იურისტი, საბა ბრაჭველი:
რა მუღამი აქვს ღარიბაშვილის დაცინვას ან ნიშნისგებას, ვერ ვხვდები.
ასეთი მორალური კრიზისი ძალიან ცოტა ჰქონია ოცნების ამომრჩეველს. ორი წლის წინანდელს ვუყურებთ ხელახლა – ტროტუარზე წაქცეულ, ნაცემ კაცს თავში რომ წიხლს ურტყამდნენ. თან იმ წაქცეულს ქვეყნის ან პარტიის მტრად მაინც ხედავდნენ და ეს – არც პარტიას მტრობს, არც ისეთი ბრალი აქვს, რომ ქვეყნის მტრობა ან კორუფცია შეეტენათ, იჯდა ჩუმად და იხდიდა სასჯელს. ამათივე გუნდის ნაწილია, ყოფილი მეთაური, მართლა პირველივე დღიდან ამათთვის მებრძოლი და ამათ გამო ყველაფერზე წამსვლელი. მერე მოგებულზე მოსულები მოასხდნენ სუფრას, პატრონს უკეთესად მოუქონეს თავი, ეს ჯერ სახლში, მერე ციხეში გაისტუმრეს და ახლა, ბოლომდე წაქცეულს, მოკვეთილს, იმედისგან ყოველდღე ნალანძღს, ფეკალიების ჭამასაც აიძულებენ მამის დაჭერის და სხვა მუქარების ძალით.
ვაცის ნადიმია ღარიბაშვილის ყოფა. მაგრამ ვაცის ნადიმი ტრაგედიაა, კომედია არა. ჩვენ ირგვლივ ხდება ეს ყველაფერი. ერთი საზოგადოების წევრები ვართ. ჩვენ გვერდით ცხოვრობს ხალხი, გუშინ მის ჩექმებს რომ ლოკავდნენ და დღეს მის სურათებს მალავენ. ეს უღირსებო, უპრინციპო, გაყურსული ხალხია დასაცინიც და შესაზიზღიც.
და სანამ ვინმე დამაბრალებს, 5 ივლისი, კარტოგრაფები, საყდრისი და სხვები დაგავიწყდაო – არა, არ დამვიწყებია, უბრალოდ მთავარ ბრალს სხვაგან და სხვასთან ვხედავ. ღარიბაშვილის გამო დაკავებულიც ვყოფილვარ, ჯარიმაც დამკისრებია და სტრასბურგშიც მაქვს საქმე წაღებული. არ მეცოდება ღარიბაშვილი. რაც დასთესა, იმას იმკის. მაგრამ არაფერია სასაცილო იმაში, რასაც უკეთებენ. და ყარს ის სიჩუმე, რაც მისი ოდესღაც თანამებრძოლებისგან ძალიან ხმამაღლა და ამორალურად ყვირის.











კომენტარები