“მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხოებისა და კვების საკითხებში პასუხისმგებლობა სხვადასხვა უწყებაზეა გადანაწილებული, თუმცა პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აქვს.
კერძოდ, როგორც ბესელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა, სკოლამდელი დაწესებულებების შესახებ 2016 წელს მიღებული კანონით პასუხისმგებლობის საკითხი განსაზღვრულია და შესაბამისი ფუნქციები სხვადასხვა უწყებაზეა გადანაწილებული.
“დღევანდელი ინფორმაცია გვაჩვენებს პრობლემებს, რომლებიც ნაკლებად აქვთ გააზრებული უწყებებს, ვისაც ეხება. აქ არის პარლამენტის როლი ამ პროცესში. სკოლამდელი დაწესებულებებზე პირველი და ერთადერთი კანონი, რომელიც 2016 წელს მივიღეთ პარლამენტში, განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას. სკოლამდელი დაწესებულებებზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო საქართველოს პარლამენტს, შემდეგ კი ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებებზე. რამდენიმე კომპონენტია: უსაფრთხოების, ჯანდაცვის, კვების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შესაბამისი უწყებები კომპლექსურად არის პასუხისმგებელი ბავშვის უსაფრთხო გარემოზე, კვებაზე, აღზრდაზე და ა.შ. პარლამენტს აქვს განსაკუთრებული როლი.
ეს ფუნქცია პარლამენტს დარჩა, იმიტომ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა პარლამენტზე გადმოვიტანეთ. დღეს ვერავის მხრიდან ვერ დავინახე ეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობის სფეროები მოიცავს უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, კვებასა და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებს. ბესელიას განცხადებით, საკვები პროდუქტების კონტროლის პირველადი პასუხისმგებლობა თავად ბაღს ეკისრება, შემდეგ კი მუნიციპალიტეტსა და მერს.











კომენტარები