაელთანაც ინახება.
მილიცია ანასტასიასთან მისულ ადამიანებს აგდებდა, ავიწროებდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მილიციელები მორწმუნეებს სთხოვდნენ, ხმადაბლა ეგალობათ.
როგორც მისი დისშვილი იხსენებს, ერთხელ, 1949-50 წლებში, ანასტასიასთან საშუალო სიმაღლის ქალი მივიდა, რომელსაც თან სამი მამაკაცი ახლდა. ის ლავრენტი ბერიას დედა იყო. ამ ქალმა 14 წლის გიორგის ტკბილეული მისცა და სთხოვა, მათი საუბრისთვის ხელი არ შეეშალა.
ანასტასიასთან ვასილ მჟავანაძეც დადიოდა. ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზეც მოდიოდა. პირადად მე მინახავს ღამით მოსული ვასილ მჟავანაძე მეუღლესთან ერთად. ერთხელ მკითხა კიდეც, ხომ არაფერი გინდაო. ვუპასუხე, რომ არაფერი მინდოდა.
ანასტასია 1970 წლის 7 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დისშვილი დილით ეზოში რომ გამოვიდა, ანასტასია მუხლებში თავჩქარგული, გარდაცვლილი დახვდა. დურგალმა სკამის ფორმის კუბო გააკეთა და ანასტასია მჯდომარე დაასაფლავეს.
პანაშვიდზე უამრავი ადამიანი მიდიოდა, ქალები ღამისთევითაც რჩებოდნენ. ანასტასიას დაკრძალვა 8-10 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რადგან უამრავი ხალხი მიდიოდა მის პანაშვიდზე. სამღვდელოება ყოველდღე იხდიდა პანაშვიდს. ანასტასიასთვის ბალზამი არ გაუკეთებიათ, რადგან მის ნეშტს საოცარი სურნელი ასდიოდა.
დასაფლავების დღესაც უამრავი ხალხი მივიდა, სასაფლაოზე გვიანობამდე იხდიდნენ პანაშვიდს, საღამოხანს მესაფლავეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან მზე უკვე ჩასული იყო და სახლში წასვლა უნდოდათ.
ქელეხის სუფრა ანასტასიას სახლის ეზოში გაიშალა. ხალხის სიმრავლის გამო სუფრა სამჯერ განაახლეს. დაიკლა ორი ცხვარი და ხბო, ღვინო თითქმის არ დალეულა, ღვინით სავსე ოცლიტრიანი ბალონი ხელუხლებელი დარჩა.
– რატომ ამოირჩია ანასტასიამ სამკურნალოდ წითელი ვაშლები და არა – სხვა ხილი?
– იმიტომ, რომ ვაშლის ხის ძირში იჯდა, ხელში ვაშლები ეჭირა და ათამაშებდა. ერთხელ ერთი გოგონა მივიდა და უთხრა, დედაჩემი ავად არის და დამილოცეო. დედა ანასატასიამ გოგონას ის წითელი ვაშლი მიაწოდა, რომელიც ხელში ეჭირა და უთხრა, ეს დედაშენს აჭამეო. მართლაც ამ ბავშვის დედა იმ დღესვე განიკურნა.
ბევრჯერ მინახავს მის საფლავზე მწვანე ვაშლები დაუდიათ და ვაშლები გაყვითლებულა. გაყვითლება სურვილის ასრულებას ნიშნავს.
სამკურნალოდ უშვილო წყვილები მოდიან და იკურნებიან, შვილი უჩნდებათ. ერთხელ გოგონა მოვიდა, რომელსაც თავში სიმსივნე ჰქონდა. ანასტასიას საფლავზე ილოცა, ვაშლი შეჭამა, მირონი იცხო და წავიდა. ამ გოგონამ გამოკვლევა რომ გაიკეთა, სიმსივნე აღარ ჰქონდა.
არქიმანდრიტ რაფაელს დედა ავად ჰყავდა, ის ანასტასიასთან მივიდა და დახმარება სთხოვა. მან ვაშლი მისცა და უთხრა, ეს შეაჭამეო. ვაშლის ჭამის შემდეგ ქალი განიკურნა.
ანასტასიას თანამედროვეები, დები ევდოკია და რაისა მარჩენკოები, იხსენებდნენ, რომ ერთმა ქალმა კანფეტები მიუტანა. მას თან პატარა ბიჭი ახლდა. ანასტასიას ეს კანფეტები დებისთვის სურდა გადაეცა, მაგრამ იმ ქალმა უსაყვედურა, ამ ბავშვს მიეცი, მაგათ რატომ აძლევო. დედა ანასტასიამ კანფეტების ყუთი მოისროლა.
