,,თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე 28 ნოემბრის აქციაზე ნაცმოძრაობის წევრებისა და ,,ფედერალისტების” დაპირისპირებასაზეც აკეთებს განმარტებას და წერს:
,,გუშინ კარგი დღე იყო. ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა და ეს მოხდა მიუხედავად ორწლიანი რეპრესიისა, დაშინებისა და ძალადობისა. გარეთ იყვნენ როგორც ჩვენი, თავისუფლების მოედანის მხარდამჭერები, ისე სხვა პარტიების მომხრეებიც. მაგრამ ასევე უამრავი ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება იმ უსამართლობას, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა მაგრამ, მეორე მხრივ, არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს – ტრადიციული პარტიები აღარ მოსწონს, ახლებს ჯერ კარგად არ იცნობს, შეიძლება კიდევ უფრო ახლებს ელის ან საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკოსები. ასეთია ჩვენი საზოგადოება დღეს და ეს დემოკრატიის ნაწილია.
მთავარი ისაა, რაც გვაერთიანებს ყველას – იმის მიუღებლობა, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს და სწრაფვა სამართლიანი, ღირსეული, თავისუფალი, ევროპული კეთილდღეობისა და დაცულობის მქონე საქართველოსკენ. ეს უფრო დიდია, ვიდრე ის განსხვავებები, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს და იარსებებს. პოლიტიკოსების ვალია ამ განსხვავებებს არ მივცეთ ჩვენი გათიშვის შესაძლებლობა, პირიქით – საზოგადოებას ის უმთავრესი უნდა ვუჩვენოთ, რაც გვაერთიანებს და დავარწმუნოთ, რომ შესაძლებელია ჩვენი საერთო, ეროვნული მიზნების მიღწევა, განსხვავებების მიუხედავად.
სწორედ ამიტომ გავუსვი გუშინდელ გამოსვლაში ხაზი იმას, რომ “მოედანი” ვიბრძვით არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიებისკენ, არა გამყოფი ხაზების გასამკვეთრებლად, არამედ სამართლიანი წესრიგის და ღირსეული მმართველობისთვის, რომელიც მშრომელ და პატიოსან ადამიანს მშვიდი, დაცული და ბედნიერი ცხოვრების შანსს შეუქმნის. ჩვენ ამით უნდა გამოვირჩეთ – დაყოფის, სიძულვილისა და დაპირისპირების ნაცვლად, რაც ერთადერთია, რასაც “ქართული ოცნება” – ეს ქაოსისა და შუღლის პარტია, ყველაზე კარგად აკეთებს, სოლიდარობა და ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ, უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ შეგვიძლია პატიოსანი პოლიტიკური ბრძოლითა და შრომით უკეთესი საქართველოს შექმნა. ამიტომ ვართ “მოედანი” მთელი წელი გზაზე: სოფლად და ქალაქად, მთაში და ბარში – ამ სათქმელის ყველასთან მისატანად და ხალხის იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს შეგვიძლია.
სამწუხაროა გუშინდელი ინციდენტიც აქციაზე. ერთი მხრივ, თუკი ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, მას შეეძლო ეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის წინასწარაც ეთქვა. ყველამ კარგად იცოდა, რომ საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა მზადება და თუკი წინასწარ გვეცოდინებოდა, რომ ენმ-ს ან ნებისმიერ სხვა პარტიას, იმის მიუხედავად, მონაწილეობს თუ არა საერთო საკოორდინაციო ფორმატში (როგორც მაგალითად “ჯერ საქართველოა,” რომელსაც სიამოვნებით დავუთმეთ მიკროფონი), აქციაზე გამოსვლის სურვილი ჰქონდა, აუცილებლად დავაყენებდით ამას განსახილველ საკითხად. უკვე დაგეგმილი და მიმდინარე აქციის დროს, სიტყვის მოთხოვნა ჩემთვის არაა მუშაობის მისაღები ფორმა და უსამართლო იქნებოდა სხვა მსურველების მიმართ. მეორე მხრივ, მე არ ვეთანხმები იმ პლაკატის შინაარს, რომელიც აქციაზე იყო წარმოდგენილი. “თავისუფლების მოედანი” არც ერთ სახელისუფლებო გუნდთან არ ვყოფილვართ არასოდეს დაკავშირებული, მე პირადად, სააკაშვილს უამრავ რამეში ვამტყუნებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის საპატიმროშია, ივანიშვილი კი შუშის სასახლეში ცხოვრობს. მომავალში, საჯარო ინციდენტები აღარ უნდა მოხდეს, უთანხმოებების გარკვევა და კონფლიქტების მოგვარება კი პოლიტიკოსებს უპირველეს ყოვლისა, შესაბამის გარემოში და სათანადო ფორმებით უნდა შეგვეძლოს.
მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად ყველა განსაცდელისა, აბარებს გამძლეობის, მოწიფულობისა და გამბედაობის გამოცდას და ეს სულაც არ მიკვირს. პოლიტიკური კულტურის გამოცდა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსებს გვაქვს გასავლელი, რადგანაც საზოგადოებამ თავისი უმაღლესი დონე უკვე აჩვენა – მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი, ჩვენ კი ბევრი, რადგანაც მათგან ნდობის მანდატს ვითხოვთ. ნდობა კი უპირობოდ არ მოვა, მას მოპოვება და დამსახურება სჭირდება.
მადლობა ყველას, ვინც აგრძელებს ბრძოლას. მათთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ იმ საქმეს, რაც დავიწყეთ: პოლიტიკა ჩემთვის ხიდების მშენებლობაა და არა მათი ნგრევა. ამიტომ, მომავალი კვირიდან საქართველოს სხვადასხვა მხარეებთან ერთად უკვე თბილისის უბნებშიც მეტად ვიქნებით, რომ უკეთ მოვისმინოთ თბილისელების სათქმელი, ჩვენიც ვუთხრათ და ერთმანეთს ხელი კიდევ უფრო ძლიერად ჩავჭიდოთ.“











კომენტარები