• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, შაბათი, 19 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის კამალა ჰარისი და შეუძლია, თუ არა, ამერიკის პირველ ქალ პრეზიდენტად გარდასახვა – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:02 01-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, წერილს ავრცელებს ამერიკის პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტზე:

„ჩვენ ვიცით, რას იტყვიან დაეჭვებული ადამიანები. ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებენ. გვეტყვიან, რომ ჩვენი დრო ჯერ არ დამდგარა; რომ მოვიცადოთ იქ, სადაც ახლა ვართ; რომ შანსი არ გვაქვს, რომ ჩვენი მიზანი მიუღწეველია. მაგრამ ამერიკის ისტორია დაწერეს ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ, რა იყო შესაძლებელი, მიუხედავად უმძიმესი მოცემულობისა. ეს არის ჩვენი ამბავი, ამერიკის თავგადასავალი!“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა კალიფორნიის შტატის უმცროსმა სენატორმა კამალა ჰარისმა მშობლიურ ქალაქ ოკლენდში შეკრებილ ათასობით თანამოქალაქეს და მათ თეთრ სახლში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლის დაწყება აუწყა. ერთი წლის შემდეგ ჰარისმა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ის ამერიკის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მანამდე არცერთ ქალს ამერიკაში ასეთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ უმუშავია, არცერთი აფროამერიკელი, აზიური წარმოშობის არცერთი მოქალაქე არ დაწინაურებულა ამ უზარმაზარი ქვეყნის მეორე პირის პოსტამდე. კამალა ჰარისი უკვე იქცა ცვლილებისა და ახდენილი ოცნების სიმბოლოდ.

რა გამოარჩევს 56 წლის გამარჯვებულ პოლიტიკოსს დანარჩენებისგან?

2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამამ თანამებრძოლად აირჩია ადამიანი, რომელიც კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველს არ გააღიზიანებდა. ირლანდიური წარმოშობის კათოლიკე ჯოზეფ (ჯო) ბაიდენი თეთრკანიანი მოსახლეობის ნაწილისთვის ყველაზე მისაღები ფიგურა აღმოჩნდა, მან ობამას ყულაბას დომინანტური სოციალური ჯგუფების არაერთი დაბნეული წარმომადგენლის ხმა შემატა და სისტემური რასიზმის პრობლემის მქონე საზოგადოების გაბატონებული ფენების დამშვიდებაც შეძლო. 2020 წელს სახელმწიფოს პირველი აფროამერიკელი მეთაურის მთავარი პარტნიორი უკვე თავად გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი და ამჯერად მას მოუწია დაახლოებით იმავე ამოცანის გადაწყვეტა. სენატში მუშაობის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების მქონე ჭაღარა მამაკაცის უპირველეს მისიად აშშ-ის საზოგადოების ყველაზე გარიყული კლასების გულის მოგება იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენმა მეწყვილე ზუსტად შეარჩია, რადგან კამალა ჰარისი სამართლიანად მიიჩნევა უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის გამაერთიანებელ სიმბოლოდ. ამ ადამიანებამდე მისასვლელ გზას არჩეული პრეზიდენტი მარტო ვერ გაიკაფავდა.

კამალა ჰარისი ემიგრანტების, აშშ-ში მეოცე საუკუნის განმავლობაში გადმოსახლებული ადამიანების ოჯახში დაიბადა. დედამისი, შიმალა გოპალანი, ინდოელი, ეროვნებით თამილი გახლდათ. არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს ბავშვობაში მრავალჯერ უმოგზაურია სამხრეთ აზიის ამ უდიდეს ქვეყანაში და შორეულ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე დედის ნათესავებთან არაერთხელ გაუტარებია სკოლისგან თავისუფალი დრო. მამა, დონალდ ჰარისი, კი წარმოშობით იამაიკიდან გახლავთ. მისი წინაპრები აფრიკიდან ემიგრირებული მონები იყვნენ. მაშასადამე, მშობლების ხაზით მოქმედ სენატორს ბევრი რამ აქვს საერთო აშშ-ის როგორც აფრიკული, ისე აზიური ფესვების მქონე მოქალაქეებთან, რომლებიც ამომრჩეველთა მრავალმილიონიან სეგმენტს ქმნიან.

