,,ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე:
,,ვიცინოთ თუ ვიტოროთ?
აკაცუკების მიერ ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებულ მრავალ ჭორს შორის ბოლოს გამოირჩა მისი დემონიზაციის “დამადასტურებელი”, საკონსტიტუციო სასამართლოში გამოთქმული კიდევ ერთი „გენიალური“ ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინას ინტერესი საქართველოში მხოლოდ ფულის კეთება და საკუთარი სიმდიდრის გამრავლებაა, რა მიზნითაც ქვეყნის ინტერესებსაც ყიდის, ბიუჯეტიდანაც იპარავს ფულს, ქოლცენტრებსაც მფარველობს (ბერას საშუალებით), ბიტკოინებსაც გამოიმუშავებს და ლამის ყველა ბიზნესმენთან საკუთარი წილები აქვსო.
ამაზე გაცინებაც ვერ მოვასწარით, რომ „დიქტატორ“ ივანიშვილის ფულით გაუმაძღრობის თემას უმალ გამოეხმაურა დიფსთეითის “ლომი”, „პუტინის და ივანიშვილის ტყვე“ სააკაშვილი, რომელმაც მრავალი დაბრკოლების გადალახვით, „ჩუმად“ მოახერხა ივანიშვილის მიერ დატყვევებული მედიის ლაბირინთების გადალახვა და საზოგადოებას მიაწოდა აქამდე საიდუმლოდ შენახული ინფორმაცია – ჩემი მმართველობის პირველ წლებში პატრულის და ჯარის რეფორმას, ან ჩემი მაღალი დონის ჩინოვნიკების ხელფასებს მართლა ბიძინა ივანიშვილი კი არ აფინანსებდა, მაგას საჩხერის სამხედრო ბაზა ძლივს ავაშენებინეთო.
სააკაშვილის ამ მორიგმა გამოხტომამ გაგვახსენა, თუ რა დივიდენდები ჰქონდა მის ხელისუფლებას, დასავლეთის ბნელი ნაწილისგან მხოლოდ იმისთვის, რომ უსიტყვოდ ასრულებდნენ დიფსთეითის დავალებებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
სწორედ საქართველოსთვის დამაზიანებელი “რეკომენდაციების” შესრულების გამო, ეს მართლა ავტორიტარი და დიქტატორი კაცი მთელ მსოფლიოში #1 რეფორმატორად მონათლეს.
მათთვის მთავარი იყო, სააკაშვილი და საქართველოს მთელი ხელისუფლება, დასავლეთიდან მოსული ბრძანებების უსიტყვოდ შემსრულებელი ყოფილიყო, სანაცვლოდ მსუყედაც აფინანსებდნენ, იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მასობრივ წამებებზეც თვალს ხუჭავდნენ, თვალს ხუჭავდნენ ქუჩებში ხალხის ჩახოცვებზეც, საზოგადოების მასობრივ რეკეტზეც და კიდევ ათას სხვა უბედურებაზე.
დიფსთეითს საერთოდ არ აინტერესებდა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მიშა რუსებს მიჰყიდდა სტრატეგიული მნიშვნელობის სიმძლავრეებს და ობიექტებს, აზერბაიჯანს დაუთმობდა დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილს (რომელიც აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული სიმაღლე ყოფილა), თუ დანჯღეულ რუსულ ტანკებთან “ლომივით” მებრძოლი 2 დღეში კურდღელივით გამოიქცეოდა და საკუთარ ხალხს „გამარჯვებად“ აზეიმებდა იმას, რომ თვითონ ხელისუფლება შეინარჩუნა ხოლო რუსეთს საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი ჩააბარა.
ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ ამ ყველაფრის შედეგები კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებიბა თქვენთან ერთად – დამთავრდა თუ არა რამდენიმე დღიანი ომი 2008 წელს, სააკაშვილს მაშინვე დაუწყეს მოფერება მისმა დასავლელმა პატრონებმა, „ტკივილების“ დასაამებლად და ხელისუფლების შესანარჩუნებლად 4.5 მილიარდი გამოუყვეს.
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ეს თანხა პირველ რიგში მიემართებოდა ძველი და ახალი ლტოლვილების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამის გამო მიშას ხელისუფლებამ წამოიწყო წეროვანში ლტოლვილთა ახალი დასახლების მშენებლობა. ჯერ ერთი ამ ქოხების მშენებლობას ალბათ ამის მეათედი თანხაც არ დასჭირდებოდა, მაგრამ ისიც არ დაუხარჯავთ და ძირითადად ქართველ ბიზნესმენებს შეაწერეს ზემოხსენებული დასახლების მშენებლობის ხარჯები. იმას კი, ვინ რამდენი “მიირთვა” იმ 4,5 მილიარდიდან, ეშმაკიც ვერ დაითვლის.
