პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს:
,,ღია წერილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს!
საქართველოს კონსტიტუციის მე-17, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები უზრუნველყოფს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს: თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, გავერთიანდეთ, საჭიროებისამებრ შევიკრიბოთ და ვიყოთ პოლიტიკურად აქტიურნი. ჩვენ გვაქვს უფლება, გავერთიანდეთ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემების ირგვლივ, გვაქვს უფლება, შევიმუშაოთ ერთიანი პოზიცია და ვაწარმოოთ კამპანია- ამ პოზიციის აგიტაციისა და პროპაგანდირების მიზნით, ჩვენ გვაქვს უფლება, საპროტესტო აქციების ორგანიზებისა და გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ, რათა თქვენ გაგებით მოეკიდოთ ოპონენტების პოზიციას, გაითვალისწინოთ იგი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.
მინდა განგიმარტოთ, რისი უფლება არა გაქვთ თქვენ:
თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოაცხადოთ ჩვენი ქმედებები შეთქმულებად, თქვენ არა გაქვთ უფლება, შერაცხოთ ჩვენი აქტივობა სახელმწიფოსთვის საზიანო კამპანიად, თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოაცხადოთ ჩვენი საპროტესტო აქციები რევოლუციად და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, თქვენ და თქვენს ჩინოვნიკებს არა გაქვთ უფლება, გამოგვაცხადოთ უცხო ქვეყნის ჯაშუშებად, ქვეყნისა და ერის მოღალატეებად და კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევებად, თქვენ არა გაქვთ უფლება, დაგვაპატიმროთ დაბეზღების წერილების საფუძველზე და მითუმეტეს, არა გაქვთ უფლება, დაგვაპატიმროთ, თქვენი ჩინოვნიკების მუშაობაში ხელის შეშლის საბაბით.
სულ ცოტა ხნის წინ ჩემს მიმართ ცრუ ბრალდებები გააჟღერეს ტელეკომპანია „იმედმა“ და რუსთავი-2-მა, ამიტომ იძულებული გავხდი, საჯაროდ მიმემართა ტელეკომპანია „იმედისთვის“. ამ წერილში მკაფიოდ განვმარტე, რომ არანაირ შეთანხმებულ მოქმედებებს არ ვახორციელებდი არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც დიტო ჩუბინიძესთან ერთად. ამასთანავე, აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ: შეთანხმებულად რომც გვემოქმედა, არანაირი დანაშაული ეს არ იქნებოდა, ვინაიდან შეთანხმებული მოქმედება არის ჩვენი ფუნდამენტური უფლება, რაც კონსტიტუციის მე-17, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებითაა გარანტირებული.
მე ღიად და საჯაროდ ვაცხადებ, რომ თქვენ ცდილობთ წაგვართვათ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები, ცდილობთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვას და დიდწილად ამას მიაღწიეთ კიდეც, ამისი უფლება კი, თქვენთვის არც ქართველ ხალხს მოუნიჭებია და არც საქართველოს კონსტიტუციას.
