ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,ღარიბაშვილის წერილების რა გითხრათ და კობახიძემ რომ ბიძინა დააზარალა, ბიძინას მტრებმა ვერ შეძლეს. თან მუდმივი თავის ქნევით, მორჩილების იმიტაციით, ერთგულების ფიცით, ყველა და ყველაფერი მოუნგრია ბიძინას, ქვეყნის შიგნითაც, გარეთაც, ყველგან, სადაც შეწვდა.
პოლიტიკური გონით მე კობახიძეს უფრო წინ დავაყენებდი, ვიდრე ბიძინას, ივანიშვილს კი აქვს ტოტალიტარული ვნებები, თან მაღალ ხარისხში, მაგრამ, აი, კობახიძეს აქვს ის უნარი, უმტკიცებდეს ბატონს მორჩილებას, თან ძირს უთხრიდეს ისე, რომ ყველაფერს ისე აკეთებდეს, რასაც ბოსი უბრძანებს.
ეს საინტერესო ფენომენია – საბოტაჟი სრული მორჩილებით. ფილოსოფიურ ჭრილში ამას შეგვიძლია ვუწოდოთ პასიურ-აგრესიული წინააღმდეგობის ფორმა, როდესაც ხელქვეითი გარეგნულად ავლენს აბსოლუტურ მორჩილებასა და პირფერობას, თუმცა ეს მორჩილება ინსტრუმენტია მმართველის ადეკვატურობის განცდის დასაკარგად. მმართველი მოწყვეტილი ხდება რეალობას, ვინაიდან მას აღარავინ აკრიტიკებს, რაც საბოლოოდ მის დამხობას იწვევს.
ამ პარადოქსს ლიტერატურაში კეისრის/ტირანის პარადოქსი და პირფერობის ხაფანგსაც ეძახიან.
პოლიტიკურ აზროვნებაში (პლატონიდან და მაკიაველიდან მოყოლებული) ცნობილია ავტოკრატიული მმართველობის სტრუქტურული მანკიერება – ტირანი გარშემო იკრებს მხოლოდ დამთანხმებლებს, როდესაც ხელქვეითი ავტომატურად უწონებს მმართველს ყველა იდეას და უსიტყვოდ ასრულებს ნებისმიერ დავალებას, ის კვებავს მმართველის ჰუბრისს (გადაჭარბებულ სიამაყესა და ილუზიას) და ართმევს მას უკუკავშირს. შედეგად, მმართველი იღებს სავალალო გადაწყვეტილებებს.
დანარჩენს ვნახავთ ჩვენი პოლიტიკური რეალითი შოუს მორიგ სერიაში – ექსპრემიერი იბრძვის გადარჩენისთვის, ტოტალიტარი ებრძვის პრემიერს ექსპრემიერის ხელით, ყველა ერთმანეთს ებრძვის ინდივიდუალურად თუ ალიანსები აქვთ რომელიმე მესამის წინააღმდეგ, ვინ გაიმარჯვებს და ვინ დამარცხდება, ეს მომდევნო სერიებში გამოჩნდება.
მე კი გავიმეორებ იმას, რასაც წლებია ვამბობ და წლების განმავლობაში არავინ მეთანხმებოდა, რომ კობახიძე ბევრად ძლიერი და რთული პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე გარედან ჩანს. არის თუ არა ბიძინაზე ძლიერი, არ ვიცი, მაგრამ არც ისეთი “არავინაა”, როგორც თვლის ზოგი.”











კომენტარები