პეტრე კოლხი სოციალირ ქსელში წერს:
,,ემიგრანტობა-სულიერი ტყვეობა
სამგზავრო ჩანთა გასასვლელი კარის წინ დავდგი, აივანზე მივბრუნდი, თვალი მოვავლე სახლის წინ აღმართულ, ნახევრად დანისლულ კლდის ქიმს, გავხედე დანახვისის მწვერვალს, პირჯვარი გამოვისახე და ვინატრე, მივდივარ, მაგრამ ღმერთო, უკან მალე დამაბრუნე-მეთქი….
წასული არ ვიყავი, უკვე დაბრუნება მინდოდა….
ჩვენ სამშობლოში, სიმართლის თქმის გამო გაბრაზებულმა ხელისუფლებამ, საპატრიარქოს ხელით ყველა საარსებო საშუალება ჩამომართვა, სკოლის დირექტორობა, სატელევიზიო გადაცემები, საუნივერსიტეტო ლექციები, ამბიონი, საჯარო გამოსვლები…
ექვს შვილს კი დახმარება, მხარში დგომა, მინიმალური პირობები სჭირდებოდა….
ზუსტავ ვიცოდი გამიჭირდებოდა, ვერ შევეგუებოდი ამერიკულ რითმს, იქაურ სიგიჟეს, მაგრამ ოჯახის, საკუთარი თავის წინაშე ვალი მოვიხადე…. ჩემი მოთხოვნები, სურვილები, შესაძლებლობები გვერდზე გადავდე და ტაქსის მძღოლი გავხდი….
არა დამაკნინებელი განცდით, (ვინაიდან ამერიკაში სამწუხაროდ, პროფესორები, ექიმები, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი მეტად მძიმე შრომას ეწევა) არამედ პროტესტით, შენ იმიტომ გართმევენ სიცოცხლისთვის საარსებო საშუალებას, რომ არ ეგუები უსამართლობას, ქვეყნის გაყიდვას, ეკლესიაში ჩანერგილ ფარისევლობას და სიყალბეს, წერა-კითხვის უცოდინარი, ლაქია და მედროვე ხალხი კი, კუდის ქიცინით იმყარებენ პოზიციებს….
დიახ, არასდროს შევეგუებოდი და ყოველთვის მომინდებოდა წინააღმდეგობის გაწევა….
მიყვარს ამერიკული ლიტერატურა, ბიტ თაობა, ფოლკნერი, ჰემინგუეი, ბოლდუინი. წარმოუდგენელია ჩემი ყოველდღიურობა ნინა სიმონეს, ჯენის ჯოპლინის, ჯიმ მორისონის მუსიკის გარეშე, მაგრამ ის ამერიკა, რიმელსაც მე ვეტრფოდი, ისევ მიუღწეველ სამყაროდ დარჩა, როგორც იდეა, როგორც აღთქმული ქვეყანა, რომლის შესახებ გსმენია, მაგრამ შეიძლება ვერასდროს იხილო….
ჩემი ამერიკა გაუსაძლისი, წარმოუდგენელი, შეუძლებელი იყო…. 18 საათიანი სამუშაო რეჟიმი (სამსახურს არ ვთაკილობ, არც მეზარება-12 წლიდან ვმუშაობ, სტუდენტებს სასწავლებლებში საკურსო ნაშრომების მოტანა ეზარებოდათ, ფულს მიხდიდნენ, ბიბლიოთეკებში დავდიოდი და მე ვუწერდი), კვირაში მხოლოდ შაბათ დღეს დაახლოებით შვიდ საათიანი დასვენება…. პროტესტი უფრო ძლიერდებოდა, მასშტაბური ხდებოდა….
მთელი წლის მანძილზე ვნატრობდი და ბოსტონამდე ვერ ჩავაღწიე, ამერიკელი პოეტის ენ სექსტონი (Anne Sexton) (1928–1974) საფლავზე პატარა ვლოგის გადაღება მსურდა, დრო ვერ მოვიტოვე, ამ მქონდა ჩემს ნებაზე გადაადგილების საშუალება, მანქანის მეპატრონეს, დღის გაცდენა არ მოეწონებოდა, დაქირავებული მუშა ხელი ვიყავი და ფული უნდა გადამეხადა, ან სამსახური უნდა დამეკარგა, ისედაც მიზერული ანაზღაურება იყო….
ჰო, შვილებთან შეგეძლო რაღაც გამოგეგზავნა, მაგრამ ამერიკაში თავის გატანა თითქმის შეუძლებელი იყო. ჩემთვის, ჩემი გამოცდილებით და ისტორიით….
