მწერალი ლაშა ბუღაძე:
,,რა სახეობის კონფორმიზმი თუ შიშია ის, რის გამოც სახელგანთქმული არტისტები, რომლებიც არც ფინანსურად და არც სტატუსით არ არინ ივანიშვილზე დამოკიდებულები, ვერაფრით ახერხებენ უსამართლოდ დატყვევებული კოლეგის სიტყვიერ მხარდაჭერას? გასაგებია, რომ ადამიანი ვერაფრით ახერხებს ამ სიტყების ამოლუღლუღებას: “თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს”, ან საერთოდაც სიტყვა “თავისუფლების” თქმას (ეს საშიში სიტყვაა), მაგრამ ხომ შეიძლება რომ მოიძებნოს ძალა, რომ სინონიმები მაინც მოიძებნოს, ან თუნდაც მხოლოდ პატიმრის სახელი და გვარი ითქვას? რა გადაულახავი შიშია ეს, რომ რომელიმე ბითაძის წინაშეც კი უხერხულად გრძნობენ თავს და ძრწიან თანამდებობის წინაშე? მინისტრი არ გაბრაზდეს ან ის ისედაც გადარუსებული მეღვინე-ბიზმესმენი კიდევ ერთხელ არ დაასანქცირონ მოსკოვში… რა აჩერებს ამ ხალხს?
პლასიდო დომინგო გენერალ ფრანკოს დროსაც ვერ იღებდა ხმას პატიმრებზე, თუმცა ესპანეთში სიმღერას კი ერიდებოდა დიქტატურის დროს, მაგრამ მას ეს დიდად არც მოეთხოვება – მით უმეტეს, რომ ცნობილია, რომ განიცდის თავისი კოლეგის პატიმრობას და თანაც პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზე ლაპარაკისგან me too-ს ტალღის მერე იკავებს თავს, სადაც მას 80-იან წლებში მომხდარი რამდენიმე საჩოთირო ეპიზოდი გაუხსენეს ჟურნალისტებმა (მას რეალურად ამის გამო მოუწია აშშ-ს დატოვება), თუმცა აუხსნელია, რატომ ადევთ პირზე ბოქლომი ბურჭულაძის ქართველ კოლეგებს? ბარიტონ გია გაგნიძეს ვიცნობ როგორც პატრიოტს და შარშანწინ თავად ვიყავი იმის მოწმე, როგორ განიცდიდა საქართველოში მომხდარ ამბებს (მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი “ტოსკას” მეტროპოლიტენ-ოპერაში, სადაც მან ეფექტურად შეასრულა სადისტი პოლიციელის, სკარპიას პარტია, სადაც პროტოტიპად, მისივე თქმით, მხოლოდ პუჩინის ტოსკასდროინდელი პოლიციელები არ ჰყოლია), ამიტომ მისგან ნამდვილად გამიკვირდა ტყვე კოლეგის არხსენება…
თბილისის ოპერაში მე წლებია აღარ დავდივარ იქ გამეფებული უხარისხობისა და ადაპტატიური ქოცობის გამო, მაგრამ ალაგ-ალაგ ამომხტარი ვიდეობით თუ სხვა საშუალებებით, მერამდენედ მიმტკიცდება იმის რწმენა, რომ როგორც სხვა ყველაფერი დეგრადირდა ივანიშვილის პირობებში, აქაც იგივე სურათია, რადგან იქ, სადაც ხელოვნებას ქოცურობაა გაკარებული, პირდაპირ ყვავის “ხალტურულობა” და ესთეტიკური პროვინციალიზმი.
ქოცობაში კარგი არავის არაფერი გამოსდის და რაც აქამდე ჰქონდა – იმასაც კარგავს. დიდი-დიდი, რუსთავი 2-ის იუმორისტი ლაღობდეს საბჭოთა-გრუზინული შუტკებით.
ის კი, ვინც მთელი ცხოვრება იმას ცდილობდა, რომ ქართული კულტურა და საოპერო ხელოვნება როგორმე მარგინალური და პერიფერისული არ ყოფილიყო დანარჩენი მსოფლიოსათვის, ახლა ციხეშია და შედეგიც შესაბამისია…“











კომენტარები