ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე:
,,ნარკოტიკების შემოდინება არასოდეს შეჩერდება, თუ მიდგომა არ შეიცვლება!
მარტო დღეს 13 კაცი დააკავეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამოღებულ ნარკოტიკებს შორის ოპიუმი და სხვა სინთეზური ნარკოტიკებია რომელსაც არც კი ასახელებენ ვწრ ახდენენ იდენტიფიცირებას.
ჩვენ ვბრუნდებით „ქიმიისა“ და „ბანის“ პერიოდში. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა კვლავ დავბრუნდეთ იმ უკონტროლო რეალობაში, როდესაც ზედოზირებები და ინფექციური დაავადებების გავრცელება სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლესა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
და ეს ყველაფერი იმ უგუნური ნარკოპოლიტიკის შედეგია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს.
სანამ არ მიხვდებით, რომ ზიანის შემცირება ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არაფერი შეიცვლება! ზიანის შემცირება ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და საზოგადოების დაცვას არალეგალური ნარკოტიკებისგან მომდინარე საფრთხეებისგან.
სანამ არ შეცვლით ნარატივს და არ აღიარებთ, რომ ჩანაცვლებითი თერაპია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის არ არის „ლეგალური ნარკომანია“, როგორც ამას თქვენ წარმოაჩენთ, პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება.
აუცილებელია ამბულატორიულ მკურნალობაში გარკვეული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხის გონივრულად დარეგულირება. ფსიქოაქტიური მედიკამენტების ბოროტად გამოყენება მართლაც სერიოზული პრობლემაა, მაგრამ 14-დღიანი რეცეპტი ამ პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.
ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, თუ ნარკოპოლიტიკა ისევ დასჯაზე, აკრძალვებსა და შეზღუდვებზე იქნება აგებული და არა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე, პრევენციასა და ზიანის შემცირებაზე.
ხვალ ამ ქვეყანაში შესაძლოა გაცილებით უფრო ტოქსიკური და მძიმე ნარკოტიკები შემოვიდეს. და მაშინ კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ მხოლოდ დაკავებებითა და ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობით ადამიანების სიცოცხლეს ვერ გადავარჩენთ.
ნარკოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და არა პოლიტიკურ პიარ კამპანიას!“











კომენტარები