წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „სილქ ჰოსფითალითისა“ და „ბაია გალერეის“ ერთობლივი გამოფენა „ქართული ხელოვნების რუკა“ გაიხსნა. ექსპოზიცია ქართული მხატვრობის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს და აერთიანებს იმ ხელოვანთა ნამუშევრებს, რომლებმაც განსხვავებული მხატვრული ხედვითა და ინდივიდუალური შემოქმედებითი ხელწერით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ხელოვნების განვითარებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1950-იანი წლებიდან 2010 წლამდე შექმნილი ნამუშევრები, რომელთა ავტორები არიან: ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, ელგუჯა ბერძენიშვილი, ედმონდ კალანდაძე, გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ალბერტ დილბარიანი, დიმიტრი ერისთავი, ამირ კაკაბაძე, ნათელა იანქოშვილი, გაიანე ხაჩატურიანი, სერგო ჩახოიანცი (ჩახო), პეტრე ბლიოტკინი, თენგიზ მირზაშვილი და ლევ ბაიახჩევი.
გამოფენა ასახავს 1950-იანი წლებიდან ქართულ მხატვრობაში განვითარებულ მრავალფეროვან მიმართულებებს: აბსტრაქტულ მხატვრობას, სიურეალიზმის, იმპრესიონიზმისა და ფოვიზმის გავლენებს, ასევე პეიზაჟური ფერწერის ახალ ფორმებს.
წინანდლის მამული ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით აგრძელებს საგამოფენო პროექტების განხორციელებას. ახალი ექსპოზიცია დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ქართული მხატვრობის მრავალფეროვნებასა და მისი განვითარების მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპებს.

გამოფენის დათვალიერება წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, 2027 წლის 22 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. წინანდლის მამულში საგამოფენო პროექტების მხარდამჭერია კომპანია „სილქნეტი“.
(R)











კომენტარები