მე არ მომწონს „არაბული ქალაქები“ და მაქვს ამისი უფლება, მე საჯაროდ ვაკრიტიკებ „არაბულ ქალაქებს“ და მაქვს ამისი უფლება, მე ვიყავი ერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორიც, მართალია, აქცია მცირერიცხოვანი აღმოჩნდა, მაგრამ აქ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს აქციის ჩატარების უფლება. ხვალ და ზეგ აქცია შესაძლოა მასშტაბურიც აღმოჩნდეს, თქვენ კი, არა გაქვთ უფლება, გამოგვაცხადოთ ქვეყნის ეკონომიკის დივერსანტებად და სახელმწიფო ინტერესების დამზიანებლებად. ამ კონტექსტში ორმაგად დაუშვებელია ეკონომიკურ დივერსიად აცხადებდე ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებული პროექტის კრიტიკას. ვიმეორებ: თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოგვაცხადოთ დივერსანტებად და მოღალატეებად. მინდა შეგახსენოთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. ციტატა: “ ნებისმიერი ქუჩაში გამოსვლა და დემონსტრაციები, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლებაზე მიანიშნებს, რომ ხალხს რაღაცა არ მოწონს, რაღაცას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ხალხი ცდილობს რაღაცა სხვა გამოხატვით ეს დააბალანსოს.“ რამდენიმე დღის წინ თავად განაცხადეთ, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენ კომისიას მრავალი წლის მანძილზე არანაირი წინსვლა და პროგრესი არ ჰქონია. ამ კონტექსტში სრულიად გაუგებარია, დიტო ჩუბინიძე რანაირად უშლიდა მუშაობაში ხელს არაფრისგამკეთებელ კომისიას?! ამავდროულად, თქვენი განცხადება ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ჩვენი კითხვები ლეგიტიმურია და სრულიად გაუგებარია, რატომ გვიხსნის პროკურატურა და არა თქვენი პრესსამსახური, რომ სასაზღვრო ზოლზე მდგომარეობა უცვლელია. მთავრობის პრესსამსახურს ეს ცნობა დროულად რომ გაევრცელებინა, ამდენი ვნებათაღელვა ხომ აღარ იქნებოდა?!
მინდა გაცნობოთ, რომ პატიმრების უფლებებს მე ვიცავდი, როცა თქვენ ჯერ კიდევ სტუდენტი ბრძანდებოდით, ახლაც ვიცავ და მომავალშიც დავიცავთ! მე ვამხელდი და ახლაც ვამხელ პატიმრების მჩაგვრელებსა და მწამებლებს, ვითხოვ მათ დასჯას და მაქვს ამისი უფლება! პატიმრებს პოლიტიკის გამო არ ვიცავ, ეს ჩემთვის ქრისტიანობა და ქართული ზნეობაა. თქვენ კი, არა გაქვთ უფლება, გამომაცხადოთ სასჯელაღსრულების სისტემის დესტაბილიზაციის მოსურნედ. პატიმრების უფლებები სტაბილურად რომ იყოს დაცული, სწორედ ამისთვის ვიბრძვი და ამის გამო ვაწყობ ბრიფინგებს. თქვენ კი, დესტაბილიზაციის მოსურნედ გვაცხადებთ. არადა, პირიქით, თქვენ ხართ ვალდებული, დასაჯოთ პატიმრების მჩაგვრელები და მწამებლები და უზრუნველყოთ პატიმრების უფლებების დაცვა.
რუსთავის მე-6 ციხეში რომ ვითარება ტრაგიკულია, ამას მარტო პატიმარი დავითაძე კი არა, სხვა პატიმრებიც ადასტურებენ. კერძოდ, პატიმარი ჩაჩანიძე, პატიმარი შენგელია, პატიმარი კიკნაძე, პატიმარი მინასოვი, პატიმარი ისაშვილი. განა ამდენი პატიმრის განცხადება საკმარისი არ არის?
მე ამ თემებზე საჯაროდ ვსაუბრობ და მაქვს ამისი უფლება, მე მაქვს უფლება, გავერთიანდე პატიმრების ადვოკატებსა და მშობლებთან, გავმართო ბრიფინგები და ვაწარმოო, როგორც თქვენ ამბობთ, კამპანია. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებიც, თქვენ კი, არა გაქვთ უფლება, დაგვადანაშაულოთ სასჯელაღსრულების სისტემის წინააღმდეგ შეთქმულებაში, პირიქით, თქვენ ვალდებული ხართ, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოთ ჩვენს მოთხოვნებს, გააანალიზოთ სისტემაში არსებული პრობლემები და მიიღოთ ქმედითი ზომები, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. მათ შორის, დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროთ პატიმრების ჩაგვრასა და წამებაში ეჭვმიტანილი პირების უფლებამოსილება, თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოძიების დასრულებამდე საჯაროდ განაცხადოთ, რომ რუსთავის მე-6 საპატიმროში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. როგორც იურისტმა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასეთი განცხადება გამოძიებაზე ზეწოლის ტოლფასია. ნიშანდობლივია, რომ სწორედ თქვენი ამ განცხადების მერე, ორ დღეში პროკურატურამ განგვიცხადა, რომ პატიმარ დავითაძესთან მიმართებაში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და საქმე დახურა.