კალიფორნიის შტატის ყოფილმა პროკურორმა მოახერხა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახლო კავშირები დაამყარა არაერთ რელიგიურ ორგანიზაციასთან. ჰარისი წლების განმავლობაში დედასთან ერთად სტუმრობდა ამერიკისა და კანადის ინდუისტურ ტაძრებს, მამისა და ოკლენდის ადგილობრივი თემის გავლენით კი ბაპტისტური ეკლესიის წევრი გახდა. მაშასადამე, სენატორი არის ქრისტიანი, რომელსაც მრავალრიცხოვან ინდუისტურ საზოგადოებასთან თანაარსებობის მდიდარი გამოცდილება აქვს. რელიგიურ ინსტიტუტებთან პოლიტიკოსის თანამშრომლობის რესურსებს განსაკუთრებით ამრავალფეროვნებს კამალას მეუღლე – იურისტი დუგლას ემჰოფი, რომელიც ამერიკელ ებრაელთა თანამეგობრობის წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ კამალა ჰარისის მშობლები დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეები არ ყოფილან, ათეულობით წლის განმავლობაში მას მაინც ყოველდღიურად უწევდა რასიზმთან შეჯახება. ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ინდოელი დოქტორისა და პოსტკეინზიანური ეკონომიკის პროფესორის შვილი პირად საკითხებზე ჩაწერილ თითქმის ყველა ინტერვიუში იხსენებს რასობრივი სეგრეგაციის შემთხვევებს, რომელსაც ის საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურში აწყდებოდა. ასეთი ამბების მოყოლა და ამერიკის რასობრივი ნიშნით ჩაგრული მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის პირობის მიცემა, რომ პირუთვნელად იბრძოლებენ სეგრეგაციის დასაძლევად, ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს არ შეუძლიათ.

როგორი პოლიტიკური პოზიცია აქვს არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს?

კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ძირითად დინებას არ ღალატობს და აქტიურად უჭერს მხარს ახალი მწვანე კურსის ამოქმედებას, სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონების დაწესებას, იარაღის ტარების შეზღუდვას, პროგრესული გადასახადების დაწესებას, უმცირესობათა უფლებების დაცვას, მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანას ლეგალიზებას და ა.შ. მისი ხედვები ყოველთვის ზომიერია და მთლიანად არასდროს ემთხვევა პარტიის ყველაზე პროგრესული და მემარცხენე ფრაქციების შეხედულებებს. პოლიტიკოსის კრიტიკის დროს ხშირად იხსენებენ კალიფორნიის იუსტიციის ორგანოს ხელმძღვანელად მის მუშაობის პერიოდს. პროკურორ ჰარისს „კანონისა და წესრიგის“ პოლიტიკის მომხრედ ახასიათებდნენ, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს სამართალდამცველთა უმკაცრეს და უკომპრომისო მოქმედებებს პოტენციური დამნაშავეების წინააღმდეგ. მისი მმართველობის დროს კალიფორნიის ციხეებში პატიმართა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.

როგორც ხედავთ, კამალა ჰარისის პორტრეტი უამრავ შუქ-ჩრდილს და ერთმანეთთან ძნელად თავსებად დეტალს აერთიანებს. მომავალი ოთხი წელი გვიჩვენებს, გახდება თუ არა ჯო ბაიდენის იდეალური თანამებრძოლი აშშ-სთვის დიდი ცვლილებების მოთავე; გვიჩვენებს, შეუძლია თუ არა ამერიკის პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტს ძლიერი სახელმწიფოს პირველ ქალ პრეზიდენტად გარდასახვა.”

თეგები: აშშლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved