თურქეთში, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ნარკოტიკებთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 35 პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის არიან მსახიობები ოზჯან დენიზი, ბურჯუ ოზბერქი, მურათ ჯეილანი, მურათ ბაშოღლუ და დენიზ ჩაქირი, იუწყება თურქული მედია.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის 23 ეჭვმიტანილია დაკავებული. სტამბოლის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება პროსტიტუციის ორგანიზებას, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობას, მათ შეძენასა და ნარკოტიკების მოხმარებას ან შენახვას ეხება.
დაკავებულთა შორის არიან: დენიზ სოზენი, მეჰმეთ ჯან ქარჯი, მურათ ჯეილანი, დენიზ ჩაქირ ბაიქალი, ფინარ ბენთი, ჯეილან ქაია, იშილ იშიქ დემირი, იბრაჰიმ იზეთ ოზილჰანი, ბურჰან ქარაჯა, ჯემ გიულერი, ერდალ ბოზქუში, იბრაჰიმ ილმაზი, ოზჯან დენიზი, საღარ შოჯაი, ილქნურ შაჰინი, ბურჯუ ოზბერქი, მელთემ ოზქაიადანი, სეჰერ გროთე სევდიშანი, მურათ ბაშოღლუ, უფუქ გიუნდოღდუ, ონურ იუქსელი, ჯანსუ თაშქინი და მუამერ ქაფუჯოღლუ.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას კონტრაბანდის, ნარკოტიკული დანაშაულებისა და ეკონომიკური დანაშაულების საგამოძიებო ბიურო აწარმოებს.
უწყების განმარტებით, გამოძიების ფარგლებში გაანალიზდა ეჭვმიტანილთა ჩვენებები, მოწმეების სახით დაკითხული ინფორმირებული პირების განცხადებები, ამოღებული მობილური ტელეფონები და ციფრული მასალები. ასევე, შესწავლილია ექსპერტიზის დასკვნები და ფარული მოწმეების ჩვენებები.
პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული პირები ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდნენ ან ინახავდნენ, რის გამოც 35 პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.











კომენტარები