საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, საპოლიციო ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშს ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტი ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ასახავს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლის გაგრძელებაზე მიუთითებს.
ანგარიში 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. საია ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევების გამოძიებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე, საარჩევნო გარემოსა და სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე.
თავად ანგარიში მიუთითებს, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების კუთხით უკვე მესამე წელია უკუსვლა შეინიშნება. ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელზეც ადგილობრივი უფლებადამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მექანიზმები უკვე მესამე წელია საუბრობენ. ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა და დაზიანდა რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად, რომელიც ხელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, აგრეთვე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს.
საქართველოში წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების პრევენციის სამართლებრივი გარანტიები არასაკმარისია. შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება და მათი შემდგომი განხილვა არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ჯერ კიდევ არ გადაუდგამს ნაბიჯები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საპროცესო გარანტიების, მტკიცების სტანდარტებთან დაკავშირებული სიცხადის არარსებობისა და დაკავების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ეფექტიანი უფლების არარსებობის მიმართულებით.
ანგარიში ხაზს უსვამს საპოლიციო ძალადობისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის არარსებობას და აღნიშნავს, რომ 2026 წლის მაისში გენერალურმა პროკურატურამ, 2024 წლის დემონსტრაციების დროს ძალადობის გამო, ხუთი პოლიციელის მიმართ წარადგინა ბრალდება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა ამ დრომდე გამოუძიებელია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპროტესტო დემონსტრაციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო შერევის ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიება ამ დრომდე არ ჩატარებულა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ შეკრებების მარეგულირებელი კანონმდებლობა კვლავ შემზღუდველია. საანგარიშო პერიოდში განვითარებული მოვლენები მიუთითებს შეკრებების პოლიციური კონტროლის შემზღუდველი პრაქტიკის თანდათანობით დამკვიდრებაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. უკვე მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებითაც. ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიის საქმიანობის გარემოზე კვლავ უარყოფითად აისახება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების სისტემატური ფაქტები, მათ შორის, ონლაინ კამპანიები, რომელთა მასშტაბსაც პროსამთავრობო მედიასაშუალებები კიდევ უფრო ზრდიან. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესება გაგრძელდა.
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით დაწყებული სამართალწარმოება ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.
ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის სრულყოფილი რეფორმირების მიმართულებით, მიუხედავად დიდი ხნის განმავლობაში არსებული რეკომენდაციებისა. ანგარიშის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია საარჩევნო პროცესის კონკურენტულობა და გამჭვირვალობა. ანგარიშის მიხედვით, მართლმსაჯულების სფეროში ზედიზედ უკვე მესამე წელია, ამ მიმართულებით უკუსვლა შეინიშნება. დემონსტრანტებისთვის დაკისრებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა რეპრესიული მექანიზმის აღსრულების ინსტრუმენტად გამოიყენება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წინა წლის რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელი და რელევანტურია და იგი მოუწოდებს სახელმწიფოს, მყისიერად იმოქმედოს მათ შესასრულებლად, – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.











კომენტარები