მეტროდან მოპარული 41 მილიონი – დედაქალაქის მერი ისევ ვერ ხედავს თავის პასუხისმგებლობას და ტვ პირველთან, ამბობს:
ეს ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი შესაბამის უწყებაში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, საბუთების გაყალბებასთან და რავიცი, დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არ დარჩება არავინ. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს კანონის წინაშე. კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი არის გაკეთებული კანონის შესაბამისად. ახლა თუ ვიღაც საბუთებს აყალბებს სხვა ქვეყანაში, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მერია არ არის საგამოძიებო უწყება, – ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს.
მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
გამოძიება ამბობს, რომ „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.
ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი – 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.











კომენტარები