წასვლისას ჩანთის ნახევარი წიგნებით გავავსე, იქაურ რეჟიმს თვალებში რომ ჩავხედე, რა გიჟი ხარ, ამ პირობებში წიგნს კი არა, სათაურს ვერ წაიკითხავ მეთქი, გავუბრაზდი ჩემ თავს….
დიახ, ამერიკა მიფასებდა შრომას, ვიღებდი ანაზღაურებას, მაგრამ მე ამისთვის ბევრი გადავიხადე…. უფრო მეტი, ვიდრე ფული, ვიდრე შემოსავალი, ვიდრე მანჰეტენის ცათამჯენები….
ამ ერთი წლის მანძილზე, რამდენი წიგნი ვერ წავიკითხე, რამდენი მოთხრობა და ლექსი ვერ დავწერე, რამდენი იდუმალი ემოცია გამიფრინდა….
ამ გაუსაძლის ყოფას, თან დაერთო ეგზისტენციალური პრობლემები-გაუცხოება, საკუთარი თავის და ცხოვრების სტანდარტების მიუღებლობა, სხეულით იქ ვიყავი, სულით ჩემი ბიბლიოთეკის ოთახში და ფანჯრიდან კლდეში ნაკვეთ ქვაბულებს გავყურებდი…
ვგრძნობდი, რომ სიხარული ქრებოდა, გაღიმება თითქმის არ შემეძლო, მეგობრების ზარებს ვერ ვპასუხობდი. ვიძირებოდი ფსკერზე, ვიჩეხებოდი უფსკრულში, თვალებში სიცოცხლის სხივი საბოლოოდ ქრებოდა….
ეს იყო მონობა?! არა, უფრო მეტი…. ეს იყო დაუსრულებელი ჯოჯოხეთი….
ემიგრაციაში ყოფნის დროს მამა გარდამეცვალა, თავს ვიტყუებდი, ხალხი წლობით არის ასე და უძლებენ, მეც უნდა გავუძლო-მეთქი…. ვუძლებდი?! არა, მეგონა, რომ ვუძლებდი…. მერე იმაზე ვბრაზობდი, რომ საკუთარ თავს ვაიძულებდი გაძლებას….
შვილი დაოჯახდა, ქორწილი აგვისტოში უნდა გადაეხადა, მაგრამ პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდი…. კარგი, შენ დაგელოდებიო…
რა არის ცხოვრება?! მონური შრომა, გაუსაძლისი სულის ტკივილი?! დაუსრულებელი ტანჯვა?! ოჯახის წევრებთანაც გაუცხოება?!
ამ დროებით სამყოფელში საკუთარი ფესვებიდან მოწყვეტით, სადღაც გადასახლება?! დედამიწაზე ისედაც ემიგრანტები ვართ და კიდევ უსასრულო წანწალი….. კიდევ ბევრი უთქმელი და ვერგადატანილი ტკივილი….
არ მომინდა შეშლლილი მზერით სიარული, ზღვარზე დგომა, ფსკერზე სამუდამოდ დარჩენა….
აღარ მომინდა Woodbury Common -ის ათასგზია გადაცვეთილი აუთლეტი…. მკვარს რას ჩააცვამდი, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა… Gucci ეცმეოდა თუ American eagle, მაინც ტაქსიდან გადასვლის უფლება არ გქონდა…
ჰო, ყოველდღე ვკვდებოდი და ვქვავდებოდი. თუ ვინმე სამწუხარო ამბავს მომიყვებოდა, ხელოვნურად ვწუხდებოდი, გავიკვირვებდი, რადგან თანაგრძნობაც, გულისხმიერებაც ქრებოდა….
რა უნდა მოეცა უცხო მიწას, როცა თავს ვკარგავდი….
რამ შემაფხიზლა?! სიზმარმა, დედამ მითხრა, მალე დაბრუნდიო….
ასე, ნელ-ნელა ავაწყვე საკუთარი თავი, მოვიკრიბე უკანასკნელი ძალები ცა უკან დასაბრუნებელი ბილეთის ყიდვა გადავწყვიტე….
მადლობა ამერიკას- მე ავიხდინე ამერიკული ოცნება, დავბრუნდი შინ, მაგრამ უპირველესად მე დავუბრუნდი საკუთარ თავს….
ჩემი ყველაზე დიდი ძალა, ჩემს სისუსტეში აღმოჩნდა !…“











კომენტარები