მე ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ არა გაქვთ გავლენა პროკურატურასა და სასამართლოზე. სწორედ თქვენ გვიმტკიცებდით, რომ სააკაშვილის დამნაშავე მოსამართლეები გამოსწორდნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ და დღეს ეს „კარგი“ მოსამართლეები უვადო მოსამართლეებად აქციეთ, ამიტომ ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს მოსამართლეები სისტემის ინსტრუმენტი არ არიან. ჩემი აზრით, სწორედ ამისი შედეგია სასამართლო პროცესების დახურვისა და საქმეების გასაიდუმლოების მანკიერი პრაქტიკა, რამაც თქვენი მმართველობის პერიოდში უკიდურესად სახიფათო ტენდენციის სახე მიიღო.
გასაოცარია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც თქვენ კორუფციაში სდებთ ბრალს, დახურულად ცხადდება. თქვენი ტელეარხები ოქროს ზოდებს გვიჩვენებდნენ, ღარიბაშვილის ადვოკატები კი უარყოფდნენ, რომ ეს ოქროს ზოდები ყოფილი ორგზის პრემიერის სახლიდან იყო ამოღებული. ღარიბაშვილმა სასამართლოს დაწყების წინ განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი ყალბია. რატომ ხურავს სასამართლო ამ პროცესს? რა არის აქ დასამალი და რა არის აქ საიდუმლო? თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს? ამთავითვე მორიგჯერ განგიმარტავთ, რომ ღარიბაშვილთან არანაირ შეთქმულებაში არა ვარ. უბრალოდ, არაერთგზის აღმინიშნავს, რომ მეგობრებს განსაცდელში არასდროს არ ვტოვებ და როგორც შემიძლია, ხმას ვიმაღლებ მათ დასაცავად.
თქვენ არ გქონდათ უფლება, დაგეკანონებინათ ცრუ დაბეზღება, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და რაც უარესია, აზიანებს ქართველი კაცის მენტალობას. მეტიც, მე ღიად და საჯაროდ ვაცხადებ, რომ თქვენ უკვე დააზიანეთ ქართული აზროვნების წესი, თქვენი პარტიის წევრები და ზოგადად, თქვენთან დაკავშირებული ადამიანები ქორწილებსა თუ გასვენებაში ზურგს აქცევენ და გაურბიან ძველ მეგობრებს, თუკი ისინი თქვენს ოპოზიციაში არიან. ეს ქართული ზნეობის დაცემაა, ქართველი კაცი მეგობრობას პოლიტიკაზე მაღლა აყენებს, თქვენ კი, უკვე შექმენით ვითარება, როცა ადამიანები პარტიის წევრობას მეგობრობაზე მაღლა აყენებენ.
მე ღიად და საჯაროდ გადანაშაულებთ თქვენ პოლიტიკური ოპონენტების სიძულვილში. ჩემს მაგალითზე ვაცხადებ, რომ თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ. მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან. თქვენ თესავთ მიუღებლობას, უაზრო დაპირისპირებას და ზიზღს და ზოგადად, ასე ხართ განწყობილი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. არადა, პრემიერ-მინისტრი საკუთარ ხალხს კი არ უნდა ებრძოდეს- სკამის შესანარჩუნებლად, არამედ უნდა იღწვოდეს ამ ხალხისთვის.
ირმა ინაშვილი, თბილისი.
2026 წლის 9 ნოემბერი.“











კომენტარები