ეხლა წარმოვიდგინოთ, რამდენჯერ 4,5 მილიარდს შესთავაზებდა დიფსთეითი ბიძინა ივანიშვილს, უკრაინის ომში საქართველოს ირიბად ჩაბმის და აქ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა რომ შეესრულებინა. ადამიანი, რომლის გასაშავებლად რაღას არ იგონებენ აკაცუკები, ამ რთულ ვითარებაში მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამოვიდა, ბეწვის ხიდზე გაიარა და მშვიდობით გამოატარა ქვეყანა ქარ-ტეხილებსა და ირგვლივ დანთებულ ქარ-ცეცხლში. სამაგიეროდ არც დივიდენდი ან თუნდაც, უბრალო მადლიერებაც, კი არ მიუღია.მოხდა პირიქით, ამის გამო საკუთარი ქონების თითქმის მეოთხედი თუ მესამედი დაკარგა. დიფსთეითმა მასზე შური იძია. ამ შურისძიების შედეგია, საერთაშორისო სასამართლოებით მოგებული მისი დიდძალი ქონება, დიფსთეითის ძალით დღემდე გაყინულია და არავინ ფიქრობს ამ ქონების დაბრუნებას, რომელიც ძირითადად ისევ საქართველოს გამოადგებოდა.
ბიძინას წინააღმდეგ შურისძიება სწორედაც რომ ქვეყნის მიმართ შურისძიებაში გადაიზარდა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უსიტყვოდ არ დაემორჩილა დიფსთეითის ნებას და ბრძანებებს. ამას დაემატა ისიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ხელისუფლებას დაუჭირა მხარი და არა დიფსთეითის მარიონეტ აგენტებსა და ნაც-აკაცუკებს.
მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა იმიტომ უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან არა მხოლოდ მოაშორა ქვეყანას ნაც-რეჟიმი, არამედ დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი, მიუხედავად საკუთარი დიდძალი ქონების დაკარგვის რისკისა, ერთი წუთით არ უფიქრია ქვეყნის ინტერესების იმ პოტენციურ მილიარდებად გაყიდვაზე, რომელზეც ნაც-აკაცუკები ერთხმად მიუთითებენ, რომ ივანიშვილს მხოლოდ ფული და საკუთარი ქონების შენარჩუნება- გამრავლების ინტერესები ამოძრავებს და ქვეყანა საერთოდ არ ადარდებს, ხელისუფლებაც მხოლოდ ამისთვის სჭირდებაო.
ამიტომაც ხვდება გულგრილად და ირონიით ხალხი ნაც-აკაცუკების მიერ ნაყიდი პარტიული მედიებით დილიდან საღამომდე კივილს ბიძინა ივანიშვილის “დიქტატორობისა” და მხოლოდ “ფულისადმი ინტერესის” შესახებ.
ისე, სასაცილოა, აბა რა არის, 24 საათი მედია ხელისუფლებას ლანძღავდეს, შავი პიარის გამძაფრებისთვის ძირითადად ტყუილებს იყენებდეს, მერე კი მაინც ბიძინას დიქტატორობაზე და მედიის შევიწროებაზე წუწუნებდეს, აკაცუკები ლამის ყოველდღე საპროტესტო მსვლელობებს აწყობდნენ და მაინც იმას აპროტესტებდნენ, ტროტუარზე დგომას გვიშლიანო, ანდა 2 წელი გაჰკიოდნენ, არჩევნები 400 ათასი ხმით გაყალბდაო და ამ გაყალბების ერთეული კონკრეტული მტკიცებულებაც ვერ მოჰქონდეს (გარდა ზოგადი “გაჟონვისა”), ხელისუფლების დამხობის დღეს ნიშნავდნენ და მერე ამტკიცებდნენ, “დამხობა” სულაც არ ნიშნავს ძალადობრივი ფორმებით ხელისუფლების მიტაცებას, ეს კონსტიტუციური ქმედებააო, თუმცა, ერთი წლის შემდეგ რიგში ჩამდგარი “დამამხობლები”, დანაშაულს აღიარებდნენ და პატიებას ითხოვდნენ. მოკლედ, სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს.“











კომენტარები