ერთ ქალს მისთვის საჭმელი მიუტანია, მაგრამ დედა ანასტასიას არ მიუღია, გადაუგდია და ასე უთქვამს, შენს რძალს არაფერს აძლევ და მე მომიტანეო.
დედა ანასტასიას მეზობელი ქალი, რომელიც მას ბავშვობიდანვე იცნობდა, ყვებოდა, რომ ყველას არ იღებდა. ეზოში შემოსული თუ არ მოეწონებოდა, არ გაიკარებდა და მაშინვე უკან აბრუნებდა. ახლაც ასეა, თუ ადამიანი გულით და რწმენით არ მოვა და მას საფლავთან მივუშვებ, დედა ანასტასია მეჩხუბება.
ერთხელ მონაზონმა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა მიუყვანა. ანასტასიას დაუნახავს თუ არა სტუდენტი, მაშინვე უთქვამს, ეს მზეთუნახავი არასოდეს გათხოვდება, სულიერი ცხოვრებით იცხოვრებსო. იმავე ღამით ამ გოგოს ღვთისმშობელი დაესიზმრა, რომელსაც მისთვის უთქვამს, შენ ჩემი ხარ და აღარასოდეს იფიქრო საერო ცხოვრებაზეო.
ერთ-ერთი მონაზონი, ირინე, იგონებდა, რომ ერთხელ მასთან საღამოს, 8 საათზე, ორი ადამიანი მივიდა, რომლებსაც ანასტასიას საფლავზე სურდათ წასვლა. ვაშლების ყიდვა ვერ მოასწრეს, რადგან საღამოს ბაზარი უკვე დაკეტილი დახვდათ. მონაზონსაც სურდა ანასტასიას საფლავზე წასვლა, მაგრამ ჯერ მეუფისგან კურთხევა უნდა მიეღო.
მონაზონი მეუფეს რომ ვერ დაუკავშირდა, წასვლა გადაიფიქრა. თავისი სავანიდან სამი წითელი ვაშლი გამოიტანა და ამ ორ ადამიანს ანასტასიას საფლავზე გაატანა. მათი წასვლის შემდეგ მონაზონს ჩუმად, თავისთვის უთქვამს, ანასტასია, მე კი გამოვაგზავნე სამი წითელი ვაშლი, მაგრამ შენ თუ გაგიხარდა, რაიმეთი მაგრძნობინეო.
მეორე დღეს, ვინც იმ მონაზონთან სავანეში მოსალოცად მივიდა, ყველამ შესაწირად წითელი ვაშლები მიიტანა. მონაზონი მიხვდა, რომ ეს შემთხვევით არ ხდებოდა, წითელ ვაშლებს ანასტასია უგზავნიდა.
ერთი ქალი ანასტასიას საფლავზე დადიოდა, გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. რამდენჯერმე მოვიდა საფლავზე, ილოცა და წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ექიმებმა გასინჯეს და აღმოჩნდა, რომ აღარაფერი აწუხებდა.
ერთ ახალგაზრდა ქალს 15 წელი შვილი არ უჩნდებოდა, ანასტასიას საფლავზე ილოცა და ახლა ორსულად არის. ერთ წყვილს შვილი არ უჩნდებოდა. მეგობარმა ურჩია, ანასტასიას საფლავზე ელოცათ. მალე გოგონა შეეძინათ. ბავშვს ანასტასიას პატივსაცემად ანასტასია დაარქვეს.
პატარა ბავშვი მოიყვანეს, რომელიც ვერ ლაპარაკობდა. ილოცეს და ბავშვმა საუბარიც დაიწყო.
ექიმი, რომელსაც საკვერცხეზე კისტა ჰქონდა, დედა ანასტასიას საფლავთან რამდენჯერმე მოვიდა, ილოცა, ვაშლი შეჭამა, ზეთი იცხო და წავიდა. ორ დღეში საკონტროლო გამოკვლევა გაიკეთა და აღარაფერი აღმოაჩნდა.
ერთი მორწმუნე ამბობდა, რომ დილის 8 საათზე მოვიდა საფლავზე. ლოცვის დროს იგრძნო, რომ მის უკან ვიღაც იდგა, შავით მოსილი. რომ შებრუნდა, უკან აღარავინ დახვდა. ცოტა ხნის შემდეგ კი საფლავის სახურავზე კენჭების ცვენის ხმა გაიგონა. ის ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ მის გასამხნევებლად თავად დედა ანასტასია ესტუმრა.
ამ საფლავიდან ძალიან დიდი მადლი გადმოდის.
კომენტარები