ნატალია სირაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
30 წელი ხდება, რაც საჭეს ვმართავ.
ჯერ კიდევ ბნელი 90-იანების მეორე ნახევრიდან — იმ დროიდან, „06“-ს რომ ვშლიდი და ვაწყობდი და ასევე მქონდა „ბედნიერება“, ცენტრიდან პარკებიანი მანქანაც გამომეყვანა.
მას შემდეგ ბევრი მანქანა გამოვიცვალე, ბევრი გზა გავიარე, მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა — მანქანაში სულ მაქვს წყალი.თან პატარა ბოთლი კი არა — ბაკურიანის 10-ლიტრიანი ბალონი.
ჩემი ქარბორბალა ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სულ გზაზე მიწევდა ყოფნა. წყალი მქონდა, მანქანას თუ დასჭირდებოდა, მაგრამ უფრო ხშირად ვფიქრობდი — იქნებ გზაზე სხვას დასჭირდეს მეთქი.
ჩემი მეუღლე სულ მეჩხუბება:
— ამხელა 10-ლიტრიანს რას დაატარებ, პატარა მაინც ჩაიდე მანქანაშიო.
არამც და არამც!
ეს 10-ლიტრიანი ჩემი ნუგეშია — უნდა იდოს მანქანაში და მორჩა.ამ ზაფხულს დეიდაჩემთან ერთად სვანეთშიც ვიყავით და რამდენჯერმე მანაც სცადა ამ ბალონის მანქანიდან ამოღება.
ვერ მომერია.ხოდა, 31 აგვისტოს გამთენიისას მესიზმრება, რომ იკა მეჩხუბება:
ეს წყლის ბალონი უნდა გადავაგდოო!
მე ვკამათობ, დეიდაჩემიც იქვეა და ეუბნება:ორი კვირაა ვცდილობ და ვერ გადავაგდებინეო.
გამეღვიძა და სიზმარზე გამეცინა.დილით მანქანით გამოვედი. რატომღაც გვერდითა სავარძელი წინ მქონდა გადაწეული და ჩემი 10-ლიტრიანი ბალონი პირდაპირ თვალწინ მედო.
მეტეხის გვირაბში საცობია.
აუფ… შემომეყარა გულზე.
ვდგავარ საცობში, ამ ბალონს ვუყურებ, ღამის სიზმარი მახსენდება და ჩემთვის მეცინება.ცოტა დავწინაურდი საცობში და ვხედავ კაცი გაჩერებულია. ათობით მანქანა უჩერებს, რაღაცას ეკითხებიან, ის მადლობას უხდის და ყველა გზას აგრძელებს.
მივუახლოვდი და ჩემით ვკითხე:
წყალი ხომ არ გჭირდებათ?კიო…
ავიღე ჩემი 10-ლიტრიანი და მივაწოდე.
კაცს სიხარულისგან სახე შეეცვალა.
რანაირად?! — მეკითხება გაოცებული.გამეცინა…
რა იცის იმ კარგმა კაცმა, რომ მისთვის ეს წყალი, მგონი, 30 წელი ვატარე.იმ წამს უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.
ბედნიერი იმიტომ კი არა, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე.ბედნიერი ვიყავი, რომ იმ ადამიანს მხოლოდ წყალი სჭირდებოდა და სხვა არაფერი. და კიდევ იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩვენი უცნაური ჩვევებიც კი შეიძლება ერთ დღეს ვიღაცისთვის ზუსტად საჭირო დროს საჭირო რამ აღმოჩნდეს.
კვლავ ვატარებ.
იქნებ კიდევ ვიღაცისთვის მიმაქვს.#ყოველგათენებულდილასვმადლობდეთ
#რასაცვქმნითსიკეთედვაქცევთ
#ნას
#არასოდესშეგეშინდეთუცნობიმომავალინაცნობღმერთსმიანდოთ
#დედამიწასსიყვარულიატრიალებს











კომენტარები