სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 768 107 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
ყოფილ მაღალჩინოსანს 2026 წლის 22 სექტემბერს მას 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ “2012 წლის 22 მაისს ქარდავამ, რომელიც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას „სამხედრო პოლიციისთვის, ფარული ხარჯების მუხლით, სთხოვა 330 000 ლარის გამოყოფა“.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან – 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა ჯამში 768 107 ლარი.
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების და გაფლანგვის ფაქტების დაფარვის მიზნით, მეგის ქარდავას დავალებით შედგა ფიქტიური დოკუმენტაცია, თითქოსდა ავღანეთის რესპუბლიკაში მივლენილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის ფულადი სახსრების დახარჯვის შესახებ, რითაც ხსენებული თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა.
ბრალდებულს ბრალდება 10 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”- წერია განცხადებაში.
ქარდავას ასევე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.











კომენტარები