“სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან “გაერთიანების“ მოწოდებები, რწმენისა და ძმობის ნაცნობი საფარით, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალ, რელიგიურ შეფუთვაში” – ასე შეაფასა ე.წ. საგარეომ პატრიარქ შიო III-ის განცხადება, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაკეთდა.
“სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან 1920-იან, 1989-1992 და 2008 წლებში. აშკარა ფაქტების უგულებელყოფის ფონზე მსგავსი „კეთილი ზრახვები“ სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის, კერძოდ, პატრიარქ შიო III-ის უახლეს განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა საქართველოში ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.
განცხადებები “უძველესი ისტორიული მიწების“ შესახებ და ასევე სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან “გაერთიანების“ მოწოდებები, რწმენისა და ძმობის ნაცნობი საფარით, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალ, რელიგიურ შეფუთვაში. ცნებების ჩანაცვლება და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერ შეცვლის.სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, პოლიტიკოსების მსგავსად, კვლავაც იყენებენ შეუსაბამო ტერმინოლოგიას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოხსენიებისას და მას დამამცირებელი ტერმინით, „ცხინვალის რეგიონით“ მოიხსენიებენ. ამავდროულად, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის დასკვნით დოკუმენტებზე, რომლებშიც სამხრეთ ოსეთი თავისი ნამდვილი სახელითაა წარმოდგენილი, უფლებამოსილი ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერებია.
ე.წ. საქართველოს უძველესი ისტორიული მიწების შესახებ თეზისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და უნდა გავიხსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ეს ასევე ეხება ერთიანი საქართველოს კონცეფციას, რომელიც, ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით, ფორმითა და შინაარსით სრულიად განსხვავებულ წარმონაქმნს წარმოადგენს.
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ განცდილი ტანჯვისა და მსხვერპლის ხსენების გარეშე, ქართული პოლიტიკური რეჟიმების მიერ ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულის გამოხატვის გარეშე, საქართველოს ეკლესიის მეთაური „ძმური ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენის“ იმედს გამოთქვამს.
სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან 1920-იან, 1989-1992 და 2008 წლებში. აშკარა ფაქტების უგულებელყოფის ფონზე მსგავსი „კეთილი ზრახვები“ სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია” – წერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო.
შიო III-მ რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა:
“დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა!” – თქვა შიო III-მ.











კომენტარები